გაერომ კადაფი ბოლოს და ბოლოს დასაბომბად გაიმეტა - კვირის პალიტრა

გაერომ კადაფი ბოლოს და ბოლოს დასაბომბად გაიმეტა

მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის თავზე საჰაერო სივრცე კადაფის რეჟიმის ავიაციისთვის არასაფრენ ზონად გამოაცხადა, მსოფლიოში ერაყისა და ავღანეთის შემდეგ კიდევ ერთი მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების არეალი გაჩნდა.

19 მარტს, საღამოს, სანამ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებას მართავდა, ფრანგული "მირაჟები" და "რაფალები" ლიბიის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ და ქალაქ ბენღაზის თავზე საჰაერო პატრულირება დაიწყეს. რამდენიმე წუთში ფრანგულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა პირველი საჰაერო დარტყმა მიაყენეს ბენღაზის მიმართულებით შეტევაზე გადასულ კადაფის მომხრე სამხედროების სატანკო დანაყოფს და ოთხი ტანკი ააფეთქეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ავიაციის წერტილოვანი საჰაერო დარტყმები გაგრძელდება პოლკოვნიკ კადაფის ერთგული სამხედრო ნაწილების, აეროდრომების, საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მართვის პუნქტებისა და თავად კადაფის შესაძლო ადგილსამყოფლის მიმართულებით. ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტში და კადაფის მთავარ რეზიდენციასთან პოლკოვნიკის რეჟიმის მომხრეები შეიკრიბნენ, რათა არ დაუშვან ამ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა კოალიციის ავიაციის მიერ.

გაეროს უშიშროების საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება ლიბიაში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა, როდესაც კადაფის საბრძოლო შენაერთებმა ხმელეთზე თითქმის სრულად შეავიწროეს ამბოხებულები და მათ ბოლო მნიშვნელოვან ქალაქს - ბენღაზსაც მიუახლოვდნენ.

კადაფის სამხედროების წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა მათმა სრულმა უპირატესობამ ჰაერში და ამბოხებულების შეიარაღებაში არსებული საზენიტო საშუალებების მცირე საბრძოლო შესაძლებლობებმა (ამაზე დაწვრილებით "კვირის პალიტრის" გასულ ნომერში ვწერდით).

NATO-ს გენერლები ცდებიან, თუკი სჯერათ, რომ ლიბიის ცაში უშიშრად ინავარდებენ, რადგან კადაფის განკარგულებაშია რამდენიმე ათეული გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავი (მათ შორის Миг-25-ები) და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (ფრანგულ თვითმავალ "კროტალების" ჩათვლით).

პოლკოვნიკი კადაფი ერთი წუთითაც არ დაფიქრდება და ცეცხლს გაუხსნის  NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებს, მით უმეტეს, რომ იგი ლიბიის ცაში გამოჩენილი სამოქალაქო ლაინერების ჩამოყრითაც იმუქრება.

გაეროს სანქცია არ ითვალისწინებს ლიბიის სახმელეთო ოკუპაციას, ჩანს, აშშ-სა და  NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებს სახმელეთო ოპერაციების ჩატარებისას ამბოხებულების იმედი აქვთ, რისთვისაც ვაშინგტონის თანხმობით ეგვიპტემ უკვე დაიწყო ლიბიელი ამბოხებულებისათვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია-წამლის მიწოდება.