ჯერ აჩხუბებს, შემდეგ აშოშმინებს - კრემლის "სამშვიდობო" ეშმაკობების ისტორია - კვირის პალიტრა

ჯერ აჩხუბებს, შემდეგ აშოშმინებს - კრემლის "სამშვიდობო" ეშმაკობების ისტორია

ყარაბაღის მესამე, თვენახევრიანი ომი ისევე უცბად შეწყდა, როგორც დაიწყო და დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ომის დაწყება-შემჩერებლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტის "სამშვიდობო მისიით" ჩაყენებაც გახლდათ.

მთიან ყარაბაღში შეირაღებული დაპირისპირება 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც იქ მაცხოვრებელმა სომხებმა ამ ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანიდან გამოყოფა და სომხეთისთვის მიერთება მოინდომეს.

ეს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ტერიტორიის არსებობიდან მოყოლებული, ამ მასშტაბის პირველი შეირაღებული კონფლიქტი იყო, რომელიც მხოლოდ 1994 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც კრემლის ზეწოლით სომხეთმა და აზერბაიჯანმა ორმხრივი ცეცხლი შეაჩერეს.

მაშინ მოგებული, რა თქმა უნდა, ერევანი დარჩა, რადგან მთიანი ყარაბაღის გარდა,  მის გარშემო არსებული კიდევ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დაკავება მოახერხა და იქიდან ადგილობრივი აზერბაიჯანელები გარეკა.

სომხეთის ამ გამარჯვებაში შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანდა რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების ფარული თუ ღია სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა, რამაც დამარცხებულ აზერბაიჯანში ძლიერი ანტირუსული განწყობა შექმნა და გახდა ერთ-ერთი იმის მიზეზიც, რომ იმ დროისთვის მოსკოვმა ვერ შეძლო ან არ მოინდომა მთიან ყარაბაღში თავისი "სამშვიდობო ძალების" ჩაყენება.

სამაგიეროდ, სხვა შეირაღებული კონფლიქტების ზონებში - ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში, კრემლმა მალევე ჩააყენა თავისი სამხედრო, "სამშვიდობო მისიების" საფარქვეშ. ამ სტატიის ავტორს 1992 წლის ზაფხულში მოუწია, ჩაეცვა სამხედრო ფორმა და გარკვეული პერიოდი ყოფილიყო ზემო ნიქოზის შტაბში, სადაც ქართული სამშვიდობო ბატალიონი იყო დისლოცირებული და მან საკუთარ თვალით ნახა, თუ რას ნიშნავდა რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" შემოსვლა კონფლიქტის ზონაში.

მაშინ, პირადი ურთიერთობების დონეზე, ქართველმა სამშვიდობოებმა მოახერხეს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან ეთხოვათ ორი “ტ-72“ ტიპის ტანკი, თავისი გამნაღმველი ტრალებით. ისინი ცხინვალის გავლით ზემო ნიქოზში ამოვიყვანეთ, რასაც მყისიერად მოჰყვა იქვე, საშვეულმფრენო აეროდრომზე დისლოცირებული რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" ხისტი რეაგირება - ჩვენს შტაბში დაყენებულ ამ ტანკებს რუსი მედესანტეების საბრძოლო მანქანებმა ალყა შემოარტყეს და ტანკსაწინააღმდეგო "ფაგოტები" დაგვიმიზნეს, ხოლო დაბალ სიმაღლეზე თავს რუსების ორი საბრძოლო “მი-24“ - "მფრინავი ნიანგი" დაგვტრიალებდა და მზად იყო, ცეცხლი გაეხსნა.

სხვათა შორის, ამ ტანკების ეკიპაჟებმა, რომლებიც, ასევე, რუსი ეროვნების იყვნენ, თავიანთი მრისხანე, 125 მმ-იანი ლულები მიმართეს თანამემამულეებისკენ - ვნახოთ, ვინ დაასწრებსო...

მაშინ კი გადავრჩით ორმხრივ სროლას, მაგრამ შემდგომმა წლებმა აჩვენა, რომ ცხინვალის რეგიონში ჩაყენებული რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" ადგილობრივი ოსური სეპარატიზმის დასაცავად და გასაძლიერებლად მოქმედებდნენ, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან... 1992 წლის 24 ივნისს ხელმოწერილი სოჭის (დაგომისის) ხელშეკრულება ითვალისწინებდა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში სამი სამშვიდობო ბატალიონის (თითოეული 500 კაცის შემადგენლობითა და ჯავშანტექნიკით) განთავსებას, რომელთაგან ერთი რუსული იქნებოდა, ერთი ქართული და ერთიც... ჩრდილო ოსური?!

ანუ თავიდანვე შეიქმნა ჩვენთვის წამგებიანი სიტუაცია, რადგან ჩრდილო ოსური ბატალიონი, ხომ, ისევ რუსეთს ემორჩილებოდა და თანაც - მასში გაწევრდნენ ცხინვალისა და ჯავის ის "ბოევიკებიც", რომლებიც მანამდე ქართულ სოფლებს ესროდნენ, ანუ "ცისფერი ჩაფხუტის" დაფარებით მოხდა მათი ერთგვარი კანონიზაცია.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი სწორედ ამ რუს "ცისფერჩაფხუტიანებზე" ქართული არმიის ვითომდა თავდასხმის მიზეზით და მათი დაცვის აუცილებლობით გაამართლა კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ანექსიის დაწყება.

ჯერ იყო შევარდნაძის ხელისუფლების დიდი შეცდომა, როდესაც 1992 წელს სოჭში ასეთ წამგებიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების მინუსი, რომ ყველაფერი არ გააკეთა ამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლისთვის და ცხინვალის რეგიონიდან რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" გასაყვანად.

ცხინვალში რუსი "სამშვიდობოების" გამოჩენიდან ორი წლის შემდეგ, 1994 წლის 21 ოქტომბერს, მდინარე ენგურის ორივე მხარეს რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" განლაგდნენ, რომელთა იქ შემოსვლა უკვე გაეროს მხარდაჭერით განხორციელდა, რაც კრემლისთვის საერთაშორისო მშვიდობისმყოფელის იმიჯის გაძლიერებას წარმოადგენდა.

წესით, ეს სამშვიდობო ძალები დსთ-ის წევრი ქვეყნებიდან უნდა ყოფილიყვნენ შეკრებილნი, მაგრამ, რეალურად, მხოლოდ რუსი მედესანტეები აღმოჩნდნენ.

მაშინ საქართველოს პარლამენტში ამ ხელშეკრულების ხელმომწერები ოპოზიციას უმტკიცებდნენ, რომ დოკუმენტში ჩაწერილი სიტყვები, რომ “სამშვიდობო ძალებმა დაპირისპირების ხაზიდან 24 კმ-ის რადიუსში უნდა გააკონტროლონ სიტუაცია“, ნიშნავდა მათ განთავსებას მდინარე ენგურის მხოლოდ მარჯვენა სანაპიროზე, გალის რაიონში. სინამდვილეში კი, რუსი მედესანტეები ენგურის მარცხენა სანაპიროზეც გადმოვიდნენ და თავინთი პოსტი ურთას მთასთანაც კი განათავსეს...

სწორედ ეს რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" გახდნენ ის მთავარი მეგზურები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს ოჩამჩირესთან დესანტირებულ ძირითად რუსულ საოკუპაციო შენაერთებს შემოუძღვნენ ზუგდიდსა და სენაკში.

ორივე კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, კრემლმა წარმატებით გამოიყენა იქ ადრეულად ჩაყენებული თავისი ე.წ. სამშვიდობო ძალები ერთგვარ პლაცდარმად, საქართველოზე ორი მხრიდან იერიშის განსახორციელებლად.

ანალოგიურად იმოქმედა კრემლმა მოლდოვას წინააღმდეგაც - ჯერ დნესტრისპირელი რუსულენოვანი სეპარატისტები ააჯანყა კიშინიოვის წინააღმდეგ, შემდეგ კი, 1992 წლის 29 ივლისს, იქ რუსი სამხედროები შეიყვანა "სამშვიდობო" მისიით...

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, რუსულმა "სამშვიდობო ძალებმა" ნიღაბი ჩამოიხსნეს და მათ საფუძველზე შეიქმნა რუსეთის მეოთხე (ცხინვალი) და მეშვიდე (აფხაზეთი) საოკუპაციო სამხედრო ბაზები.

მას შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთ რუსულ "სამშვიდობო ძალად" რჩებოდნენ დნესტრისპირეთში მოქმედი რუსი "ცისფერჩაფხუტიანები“, რომელთა გაყვანას მოითხოვს რამდენიმე დღის წინ არჩეული მოლდოვას ახალი პრეზიდენტი.

მთიან ყარაბაღში ორიათასკაციანი სამხედრო კონტინგენტის ჩაყენებით, შეიძლება კრემლმა სცადოს ისეთივე გავლენის განხორციელება აზერბაიჯანზე, როგორც ამას აქამდე საქართველოსა და მოლდოვაში აკეთებდა, თუმცა ეს ძალიან გაუჭირდება. კონფლიქტის ზონის გარშემო დისლოცირებისთვის ბაქომ მეგობარი თურქები მიიწვია და, თუკი რუსეთი აზერბაიჯანის ამ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ახალ სამხედრო პლაცდარმს ქმნის, მის საპირწონედ აზერბაიჯანში, ეტყობა, მალე თურქული სამხედრო ბაზებიც აღმოცენდება...

(სპეციალურად საიტისთვის)