ვინც ფლობს შუშას, ის ფლობს ყარაბაღს...
ვინც ფლობს შუშას, ის ფლობს ყარაბაღს...
შუშის ისტორიული ციხესიმაგრის აღება ყარაბაღის მესამე ომის ბედს გადაწყვეტს...

7 ნოემბერს ქართლ-კახეთის სასიქადულო მეფეს, ერეკლე მეორეს დაბადებიდან 300 წელი შეუსრულდა, მაგრამ ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ისტორია სპირალურად ვითარდება. იქ, ყარაბაღში, შუშის ციხესიმაგრესთან მე-18 საუკუნის შუა ხანებში არაერთხელ ნაომარი ერეკლე მეორის ნაკვალევზე დღეს 21-ე საუკუნის სასტიკი ომი მიმდინარეობს, თუმცა მიზანი იგივეა - შუშის აღება...

"ვინც ფლობს შუშას, ის ფლობს ყარაბაღს" - ეს ისტორიული გამონათქვამი აქტუალურია ტანკებისა და უპილოტო კამიკაძეების საუკუნეშიც,
რადგან სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების აღება და გზების გაკონტროლება ისევე მნიშვნელოვანია დღევანდელი საბრძოლო ოპერაციების წარმატებით განსახორციელებლად, როგორც სამი საუკუნის წინ იყო, ამიტომაც შუშის დასაცავად სომხები უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძვიან, აზერბაიჯანელები კი ძალ-ღონეს არ იშურებენ ქალაქში შესაღწევად.


შუშა რაღაცით ჩვენს სიღნაღს წააგავს - ტაფობში აშენებული ციხესიმაგრის ქვემოდან
ზემოთ დალაშქვრა ძალიან რთული იყო როგორც ცხენოსნებისთვის, ასევე ჯავშანმანქანებზე მსხდომთათვის. ყველაფერს მაინც ქვეითი მებრძოლი წყვეტს, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა გადავიდეს შეტევაზე.
ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს შუშასა და სტეფანაკერტთან, იმავე ხანკენდთან აკავშირებს, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს, რადგან აზერბაიჯანულმა ტაქტიკურმა ჯგუფებმა ის რამდენიმე ადგილას გამოთოფეს და ამ გზაზე გადაადგილება სომხებისთვის ძალზე სახიფათო გახდა, მაგრამ ამ გზის ბლოკირების მიუხედავად, შუშისა და სტეფანაკერტის დამცველებს კიდევ დარჩათ რესურსი, რომ თავდაცვითი ბრძოლები გააგრძელონ რამდენიმე კვირა მაინც, სანამ ყარაბაღში ამინდი აირევა და თოვლი მოვა, რაც აზერბაიჯანული დრონებისა და ჯავშანტექნიკის წარმატებულ შეტევებს შეაფერხებს.

ამიტომაც ოფიციალური ბაქო ძალიან ჩქარობს. ნახიჭევანის ავტონომიური ოლქიდან, სადაც აზერბაიჯანელებს არანაკლებ 20-ათასიანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავთ შემონახული, თვითმფრინავებით თურქეთისა და საქართველოს საჰაერო გზების გავლით ყარაბაღის ფრონტის ხაზზე სპეცდანიშნულების დანაყოფები გადაისროლეს, რომლებმაც შუშას მარცხნიდან და მარჯვნიდან ალყა უნდა შემოარტყან ქალაქში შესაღწევად და ქუჩის ბრძოლების დასაწყებად.
შუშის აღება მოასწავებს სტეფანაკერტის სწრაფ კაპიტულაციას, რადგან იქ სამხრეთიდან შეტევაზე გადასული მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად ასეთი ბუნებრივი თავდაცვის ზღუდეები არ არის.

მეორე მხრივ, ფოთოლცვენა და ზამთრის მოახლოება სომხურ მხარეს პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შენიღბვის პრობლემას დაუმატებს, რადგან შუშის დამცველები ჯერჯერობით ძალზე კარგად იყენებენ ტყეში დამალვის ტაქტიკას და მოულოდნელად ესხმიან თავს შუშის მიმართულებით აღმართზე მიმავალ მოწინააღმდეგის ტაქტიკურ ჯგუფებსა თუ მათ მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანებს.

სომეხმა სამხედროებმა ომის განახლებიდან ერთი თვის შემდეგ მეტ-ნაკლებად დახვეწეს აზერბაიჯანის კუთვნილი თურქული და ისრაელის წარმოების სადაზვერვო-დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის მეთოდები, რაშიც ერევანს, ალბათ, ისევ რუსული მხარე დაეხმარა დრონებთან რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალური აპარატურით, რადგან რუსეთის გენშტაბისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყარაბაღის ცაში დახვეწოს პოტენციური მოწინააღმდეგის თანამედროვე უპილოტოების დაზიანება-ჩამოგდების მეთოდები.

9 ნოემბერს, ორშაბათს, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი გამოვა, აზერბაიჯანი საზეიმოდ აღნიშნავს სახელმწიფო დროშის დღეს და ძალიან ეცდება, მათი სახელმწიფოს სიმბოლო ამ დროისთვის უკვე შუშის ციხესიმაგრეზე ფრიალებდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები