რუსული სამხედრო პლაცდარმები სამხრეთ კავკასიაში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგა - კვირის პალიტრა

რუსული სამხედრო პლაცდარმები სამხრეთ კავკასიაში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგა

სანამ საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს "ჭამს", სამხრეთ კავკასიაში ყველაფერი თავდაყირა დადგა

თვენახევრიანმა ყარაბაღის ომმა (ყარაბაღის პირველი ომი 1994 წელს დასრულდა, მეორე კი, 2016 წლის აპრილის, ისტორიაში "ოთხდღიანი ომის" სახელით ჩაიწერა) კარდინალურად შეცვალა სამხედრო პოლიტიკური ბალანსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მაშინ, როდესაც სომხების 26-წლიანი "გამარჯვების იმიჯმა" სრული ფიასკო განიცადა, ხოლო აზერბაიჯანელები წარმატებულ შურისძიებას ზეიმობენ, რუსეთმა კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ - მთიან ყარაბაღში ახალი რუსული სამხედრო პლაცდარმის შექმნით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ერთადერთ ქვეყანად რჩებოდა, სადაც რუსული სამხედრო ბაზები არ იყო განთავსებული, თუმცა გაბალაში 2012 წლამდე ფუნქციონირებდა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის ზეჰორიზონტალური რადიოლოკაციური სადგური, რომელსაც 6 ათასი კმ-ის სიშორეზე, ინდოეთის ოკეანის თავზე შეეძლო წყალქვეშა ნავებიდან განხორციელებული ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული დაფიქსირება.

2012 წელს ეს სადგურიც დაიხურა, რადგან მოსკოვი და ბაქო ვერ შეთანხმდნენ არენდის თანხაზე (წელიწადში 300 მლნ დოლარის გადახდა მოსკოვს მეტისმეტად ბევრად მოეჩვენა) და ეს რუსული სამხედრო ობიექტიც ლიკვიდირებული იქნა აზერბაიჯანში.

საერთოდ, სამხრეთ კავკასია, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ყველა ამიერკავკასიას ეძახდა, ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული რეგიონი გახლდათ მთელ მსოფლიოში.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირის გენერალიტეტი სერიოზულად უფრთხოდა ნატოს წევრ ქვეყნებში სიდიდით მეორე, თურქეთის შეიარაღებული ძალების მე-3 საველე არმიის შემოტევას სამხრეთ კავკასიისკენ, ცივი ომის ცხელ ფაზაში გადასვლის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი სიძლიერით გამოირჩოდა, საბჭოთა გენშტაბის მაშინდელ საიდუმლო ოპერატიულ გეგმებში დაშვებული იყო, რომ ამიერკავკასიაში შეტევაზე გადმოსული ნატოს ჯარების წარმატების შემთხვევაში, ძირითადი ბრძოლები კავკასიის ქედის ჩრდილოეთით გაიმართებოდა, რისთვისაც როკის გვირაბის, ასევე, აფხაზეთსა და აზერბაიჯანზე გამავალი სამანქანო და სარკინიგზო მაგისტრალების აფეთქებაც იყო ჩაფიქრებული.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე, 1990 წლისთვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიოდა მე-4 საერთო საჯარისო (დისლოცირების ადგილი აზერბაიჯანი), მე-7 გვარდიული საერთო საჯარისო (განთავსების ადგილი სომხეთი) არმიები და 31-ე საარმიო კორპუსი საქართველოს ტერიტორიაზე.

საერთო ჯამში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მსახურობდა 200 ათასამდე სამხედრო, ხოლო შეირაღებაში იყო 1,5 ათასი ტანკი, 2,5 ათასი შეჯავშნული საბრძოლო მანქანა, ათასზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 250 საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი ტექნიკის დიდი ნაწილი თავის ტერიტორიაზე გაიტანა, ნაწილიც დამოუკიდებლობამოპოვებულ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს ერგოთ (ყველაზე მეტი აზერბაიჯანის არმიას დარჩა, არანაკლები - სომხეთს, ყველაზე ცოტა კი - საქართველოს), დანარჩენი იმ ყოფილ საბჭოთა სამხედრო ნაწილებში გადანაწილდა, რომლებმაც ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების სტატუსი მიიღეს.

ასეთად იქცა სომხეთში გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელიც საბჭოთა 127-ე მოტომსროლელი დივიზიის ბაზაზე შეიქმნა.

მთიანი ყარაბაღის პირველ ომში, სომხეთისთვის რუსი სამხედროების ღია მხარდაჭერის გამო, რუს გენერლებს აზერბაიჯანში აღარ დაედგომებოდათ და ამიტომაც იქ რუსული სამხედრო ბაზა აღარ შექმნილა (გაბალის რადიოლოკაციური სადგურის გარდა, რის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკეთ).

სამაგიეროდ, რუსეთმა საქართველოში სამი სამხედრო ბაზა დაიტოვა - ბათუმში მე-12 (ყოფილი 145-ე მოტომსროლელი დივიზია), ახალქალაქში 62-ე (ყოფილი 147-ე მოტომსროლელი დივიზია) და უშუალოდ დედაქალაქ თბილისთან, ვაზიანში 137-ე (ყოფილი 171-ე გვარდიული საოლქო სასწავლო ცენტრი).

1993 წლის დასაწყისში ყოფილ საბჭოთა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს მოსკოვმა სახელი გადაარქვა და უწოდა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფი, რომლის სამხედროების რაოდენობა 25 ათასს აღწევდა, აქედან 20 ათასი სამხედრო - საქართველოში, ხოლო 5 ათასი კი - სომხეთში იყო განთავსებული.

1999 წლის სტამბულის სამიტზე ოფიციალური თბილისის კატეგორიული მოთხოვნისა და დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, კრემლი დათანხმდა საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანას, მაგრამ ეს პროცესი ყველანაირად გააჯანჯლა 2007 წლის შემოდგომამდე, როდესაც ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია.

თუმცა საქართველოში დარჩნენ ცხინვალის რეგიონში, ასევე - გალის რაიონსა და სამეგრელოში განთავსებული ე.წ. რუსი სამშვიდობოები, რომელთა შემოყვანაზეც თავის დროზე ქართულ მხარეს თანხმობა ჰქონდა გაცემული.

სწორედ ამ, ე.წ. რუსმა ცისფერჩაფხუტიანებმა თავისი, უკიდურესად უარყოფითი როლი შეასრულეს აგვისტოს ომის დროს და მთავარ დასაყრდენ პლაცდარმად იქცნენ საქართველოს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შემოჭრილი რუსეთის არმიის რეგულარული საბრძოლო შენაერთებისთვის.

აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ ამ, ე.წ. სამშვიდობოების ბაზების გაფართოების საშუალებით მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნა ორი ძლიერი სამხედრო პლაცდარმი - აფხაზეთში მე-7, ხოლო ცხინვალის რეგიონში კი მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზების სახით. აფხაზეთში მე-7, ხოლო ცხინვალის რეგიონში კი მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზები

გიუმრიში 102-ე სამხედრო ბაზის ჩათვლით, 2008 წლის შემდეგ კრემლმა, ფაქტობრივად, დაიბრუნა ის სამხედრო პლაცდარმები, რაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში, თუმცა გამონაკლისად რჩებოდა აზერბაიჯანი.

თვენახევრიანი ყარაბაღის ომის შეჩერებისა და კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო დანაყოფების გადასროლით მოსკოვი, ფაქტობრიავად, აღადგენს სამხედრო პლაცდარმს აზერბაიჯანშიც.

ყარაბაღში ჩაყვანილი ორიათასამდე რუსი სამხედრო და ასამდე ჯავშანტრანსპორტიორი, ათიოდე შვეულმფრენის ჩათვლით, სიძლიერით მართალია ვერ შეედრება გიუმრისა თუ ოკუპირებული აფხაზეთის რუსულ სამხედრო ბაზებს, მაგრამ ერთი ფეხმოკიდების შემდეგ მოსკოვს შეეძლება, მუდმივად გააძლიეროს ყარაბაღში თავდაპირველად, სამშვიდობო მისიის საფარქვეშ ჩაყვანილი სამხედრო ძალა...

ოფიციალური ბაქო გულის სიღრმეში არ იქნება აღფრთოვანებული რუსი სამხედროების მის ტერიტორიაზე განთავსებით, მაგრამ, როგორც ჩანს, თავდაპირველი საიდუმლო შეთანხმება მოსკოვსა და აზერბაიჯანს შორის, როდესაც პუტინმა მწვანე აუნთო ალიევს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად, იმასაც ითვალისწინებდა, რომ ყარაბაღიდან სომხები ბოლომდე არ გაერეკათ და მათი დაცვის მოტივით, იქ რუს სამხედროებს სამფეროვანი რუსული დროშაც აეფრიალებინათ...

(სპეციალურად საიტისთვის)