ტრამპს "ყარაბაღში გასეირნება" იოლი ჰგონებია... - რა სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაა დაპირისპირების დაწყებიდან ერთი თვის თავზე - კვირის პალიტრა

ტრამპს "ყარაბაღში გასეირნება" იოლი ჰგონებია... - რა სამხედრო-პოლიტიკური ვითარებაა დაპირისპირების დაწყებიდან ერთი თვის თავზე

27 ოქტომბერს, ყარაბაღის მესამე ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, აზერბაიჯანულმა სადაზვერვო-დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატმა გზაზე დიდი სიჩქარით მოძრავი "უაზის" ტიპის მანქანა უზუსტესი სარაკეტო დარტყმით გაანადგურა. ამ სენსაციური ვიდეოკადრების გავრცელებისას ბაქომ განაცხადა, რომ მათ ისრაელის "მოსადის" სტილში წერტილოვანი საჰაერო დარტყმით ლიკვიდირება გაუკეთეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრს - ჯალალ არუთიუნიანს...

ერევანმა არ აღიარა მთიანი ყარაბაღის ასეთი მაღალი პირის დაღუპვა, იგი დაჭრილად გამოაცხადა და მისი შემცვლელი სასწრაფოდ გამოძებნა.

მაგრამ ყარაბაღის მესამე ომის დაწყებიდან ერთი თვის პერიოდში ზემოხსენებული მოვლენა მთავარი არ ყოფილა.

მთავარი ის არის, რომ აზერბაიჯანის არმიამ ნელ ტემპში, მაგრამ მაინც მოახერხა სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება, მათ შორის - სამხრეთის მიმართულებით და ბაქომ მთლიანად დაიბრუნა აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვრის ის 132 კმ-იანი მონაკვეთი, რომელსაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა.

დღეს აზერბაიჯანული არმიის შეტევის მთავარი მიმართულება სამხრეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის მიზნით, რისი შესრულების შემთხვევაში, სტეფანაკერტი და შუშა ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდებიან. ეს, პრინციპში, გადაწყვეტს კიდეც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის შემდგომ ბედს. თუმცა აზერბაიჯანის გენერალიტეტს, რომელსაც დიდი ალბათობით კონსულტაციას ბევრად უფრო გამოცდილი თურქი გენერლები უწევენ, რამდენიმე სერიოზული წინაღობა ექმნება.

პირველი - ბრძოლების თეატრმა მთაგორიან რელიეფზე გადაინაცვლა და ხეობაში შეტევა ბევრად უფრო რთული და საშიშია, ვიდრე გაშლილ ველზე.

მეორე - სამხრეთის მიმართულებით მიღწეული წარმატების შემდეგ აზერბაიჯანის საარმიო დანაყოფები უშუალოდ მიადგნენ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს და როდესაც ჩრდილოეთით უტევენ ლაჩინის დერეფანს, მათ დასავლეთის მხრიდან, უშუალოდ სომხეთის ტერიტორიიდან, სომხური არტილერია ბომბავს. თუკი აზერბაიჯანელები საპასუხო, კონტრსაბატარეო ცეცხლს გაუხსნიან სომეხ "კოლეგებს" და ჭურვები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე აფეთქდება, ერევანი მზადაა მთელ მსოფლიოს მოსდოს აზერბაიჯანის შეტევის დაწყება სომხეთზე და რუსეთისგან კატეგორიულად მოითხოვოს "ო-დე-კა-ბეს" ხელშეკრულების ამოქმედება კოლექტიური თავდაცვის სახით.

სხვათა შორის, ლაჩინის დერეფნის სიახლოვეს, სომხეთის საზღვრის შიგნით, რუსეთმა პატარა სამხედრო დანაყოფი გადაისროლა, რომელიც, მართალია, აზერბაიჯანული არმიის შესაჩერებლად ვერ გამოდგება, მაგრამ მისმა წევრებმა მთაზე რუსეთის ფედერაციის უზარმაზარი დროშები ააფრიალეს, რითიც ბაქოს მიანიშნეს, რომ იქ იწყება სომხეთის საზღვარი და რუსეთის ინტერესები.

მესამე - ზამთრის მოახლოებასთან ერთად ამინდიც გაფუჭდება, მთებში თოვლს დადებს და შეტევითი სახმელეთო ოპერაციების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დავარდება, ხოლო ნისლი, ღრუბლები და წვიმა ნაკლებეფექტიანს გახდის აზერბაიჯანის მთავარი კოზირის - უპილოტო ავიაციის გამოყენებას.

ვიდრე ყარაბაღში ომი მიმდინარეობს, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინაასაარჩევნოდ ქულების ჩაწერა მოინდომა (ძირითადად, აშშ-ის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების თვალში) და განაცხადა, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარება მისთვის ძალიან იოლია...

მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოცხადებულმა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მორიგმა შეთანხმებამ ათიოდე წუთიც კი არ იმუშავა...

ამაზე პრეზიდენტმა ტრამპმა გულისწყრომა გამოხატა, თუმცა ის დაავიწყდა, რომ "ყარაბაღში გასეირნება" იოლი საქმე არ არის და  ამით ქულების ჩაწერას მოსკოვი ვაშინგტონს არ დაანებებს...

ყარაბაღში ომი გაგრძელდება, რადგან ბაქოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური შანსი გაუჩნდა, ერევნისთვის კი მთიან ყარაბაღზე კონტროლის დაკარგვა დიდ პოლიტიკურ ფიასკოდ აღიქმება, თუმცა... ყარაბაღისთვის ბრძოლებში თავად სომხეთის, როგორც სახელმწიფოს სიძლიერის მნიშვნელოვნად შემცირებაც და ამდენი მსხვერპლიც, არ უნდა იყოს ერევნის მთავარი მიზანი...

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდე: ჯალალ არუთიუნიანის მანქანის აფეთქების მომენტი