შეიძლება თუ არა მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა ბირთვული აფეთქებით? - კვირის პალიტრა

შეიძლება თუ არა მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა ბირთვული აფეთქებით?

ცნება "გეოფიზიკური ომებისა", ახალი არ გახლავთ, იგი XX საუკუნის 60-იან წლებში დამკვიდრდა სამხედრო მეცნიერებაში. ორი ათეული წლის შემდეგ "გეოფიზიკური ომების" შესაძლებლობა სრულ რეალობად იქცა და სამხედრო საქმეში გამოჩნდა "გეოფიზიკური იარაღის" ნაირ-ნაირი სახეობა.

ამ იარაღის ამოქმედებით მოწინააღმდეგეს შეუძლია გამოიწვიოს ხელოვნური მიწისძვრა, კოკისპირული წვიმა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, უძლიერესი ცუნამის დამანგრეველი ზვირთები ზღვებსა და ოკეანეებში, რომელთაც შეუძლია სანაპიროს დიდი ფართობის წალეკვა...

"გეოფიზიკური ომები" გულისხმობს ლითოსფეროში, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროში _ ჩვენი პლანეტის მყარ, თხიერ და გაზისებრ გარემოში _ მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ და სხვა ბუნებრივ პროცესებზე ხელოვნურ ზემოქმედებას, ანუ სამხედრო მიზნებისთვის (მოწინააღმდეგისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად) ხდება უშუალოდ ბუნებრივი გარემოს თვისებების პროვოცირება.

რამდენიმე ქვეყანა (მათ შორის რუსეთი და აშშ-ი), რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და მისი მოდერნიზაციის უახლეს ტექნოლოგიებს, ინტენსიურად სწავლობს სეისმური ტალღების წარმოქმნის და გავრცელების ბუნებას მიწისქვეშა და წყალქვეშა ბირთვული აფეთქებების დროს.

რეალურად დამტკიცებულია, რომ მიწის ქვეშ ატომური თუ წყალბადის ბომბების აფეთქებისას შესაძლებელია შერჩეულ რეგიონში გარკვეული სიმძლავრის მიწისძვრის წარმოქმნა, ხოლო სეისმურად ისედაც აქტიურ ზონაში უფრო დიდი ძალის ხელოვნური მიწისძვრის პროვოცირება.

გარდა ამისა, თავის დროზე ჩატარდა ექსპერიმენტები მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებისას გამოყოფილი ენერგიის გარკვეულ მხარეს მისამართად. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს მეტწილად დამოკიდებულია არა მარტო ბირთვული მუხტის სიძლიერესა და თავად აფეთქების განხორციელების მეთოდებზე, არამედ აფეთქების ადგილიდან მიწისძვრის დანიშნულების რაიონამდე ქანების ტიპებსა და განლაგებაზე.

კლდოვან ქანებში სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე წამში 5 კმ-ს აღწევს, ხოლო რბილ ქანებში _ 0,3 კმ/წმ-მდე ეცემა. დამანგრეველი ეფექტი გამოწვეულია გრუნტში მაღალი დაძაბულობის წარმოქმნით, რთული რხევებით, რომელთა აჩქარება და განსაკუთრებით კი რხევის ტალღის ამპლიტუდა ძალიან დიდია.

სეისმურად საშიშ რეგიონებში შეიძლება თავად აფეთქებით გამოწვეული სეისმური ტალღა იმდენად საშიში არ იყოს, რამდენადაც ამ ტალღის მიერ პროვოცირებული მიწისძვრა.

დღეს არსებული დაზვერვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემების საშუალებით სულ მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა აფეთქებებიც კი ფიქსირდება. ამიტომაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ რომელიმე სახელმწიფოს შეეძლოს ფარულად გამოიყენოს "გეოფიზიკური იარაღი" ხელოვნური მიწისძვრის გამოსაწვევად.

სწორედ ამიტომაც მიღებულ იქნა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებისა, მათ შორის 1977 წლის კონვენცია, რომელიც კრძალავს ისეთი იარაღის სახეობების გამოყენებას, რომლებიც ზემოქმედებენ ბუნებრივ პროცესებზე და იწვევენ მის სტრუქტურულ ცვლილებებს.

ხელოვნური მიწისძვრების მოწყობა საბჭოთა კავშირს აშშ-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი "ცივი ომის" პერიოდში არაერთგზის შეეძლო, მაგრამ ყოველთვის ეშინოდა საპასუხო ქმედებისა. სწორედ ეს საპასუხო, გარდაუვალი, შურისძიების საშიშროება აჩერებდა ათწლეულების განმავლობაში ზესახელმწიფოებს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოეყენებინათ მასობრივი განადგურების იარაღი.

თუმცა, КГБ-ს ყოფილი გენერლის კალუგინის (რომელიც ამჟამად აშშ-ს აფარებს თავს) აღიარებით, კრემლში თავის დროზე განიხილებოდა ამგვარი ვარიანტი: თუკი დაიწყებოდა ბირთვული ომი, საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავი კალიფორნიის ახლოს, ოკეანის სიღრმეში ააფეთქებდა მძლავრ თერმობირთვულ მუხტს, რომელიც გამოიწვევდა დამანგრეველ მიწისძვრას სეისმურად ისედაც აქტიურ ამ სანაპიროზე. ამასთან, წყალქვეშა აფეთქებებისას წარმოიქმნებოდა მძლავრი ცუნამი, რომელიც წალეკავდა აშშ-ის დასავლეთი სანაპიროს დიდ ნაწილს.

სამხედრო -ანალიტიკური ჟურნალი

”არსენალი”