177 კმ "კავკასიურ ფუკუსიმამდე"? - კვირის პალიტრა

177 კმ "კავკასიურ ფუკუსიმამდე"?

იაპონური ატომური ელექტროსადგურის, "ფუკუსიმა-1"-ის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 11 მარტის 9-ბალიანმა მიწისძვრამ მწყობრიდან გამოიყვანა ატომური რეაქტორების ელექტრომომარაგება, ხოლო მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამმა ოკეანის პირას აშენებული ატომური ელექტროსადგურის სარეზერვო დიზელის გენერატორები წალეკა.

თავდაპირველად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ელექტროდენის წყაროს როლს საავარიო ბატარეები ასრულებდა, მაგრამ მათი დაცლის შემდეგ დენი საერთოდ გაეთიშათ რეაქტორების გაცივების სისტემის წყალსაქაჩებს. იაპონელები იძულებული გახდნენ, რეაქტორების გაცივების სისტემაში ზღვის წყალი გემებიდან, შვეულმფრენებიდან და სახანძრო მანქანებიდან ესხათ, თანაც, მზარდი რადიაციის ფონზე; რადიაციის გაზრდა გაცივების გარეშე დარჩენილმა რადიოაქტიურმა საწვავმა გამოიწვია, რომელზეც კრიტიკულად მოიმატა ტემპერატურამ, რასაც საცავებში წყალბადის დაგროვება და მისი შემდგომი აფეთქება, აფეთქებებს კი - ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერებების გაბნევა მოჰყვა...

დაახლოებით ამ სქემით მიმდინარეობდა მოვლენები ფუკუსიმას რეაქტორზე 12-დან 18 მარტის (როდესაც ეს სტატია იწერებოდა) ჩათვლით. თუკი სპეციალისტებმა არ აღადგინეს გაცივების სისტემის ფუნქციონირება, უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფა გარდაუვალია...

ფუკუსიმადან თბილისამდე პირდაპირი ხაზით 4800კმ-ზე მეტია და წარმოუდგენელია, საშიშმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა საქართველომდე მოაღწიოს.

თუმცა მთლად თავის დამშვიდებაც არ ღირს. თბილისიდან სულ რაღაც 177კმ-ით არის დაშორებული სერიოზული ბირთვული საშიშროება, რომელიც საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის პოტენციურად უფრო საშიშია, ვიდრე უკრაინული ჩერნობილი თუ იაპონური ფუკუსიმა.

ლაპარაკია სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქ. მეწამორთან 1976 წლის ბოლოს ამუშავდა. პირველ ატომურ რეაქტორს 1980 წელს მეორეც შეუერთდა. იგეგმებოდა მესამე და მეოთხე ატომური ენერგობლოკების ამუშავებაც, მაგრამ 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, საბედნიეროდ, ამ განზრახვაზე ხელი აიღეს.

1988 წლის 7 დეკემბერს სპიტაკში 7 ბალზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა გაუძლო, თუმცა მოსკოვში მაინც მიიღეს გადაწყვეტილება სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაჩერების შესახებ. 1989 წელს ორივე რეაქტორმა მუშაობა შეაჩერა. 1995 წელს ეკონომიკურ ბლოკადაში აღმოჩენილმა უკვე დამოუკიდებელმა სომხეთმა ერთი ატომური რეაქტორი აამუშავა. ეს ატომური ენერგობლოკი სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს გამოიმუშავებს და მისი დახურვა მხოლოდ 5 წლის შემდეგაა ჩაფიქრებული.

ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამ  ერთადერთმა  ატომურმა რეაქტორმა მთელ სამხრეთ კავკასიას და თურქეთ-ირანს შეიძლება შეუქმნას, ისევ მძლავრ მიწისძვრას დაუკავშირდება. მიწისძვრამ შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს რეაქტორის გაცივების სისტემა, ისევე, როგორც იაპონურ რეაქტორებზე, მაგრამ ოკეანის პირას განთავსებული ფუკუსიმასაგან განსხვავებით, სომხეთის მთებში ამდენი წყლის მოძიება შეუძლებელი იქნება.

სეისმოაქტიურ ზონებში ატომური რეაქტორების ფუნქციონირება ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოში ატომური ელექტროსადგურის ამუშავებას.