რა ჯდება კადაფის რეჟიმის ჩამოგდება?! - კვირის პალიტრა

რა ჯდება კადაფის რეჟიმის ჩამოგდება?!

მილიონიანი "ტომაჰავკებისა" და ასეულობით საბრძოლო გაფრენის მიუხედავად, ციდან დაბომბილი კადაფის რეჟიმი ხმელეთზე ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებს

საბრძოლო ოპერაცია "ოდისეა. განთიადის" დაწყებიდან, 19 მარტიდან ერთი კვირის შემდეგ  კოალიციურ ძალებს ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე გამოყენებული ჰქონდათ 175 ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი", ხოლო ავიაციას 759 საბრძოლო გაფრენა ჰქონდა განხორციელებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული "ტომაჰავკი" ერთ მილიონ დოლარზე მეტი ღირს, თითო საბრძოლო გაფრენა კი - ათიათასობით დოლარი ჯდება (აშშ-დან ლიბიამდე და უკან განხორციელებული სამი "უჩინარი", B-2 ტიპის ბომბდამშენების  გაფრენა, რომლებმაც ორივე მიმართულებით დაახლოებით 17 ათასი კმ იფრინეს, ალბათ, ნახევარ მილიონ დოლარამდე მაინც დაჯდებოდა), გამოყენებული მართვადი ბომბებისა და რაკეტების ფასის ჩათვლით გამოდის, რომ დასავლეთის კოალიციურ ძალებს ეს ოპერაცია საკმაოდ ძვირი უღირთ.

მართალია, დასავლეთის ავიაციამ უკვე შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და ლიბიის თავზე არასაფრენი ზონა შექმნა, მაგრამ ამას სახმელეთო ოპერაციებში ამბოხებულთა წარმატება არ მოჰყოლია. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ამბოხებულებს, ფაქტობრივად, არ აქვთ სამხედრო დისციპლინა, რაც კადაფის ერთგულ რეგულარული არმიის დანაყოფებზე გამარჯვებას უშლის ხელს.

ისე, ლიბიის ცაში ცოტა უცნაური ამბები ხდება. ინტერნეტში რამდენიმე აფეთქებული საბრძოლო თვითმფრინავის სურათი გავრცელდა. საფრონტო ბომბდამშენი Су-24МК, რომელიც მოსკოვმა კადაფის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიჰყიდა, ნამდვილად ამბოხებულებმა ჩამოაგდეს გაეროს რეზოლუციამდე. "ალ-ჯაზირას" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნაჩვენები ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი, რომელიც მიწას ენარცხება, სინამდვილეში საბჭოთა წარმოების МиГ-23 იყო, რომელიც ამბოხებულებმა ერთ-ერთ აეროდრომზე ჩაიგდეს ხელში და, ალბათ, სწორედ მათ დავალებას ასრულებდა.

აშშ-მა აღიარა ერთი გამანადგურებელი ბომბდამშენის - F-15E-ს - დაკარგვა ტექნიკური მიზეზების გამო (თუმც არ არის გამორიცხული, რომ ისიც ჩამოაგდეს). ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება, თუმცა ერთ-ერთი მათგანის ამერიკული შვეულმფრენით ევაკუაციის დროს ამერიკელმა სამხედროებმა ტყვიამფრქვევით დაცხრილეს ლიბიელები, რომლებიც კადაფის მომხრეები ეგონათ, თუმცა ამბოხებულები აღმოჩნდნენ.

25 მარტს ფრანგულმა "რაფალმა" რაკეტით ჩამოაგდო იუგოსლავიური წარმოების G-2 Gabel-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი. ეს პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც ლიბიის თავზე არასაფრენი ზონა გამოცხადდა. შესაძლოა,  ეს "გალები" სულაც არ იყო კადაფის რეჟიმის, რადგან მანამდე გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, დაპყრობილ აეროდრომზე როგორ ათვალიერებენ ამბოხებულები ოთხ "გალებს", სამ МиГ-23-სა და სამ - Ми-2 ტიპის შვეულმფრენს. სავარაუდოა, რომ მანამდე ჩამოგდებული МиГ-23-ისა არ იყოს, ეს "გალებიც" ცაში სწორედ ამბოხებულებმა ააფრინეს და მათი მხარდამჭერი საფრანგეთის კუთვნილი "რაფალის" ნადავლად აქციეს.

ქ. მასრათში მიმდინარე ბრძოლების დროს კადაფის მომხრეები სამხედრო ეშმაკობას მიმართავენ -  მათი ჯავშანტექნიკა და არტილერია ძირითადად, ქალაქის უბნებშია დამალული, რაც ართულებს დასავლეთის დამრტყმელი თვითმფრინავების ეკიპაჟების მიერ მათ აღმოჩენასა და დაზიანებას (ისე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი არ მოჰყვეს).

ლიბიის ომმა გამოააშკარავა მნიშვნელოვანი პრობლემები დასავლეთის ქვეყნებისა და NATO-ს ურთიერთობაში. მთელი კვირა იმაზე მსჯელობდნენ, ვინ აიღებდა ხელში საბრძოლო ოპერაციების შემდგომ მართვას. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ოპერაცია დაახლოებით იმ სცენარით  წარიმართება, როგორც ავღანეთში, სადაც ერთმანეთის პარალელურად იბრძვის აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კოალიცია და ISAF-ი (ავღანეთში უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალები).

ლიბიის ოპერაციაში NATO-ს 28 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და მათი ავიაციის მთავარი სამიზნე კადაფის ერთგული ჯარების ჯავშანტექნიკა გახდება, რადგან მილიონიანმა "ტომაჰავკებმა" თავისი საქმე შეასრულეს და ლიბიის საჰაერო თავდაცვის საშუალებები თითქმის მთლიანად გაანადგურეს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი როდი ჩაერთვება ბრძოლაში. უფრო მეტიც, NATO-ს წევრი თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ დასავლეთის კოალიციის ზოგიერთ ქვეყანას სინამდვილეში ლიბიის ნავთობსა და სხვა სიმდიდრეებზე კონტროლის ხელში ჩაგდება სურს, რაც სერიოზული ბრალდებაა.

რამდენ ხანში შეიძლება დამთავრდეს საბრძოლო მოქმედებები ლიბიაში?

ეტყობა, მაშინ, როდესაც კადაფის რეჟიმი დაემხობა, ან თავად კადაფის ლიკვიდაცია მოხდება. მართალია, დასავლეთი ცდილობს მიჩქმალოს, მაგრამ მათ ავიაციასა და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს (რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე მოქმედებენ ლიბიის ტერიტორიაზე, მაგალითად, ბრიტანული SAS) დავალებული აქვთ კადაფის ფიზიკური განადგურება. ამიტომაც იბომბება კადაფის რეზიდენციები ტრიპოლსა და სხვა დასახლებულ ადგილებში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოსდევს (თუმცა ეს იმანაც გამოიწვია, რომ კადაფის ერთგულები "ცოცხალი ფარის" სახით სტრატეგიული ობიექტების გარშემო დგებიან).

მიუხედავად ცაში გამარჯვებისა, კადაფის რეჟიმის დამხობა მხოლოდ მიწაზე გამარჯვებით შეიძლება, ამისთვის კი აუცილებელია სახმელეთო ოპერაციების ჩატარება. ადგილობრივ ამბოხებულებს ამის ძალა არ შესწევთ, რაც განვლილმა პერიოდმაც აჩვენა, გაეროს რეზოლუცია კი დასავლეთის კოალიციურ ძალებს ლიბიის ოკუპაციის ნებას არ აძლევს. საჰაერო ოპერაცია, მისი სიძვირის გამო, დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს კი ბოლოს და ბოლოს, აიძულებს დასავლეთს, სახმელეთო ოპერაციებში ჩაერთოს, თუმცა ამისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია გახდება საჭირო, რის მიღებასაც, სავარაუდოდ, რუსეთი და ჩინეთი დაბლოკავენ.

რუსეთს გაეროს წინა რეზოლუციაზეც შეეძლო ვეტოს დადება, მაგრამ თავი შეიკავა, რამაც პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის არსებული დაპირისპირება გაამჟღავნა. ერთი რამ ცხადია - სანამ ცეცხლში გახვეული ლიბია ნავთობს ვერ ყიდის, რუსეთი უდიდეს მოგებას ნახულობს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდით ყველაზე მეტად რუსეთი სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ლიბიაზე სანქციების დაწესების გამო კადაფის რეჟიმთან დადებული რამდენიმე მომგებიანი კონტრაქტი შეიარაღების მიყიდვაზე შეუჩერდა.

სხვათა შორის, კადაფი რუსეთისგან შედარებით თანამედროვე С-300ПМУ-2 "ფავორიტის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენას აპირებდა და ეს რომ მოესწრო, დასავლეთის ავიაცია ლიბიის ცაში ასე დაუსჯელად ვერ იფრენდა.

თუ კადაფის რეჟიმის დამხობას დასავლეთი უახლოეს ხანში ვერ მოახერხებს, არსებობს დიდი შანსი, რომ NATO-ს შეტევას გადარჩენილმა პოლკოვნიკმა, როგორც ის ბუნკერიდან აცხადებს, მართლაც დარაზმოს მუსლიმანური სამყარო თანამედროვე "ჯვაროსნების" წინააღმდეგ...