უპილოტოების "სამშობლო" თბილისიც ყოფილა - კვირის პალიტრა

უპილოტოების "სამშობლო" თბილისიც ყოფილა

"ბევრს არ ეცოდინება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი უპილოტო თვითმფრინავის სერიული წარმოება ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო"

მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი უპილოტო თვითმფრინავის სერიული წარმოება ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო...

21-ე საუკუნის ომებმა, განსაკუთრებით კი ყარაბაღის მესამე ომის პირველმა თვემ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ თანამედროვე ომებში უპილოტო საფრენი აპარატების როლი განსაკუთრებულად გაიზარდა. უპილოტო თვითმფრინავს, იმავე დრონს, საბრძოლო მოქმედებების ზონაში შეუძლია შეასრულოს როგორც სადაზვერვო, ისე დამრტყმელი ფუნქცია და, ამასთან, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დემორალიზაციაც გამოიწვიოს. ის, ვინც ერთხელ მაინც ნახავს ყარაბაღის ომის ვიდეოკადრებს, სადაც კამიკაძე-დრონები ზუსტად პიკირებენ მოწინააღმდეგის ჯარისკაცებზე, ფრონტის ხაზზე მოხვედრისას მუდამ შიშით დაიწყებს ცაში ყურებას.

უპილოტოები ამ საუკუნის გამონაგონი როდია - ისინი მე-20 საუკუნის შუახანებში "დაფრთიანდნენ".

ბევრს არ ეცოდინება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი უპილოტო თვითმფრინავის სერიული წარმოება ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო.

1960-იან წლებში თბილისში МиГ-21У ტიპის სასწავლო-საბრძოლო გამანადგურებლების გარდა აწყობდნენ Ла-17М ტიპის უპილოტო თვითმფრინავებსაც. ამ უპილოტოების მთავარი დანიშნულება გახლდათ, შეესრულებინათ საჰაერო სამიზნის როლი. დრონი სტარტს კატაპულტის საშუალებით იღებდა, რის შემდეგაც მას ავტოპილოტი მართავდა; ჰქონდა რეაქტიული ძრავა და 900 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც კი შეეძლო. არცთუ იშვიათად, როდესაც უპილოტო სამიზნეს ჭურვის ან რაკეტის ნამსხვრევი მოხვდებოდა, მისი ავტოპილოტი მწყობრიდან გამოდიოდა, რის შემდეგ მართვადაკარგული თავის ნებაზე აგრძელებდა ფრენას და ზოგჯერ პოლიგონის საზღვრებიდანაც გადიოდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

თბილისის საავიაციო ქარხანაში 886 Ла-17М ტიპის უპილოტო სამიზნე აიწყო, რაც დღეის გადმოსახედიდან ძალიან დიდი ციფრია.

უპილოტო თვითმფრინავები დამოუკიდებელი საქართველოს განკარგულებაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოჩნდა, როდესაც ისრაელისგან იყიდეს "ჰერმესისა" და სხვა მოდელის დრონები, ომის შემდეგ კი სცადეს, "დელტაში" ესტონური უპილოტოების წარმოება დაეწყოთ.

ერთი თვის წინ საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიძინა ესპანური წარმოების ორი ტიპის როგორც თვითმფრინავის, ისე კვადროკოპტერის კონსტრუქციის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაც მხოლოდ სადაზვერვო ფუნქცია აქვს.

ქართულ არმიას სადაზვერვო უპილოტოების გარდა, ჰაერივით სჭირდება დამრტყმელი, მათ შორის - კამიკაძე-დრონებიც, რომელთა სერიული წარმოება თბილისში შესაძლებელია, ოღონდ საჭიროა მონდომება.

ირაკლი ალადაშვილი