ეუთო მოსკოვიდან საოკუპაციო ბაზებზე ინფორმაციას ელოდება - კვირის პალიტრა

ეუთო მოსკოვიდან საოკუპაციო ბაზებზე ინფორმაციას ელოდება

"Точка-У-ები ცხინვალთან დროებით განვათავსეთ", - აცხადებს რუსი ჩინოვნიკი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების Точка-У-ს ცალკეული დივიზიონის შემოყვანა მოსკოვმა ორიოდე თვის წინ თავად აღიარა.

"ტოჩკები" რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროსაც გამოიყენა, ოღონდ ძირითადად, თავისი ტერიტორიიდან. ოკუპირებულ ცხინვალთან შემოყვანილი 120 კმ რადიუსის ფრენის უნარის მქონე რაკეტების გამშვები დანადგარებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საშუალება ეძლევა, მეტ-ნაკლებად ზუსტად დააზიანოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი (სამხედრო ბაზების ჩათვლით) აღმოსავლეთ საქართველოში.

სწორედ ეს იწვევს შეშფოთებას. ამიტომაც მეტად საყურადღებოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება იმის შესახებ, რომ "ტოჩკები" ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მხოლოდ დროებით, სწავლების პერიოდში შემოიყვანეს.

"ტოჩკების" დივიზიონის ჩრდილო კავკასიიდან ცხინვალთან გადმოსროლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დივიზიონის პირადი შემადგენლობისთვის მე-4 რუსული ბაზის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი ყაზარმები შენდებოდა, ამიტომ ცოტა დაუჯერებლად ჩანს კარასინის მტკიცება, რომ ცხინვალის რეგიონში "ტოჩკები" მხოლოდ დროებით არის შემოყვანილი - სწავლებაზე გაგზავნილი სამხედრო დანაყოფისთვის კეთილმოწყობილ ყაზარმებს არავინ აგებს.

მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა "ტოჩკების" დივიზიონი უკან, ჩრდილო კავკასიაში გაიყვანოს, ოღონდ არა - ჩვენდამი კეთილგანწყობის გამო. მაისის დასაწყისში რუსეთი ვალდებულია, სამხედრო ინფორმაციის გლობალური გაცვლის მექანიზმის ფარგლებში ეუთოს (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

თუ ასეა, გამოდის, რომ კრემლს არ სურს ეუთოსთან ურთიერთობის გართულება  და შეიძლება "ტოჩკები" მართლაც გაიყვანოს ოკუპირებული ცხინვალიდან, რათა ეუთოს წარმომადგენლებს ზედმეტი კრიტიკის საფუძველი არ მისცეს.

წესით, ეუთომ არა მარტო "ტოჩკების", არამედ მე-4 და მე-7 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების მთელი შეიარაღების სასწრაფოდ გაყვანაც უნდა მოითხოვოს, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე დგანან. ამასთან, ეუთოსთვის არგუმენტი არ უნდა იყოს ის, რომ მოსკოვმა შეიძლება მოიშველიოს სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალთან გაფორმებული ხელშეკრულებები რუსული სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ (შესაბამისად, 49 და 99 წლის განმავლობაში), რადგან ეუთოს წევრი არც ერთი ქვეყანა (თავად რუსეთის გარდა) არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.

თუმცა მოსალოდნელია, რომ ეუთოში ისევ მორიგი სიტყვიერი შეშფოთებითა და აღშფოთებით შემოიფარგლონ, რადგან მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდგარი რუსული ჰაუბიცები, ისევე, როგორც ახალგორთან მიმალული რუსული ტანკები, ევროპისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ "ტოჩკების" შესახებ იმავეს თქმა გაძნელდება, რადგან თავიანთი მოქმედების რადიუსის  გამო (120 კმ-მდე) "ტოჩკებს" არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც (ოკუპირებული გალის რაიონის სამხრეთ საზღვარზე მათი შეყვანის შემთხვევაში, საიდანაც ისინი NATO-ს წევრ თურქეთსაც სწვდებიან) შეუძლიათ შეასრულონ სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტის ფუნქცია, მით უმეტეს, რომ "ტოჩკას" ბირთვული ქობინის წაღებაც შეუძლია.