ბაგრამიანის ბატალიონიდან ყარაბაღში...
ბაგრამიანის ბატალიონიდან ყარაბაღში...
"აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ მოქმედი ბაგრამიანის ბატალიონის ვეტერანების ნაწილი ყარაბაღში აზერბაიჯანელებთან საბრძოლველად ჩავიდა..."

აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა ახრა ავიძბამ სოციალური ქსელით მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ 6 ნოემბერს სოჭიდან ერევანში ჩაფრინდა აფხაზეთში მცხოვრები სომხების 23-კაციანი ჯგუფი, რომელიც ყარაბაღში თანამოძმეებს უნდა ამოუდგეს გვერდში, ანუ ყარაბაღში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ იმ ადამიანებმა, რომელთა ნაწილი 27 წლის წინ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონში იყო და ქართველებს ებრძოდა აფხაზეთში...

ორი ათეული კაცი, თანაც - ვეტერანი ფრონტის ხაზზე
ამინდს ვერ შექმნის, მით უმეტეს, რომ მათ ომის დაწყებიდან მხოლოდ მეორმოცე დღეს `გამოიღვიძეს~, როდესაც ყარაბაღის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ აქ მთავარია პროპაგანდისტული ნაბიჯი - თუკი სამი ათეული წლის წინ სომეხი ეროვნების ადამიანთა ნაწილი აფხაზებს სეპარატისტული მიზნების მიღწევაში ეხმარებოდა, ახლა უკვე აფხაზეთში მცხოვრები სომხები ყარაბაღის ომში
აფხაზებთან ერთად დაეხმარებიან თანამოძმეებს...

საგულისხმოა, რომ 1993 წლის დასაწყისში მარშალ ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი შეიქმნა იმ ადამიანებისგანაც, რომელთაც აფხაზეთში ერთი დღეც არ უცხოვრიათ, თუმცა უკვე ჰქონდათ ყარაბაღის პირველი ომის გამოცდილება.

1993 წლის 9 თებერვალს შექმნილი ბაგრამიანის სახელობის მოტომსროლელი ბატალიონის საბრძოლო ნათლობა ერთ თვეში, 15-16 მარტს გუმისთის ხიდის მიმართულებით სოხუმზე იერიშისას შედგა და ფიასკოთიც დამთავრდა - ქართველი არტილერისტების ზუსტი ცეცხლის შედეგად გუმისთის მარცხენა სანაპიროზე ბაგრამიანის ბატალიონის ათობით წევრი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა.

დიდი საბრძოლო დანაკარგის შესავსებად გაგრაში მეორე სომხური ბატალიონიც ჩამოყალიბდა და ორივემ აქტიური მონაწილეობა მიიღო სოხუმის აღებასა და კოდორის ხეობაზე შეტევაში.

აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი სომხების (როგორც ადგილობრივების, ისე - სომხეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან ჩასულების ჩათვლით) რაოდენობამ 1 500-ს გადააჭარბა. მათგან ორასზე მეტი დაიღუპა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების მხარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხებიც იბრძოდნენ, თუმცა მათ სამხედრო დანაყოფი არ ჩამოუყალიბებიათ და მათი რაოდენობაც მცირე იყო.

ბაგრამიანის ბატალიონის წევრები მონაწილეობდნენ 1998 წლის გალის მოვლენებშიც, როდესაც იქ ქართველების ათობით სახლი დაიწვა.
2001 წელს, როდესაც რუსლან გელაევის ჩეჩნური რაზმი ბრძოლებით მიიწევდა სოხუმისკენ, ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები მის წინააღმდეგაც აამოქმედეს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბაგრამიანის ბატალიონის ვეტერანებმა გარკვეული როლი ითამაშეს კოდორის ხეობის დაპყრობაშიც.
ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანი სომხების ჯგუფი ყარაბაღში საბრძოლველად სწორედ რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ - სოჭის აეროპორტიდან გაფრინდა, ოფიციალურ ბაქოს კარგ საბაბს აძლევს, ერევანი რუსეთიდან უცხოელი მებრძოლების ჩაყვანაში დაადანაშაულოს.

ყარაბაღის ომში თანამემამულეების დასახმარებლად ერთთვიანი ფიქრის შემდეგ `დაძრულმა~ ბაგრამიანის ბატალიონის ვეტერანებმა კი თბილისს გადაუფრინეს.