ქართველებმა ვინ მოვიწვიოთ სამხედრო დახმარების იმედით? - კვირის პალიტრა

ქართველებმა ვინ მოვიწვიოთ სამხედრო დახმარების იმედით?

ყარაბაღის ომმა სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბალანსი "არია"...

ყარაბაღის თვენახევრიანი ომის დამთავრებიდან ორ კვირაში აზერბაიჯანი უბრძოლველად იბრუნებს კუთვნილ ოთხ რაიონს, რომლებსაც სომხები 26 წელზე მეტხანს აკონტროლებდნენ, მაგრამ ახლა უწევთ მათი ბრძოლის გარეშე დათმობა, რადგან ომში დამარცხდნენ.

აზერბაიჯან-სომხეთის ახლანდელი ომის შედეგები სცდება ორი მეზობელი ქვეყნის დავას და ეხება მთელ სამხრეთ კავკასიას, რადგან ამ "ორომტრიალში" ღრმად ჩაერთო რუსეთი და თურქეთი.

რუსეთმა კონფლიქტის რეგიონში ოპერატიულად გადაისროლა ორიათასკაციანი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი საშტატო შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით, რისთვისაც რუსულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ორასამდე საჰაერო რეისი შეასრულეს რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით. ეს მიუთითებს, რომ მოსკოვი წინასწარ ემზადებოდა ყარაბაღში თავისი სამხედროების ჩასაყენებლად, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ყარაბაღის მესამე ომის დაწყებამდე პუტინი და ალიევი საიდუმლოდ შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა სომხეთის მიერ დაპყრობილი აზერბაიჯანის შვიდი რაიონის სამხედრო ძალით გათავისუფლებას, თუმცა აზერბაიჯანის არმია არ უნდა შესულიყო უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ოლქის საზღვრებში, იქ მშვიდობის დაცვის საბაბით უნდა ჩამდგარიყვნენ რუსი სამხედროები.

საბრძოლო მოქმედებების პერიოდში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი სომხეთი დატოვებდა ჯერ ხუთ, შემდეგ კი ორ ოკუპირებულ რაიონს, ბაქო იერიშს შეაჩერებდა.

ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ გაცხარებული ბრძოლების დროს, როდესაც სომხეთის არმია უკან იხევდა, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს შესთავაზა ამ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დატოვება და სამაგიეროდ მთიანი ყარაბაღის შენარჩუნება, მაგრამ ოფიციალურმა სომხეთმა მოულოდნელად უარი შეუთვალა. ამის გამო აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღზეც განაგრძო შეტევა, აიღო ქალაქი შუშა და სტეფანაკერტიდან (ჰანკენდიდან) ორიოდე კმ-ში იდგა, როდესაც ფაშინიანი დათანხმდა პუტინის მოთხოვნას. სწორედ ამიტომ სომხეთს პირველ დეკემბრამდე მოუწევს შვიდიდან ბოლო ოთხი რაიონის გათავისუფლება (დანარჩენი რაიონები აზერბაიჯანის არმიამ ბრძოლით დაიბრუნა), ამასთან, გადაწყვეტილების დაგვიანების გამო მან დაკარგა გავლენა ქალაქ შუშაზე.

შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა თავისი შვიდი რაიონი და მთიანი ყარაბაღის ნაწილი ქალაქ შუშის ჩათვლით, თუმცა თავის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგენტის სახელით მიიღო რუსული სამხედრო პლაცდარმი.

ამ რეალობის გასანეიტრალებლად პრეზიდენტი ალიევი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო პლაცდარმის შექმნას სთანხმდება.

თურქეთის მეჯლისმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივას აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესახებ. მათ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მონიტორინგი დაევალებათ.

რუსეთი ეცდება, ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც თავისი სამხედროების შეყვანა უკვე მოასწრო, თურქი კოლეგები არ დაუშვას, მაგრამ მოსკოვი ვერაფრით შეუშლის ხელს ალიევ-ერდოღანის ჩანაფიქრს, განათავსონ თურქეთის არმიის დანაყოფები ყარაბაღის გარშემო, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ შვიდ რაიონში.

გამოდის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მოტივით ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ერთ თვეში გაჩნდა ორი ძლიერი ქვეყნის სამხედრო პლაცდარმები, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს მთელ სამხრეთ კავკასიაში.

როგორ მოამარაგებენ აზერბაიჯანში თავიანთ სამხედრო პლაცდარმებს რუსეთი და თურქეთი?

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტის ოპერატიულად გადასროლისთვის მოსკოვმა საჰაერო გზა გამოიყენა - ულიანოვსკიდან აფრენილი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო "ილები" ერევანთან, ერებუნის სამხედრო აეროდრომებზე ეშვებოდნენ.

რამდენიმე ასეთ რუსულ სატრანსპორტო "ილს" ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ნება მისცა, რაც ერევნისა და ბაქოს თხოვნით ახსნა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მფრენ საჰაერო ობიექტებს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის ნებას არ აძლევდა, ამიტომ ზემოხსენებულმა ფაქტმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, ეს ნებართვა მხოლოდ ორიოდე დღით იყო გაცემული, რადგან ახლა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები რუსეთიდან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით (ქალაქ განჯაზე გადაფრენით) ეშვებიან ერევანში, რაც ერთი თვის წინ წარმოუდგენელი გახლდათ, მაგრამ მალე შეიძლება ყარაბაღში დაფუძნებული თავისი სამხედრო პლაცდარმის ლოჯისტიკური მომარაგებისთვის რუსეთს აღარ დასჭირდეს ჯერ ერევანში ჩაფრენა, საიდანაც ყარაბაღამდე მისაღწევად სამასკილომეტრიანი რთული რელიეფის სახმელეთო გზის გავლა უწევს. საქმე ის არის, რომ ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან (ჰანკენდიდან) 7 კმ-ში მდებარეობს ჰოჯალის აეროპორტი, რომელიც სომხეთმა რვა წლის წინ აღადგინა, თუმცა მისი ამუშავება ვერ შეძლო, რადგან, ჯერ ერთი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ამის უფლება არ მისცა (ისევე, როგორც არ იძლევა ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო რეისების განხორციელების უფლებას) და მეორე - აზერბაიჯანმა დაიმუქრა, რომ ამ აეროპორტიდან აფრენილ პირველივე თვითმფრინავს ჩამოაგდებდა.

დღეს ამ აეროპორტს რუსული სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტი აკონტროლებს. აეროპორტის ასფალტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2 178 მ-ია, სიგანე - 45 მ, რაც ზოგიერთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მიღების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი რუსეთის გენერალიტეტს უადვილებს დამატებითი ძალებისა და შეიარაღების პირდაპირ ყარაბაღში (ერევნის გავლის გარეშე) ოპერატიულად გადასროლას.

ჩვენ აფხაზეთის ომის მწარე გამოცდილებით ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის ზონაში აეროდრომის კონტროლს - გუდაუთის ბამბორის სამხედრო აეროდრომი რუსეთმა შესანიშნავად გამოიყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაშლელად.

თურქული სამხედრო ბაზის (ბაზების) აზერბაიჯანში განთავსებისა და მათი ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის კი პრობლემა არ არსებობს, რადგან აზერბაიჯანში ბევრი ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომია, რომელთა ნაწილი ბოლო წლებში კაპიტალურად სწორედ თურქეთის დახმარებით გარემონტდა.

თუ ამას დაემატა აზერბაიჯან-ნახიჩევანის სახმელეთო და საჰაერო დერეფანი, რომელიც სომხეთის მეგრის რაიონზე გადის და რომლის ფუნქციონირების დაწყება გათვალისწინებულია ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი ხელშეკრულებით, მაშინ აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო გავლენის გაძლიერება გარანტირებულია, მით უმეტეს, რომ აქამდე არც საქართველოს უთქვამს უარი (თვით ყარაბაღის მესამე ომის პერიოდშიც კი) აზერბაიჯანის მიმართულებით ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო ტვირთებისა თუ საბრძოლო თვითმფრინავების გატარებაზე.

აზერბაიჯანს - თურქები, სომხებს - რუსები. საქართველოს ვინ დაეხმარება სამხედრო ძალით?

სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის მნიშვნელოვნად შეცვლის ფონზე იბადება კითხვა: თუკი აზერბაიჯანი სთანხმდება მეგობარი თურქეთის სამხედრო ბაზის შექმნას, სომხეთში კი, დიდი ხანია, არსებობს რუსული სამხედრო ბაზა, სჭირდება თუ არა საქართველოს რომელიმე მეგობარი ქვეყნის სამხედრო ბაზით დახმარება?

საქართველოში ორი სამხედრო ბაზა ისედაც გვაქვს, მაგრამ - ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისინი ჩვენი ქვეყნის დასაცავად კი არა, მის დასაპყრობად არის შექმნილი, ამიტომ ლოგიკურია, ჩვენც ვიფიქროთ ჩვენს ტერიტორიაზე მეგობარი ქვეყნების ან ერთი რომელიმე ძლიერი ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებაზე, მით უმეტეს, რომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის, თანაც ჩვენნაირ ურთულეს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ისევე, როგორც ჩვენი წინაპრებისთვის იყო შეუძლებელი საუკუნეების განმავლობაში.

ვინ შეიძლება საქართველოში სამხედრო კონტინგენტი გამოგზავნოს, ჩვენს ქვეყანას "უსაფრთხოების ქოლგა" გადააფაროს და ნაცვლად "შეშფოთება-აღშფოთებისა", ტანკებით დაგვიცვას?

საუკეთესო კანდიდატი, რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსია, თუმცა ეს ჩვენი სურვილია, ნატოში კი, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ უნდათ, თავის ტკივილი დაიმატონ და რუსეთი უფრო გააღიზიანონ.

ამასთან, ნატოს სრულუფლებიან წევრობას მისი ოცდაათივე წევრის თანხმობა სჭირდება, რაც პუტინის ფაქტორის გათვალისწინებით, მით უმეტეს - ქალბატონი მერკელისა და ბატონი მაკრონისთვის, ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩანს.

რჩება ერთადერთი მეტ-ნაკლებად შესაძლებელი ვარიანტი - ნატოს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი წევრი აშშ, საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებთან შეთანხმებისა და თხოვნის გარეშე, საკუთარ თავზე აიღებს ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებას, რისთვისაც საქართველოს ტერიტორიაზე დააფუძნებს ერთ ან რამდენიმე სამხედრო ბაზას.

ქართული არმიისთვის აშშ-ის ყოველწლიური სამხედრო დახმარება ისედაც მნიშვნელოვანია (რასაც საქართველო იმსახურებს თუნდაც იმიტომ, რომ თერთმეტი წელია, ავღანეთში ჩვენი სამხედრო კონტინგენტი გვყავს გაგზავნილი), ერთობლივ სამხედრო სწავლებებსაც ვატარებთ, მაგრამ თუკი რუსეთმა ხელახალი სამხედრო აგრესია წამოიწყო, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერავინ მოასწრებს ჩვენს დახმარებას, თუკი დამხმარე სამხედრო ძალა უკვე არ იქნება დისლოცირებული ქართულ მიწაზე.

საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება, ძირითადად, ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული და ოფიციალური ვაშინგტონი აქამდე თავს იკავებდა, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში მომხდარი სერიოზული ცვლილებები, რამაც მთლიანად შეცვალა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი, თეთრი სახლისგან მოვლენათა ახლებურ გააზრებასა და სწრაფ მოქმედებას მოითხოვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ც და ევროპაც მალე დაკარგავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გავლენის ბერკეტებს, რადგან სომხეთი რუსეთმა თითქმის მთლიანად "შესანსლა", აზერბაიჯანი თურქეთისა და რუსეთის მოვალე გახდა ტერიტორიების დაბრუნებაში დახმარების გამო და რჩება საქართველო, რომელსაც რეალური მეგობრული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე იოლად "გადაყლაპავენ" როგორც ჩრდილოელები, ისე შეიძლება სამხრეთელებიც.