შეეძლო თუ არა ალიევს მთელი ყარაბაღის დაბრუნება... - კვირის პალიტრა

შეეძლო თუ არა ალიევს მთელი ყარაბაღის დაბრუნება...

მაღალი დონის სამხედრო-პოლიტიკურ თამაშებს კულისებს მიღმა ათასობით ჩვეულებრივი ადამიანის ბედი ეწირება...

ყარაბაღის მესამე ომით აზერბაიჯანმა თანამედროვე ისტორიაში შექმნა პრეცედენტი, როდესაც ომით დაკარგულის ომითვე დაბრუნება გახდა შესაძლებელი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც დროებით, მაგრამ ასევე ომით აქვს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი.

აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი და სხვა ქვეყნების მოსახლეობა, რომელიც ამ ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ოფიციალური ბაქოს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს თანაუგრძნობდა, თვლის, რომ კრემლმა ბაქო ბოლო ეტაპზე შეაჩერა და სრული გამარჯვება მოჰპარა, თორემ შუშის დაცემის შემდეგ, ორიოდე დღეში, ალიევი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტს (ჰანკენდის) აიღებდა და რამდენიმე კვირაში ყარაბაღის გარდა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებსაც გაათავისუფლებდა. მათი აზრით, პუტინმა ალიევს აზერბაიჯანის არმიის წარმატებული წინსვლა შეაჩერებინა, რათა სომხებისთვის ყარაბაღის ნაწილი მაინც შეენარჩუნებინა.

შეესაბამება თუ არა რეალობას ასეთი მოსაზრება და მართლაც მოჰპარა თუ არა პუტინმა ალიევს სრული გამარჯვება? მიუხედავად იმისა, რომ შუშის დაცემის შემდეგ სომხეთის არმიის დემორალიზაცია სომხებისთვისაც ნათელი გახდა, ეს არ ნიშნავდა, რომ აზერბაიჯანელებს დარჩენილ ყარაბაღსა თუ ქებაჯარისა და აღდგამის რაიონებში მხოლოდ გასეირნება მოუწევდათ. შუშის აღების შემდეგ სომეხ გენერლებს სტეფანაკერტის დაცვა მართლაც გაუჭირდებოდათ, თუმცა სხვა ტერიტორიებისთვის პარტიზანული ბრძოლის მეთოდებით განსაკუთრებული სისასტიკით იომებდნენ. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდებოდა, როდესაც აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში მიუახლოვდებოდა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთს, რომელსაც სამი ათეული წელი ბაქო ვერ აკონტროლებდა.

ამ შემთხვევაში სომხეთის არმიას გაუადვილდებოდა თავდაცვითი ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან, ხოლო როდესაც აზერბაიჯანული ჰაუბიცებისა და "სმერჩების" საპასუხო ცეცხლის შედეგად ჭურვები უკვე უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე აფეთქდებოდა, ერევანს მეტი საფუძველი მიეცემოდა, ო-დე-კა-ბესა და უპირველესად - რუსეთისგან მოეთხოვა კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამუშავება სომხეთის ტერიტორიის ერთობლივად დასაცავად.

მეორე პრობლემა, რასაც ბაქოში აცნობიერებდნენ, იყო დროის დეფიციტი. ქელბაჯარის მთაგორიან რაიონში უკვე თოვლი მოვიდა, რაც შეანელებდა ან საერთოდ შეაჩერებდა შეტევით ოპერაციებს, - უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი საფრენი აპარატები ჩვეული საბრძოლო ეფექტიანობით ვეღარ იმოქმედებდნენ.

მართალია, ალიევი გამარჯვების დროშით ვერ შევიდა სტეფანაკერტში, მაგრამ მან, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიბრუნა აღდგამის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონები, ამასთან, ახალ მსხვერპლს გადაურჩა აზერბაიჯანის არმია.

ალიევი იმიტომაც დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, რომ ალბათ, მასსა და პუტინს შორის წინასწარი საიდუმლო შეთანხმება სწორედ შეჩერებას ითვალისწინებდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის არმია მთიან ყარაბაღს მიადგებოდა, სადაც "სამშვიდობო" მისიით გასაგზავნად პუტინს უკვე მზად ჰყავდა რუსი სამხედროების კონტინგენტი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თუნდაც 20 ოქტომბრისთვის რომ დასთანხმებოდა პუტინ-ალიევის მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტისა და აზერბაიჯანის შვიდი რაიონის დატოვების თაობაზე, დღეს ქალაქი შუშა, დანარჩენ მთიან ყარაბაღთან ერთად, ისევ სომხების განკარგულებაში იქნებოდა.

სხვათა შორის, ეს ულტიმატუმი, რომელიც მოსკოვმა და ბაქომ ერევანს კულისებს მიღმა მაღალ დონეზე წარმართული სამხედრო-პოლიტიკური თამაშების დროს წარუდგინეს, რაღაცით მოგვაგონებს 1992-93 წლების აფხაზეთის ომის ნიუანსებს. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ თავდაცვის მინისტრ გრაჩოვის პირით შევარდნაძეს შემოუთვალა, რომ რუსეთის არმია სოხუმთან, მდინარე გუმისთაზე ჩააყენებდა ორ ბატალიონს და ასე ხელოვნურად გაყოფდა აფხაზეთში ქართველებისა და აფხაზების ტერიტორიულ ინტერესებს, მაგრამ მაშინ ოფიციალური თბილისი არ დათანხმდა კრემლის კულისებს მიღმა შემოთავაზებას, ბრძოლა გაგრძელდა, რასაც მოჰყვა ჯერ სოხუმის, შემდეგ კი მთელი აფხაზეთის დროებით დაკარგვა, გალის რაიონის ჩათვლით. დღევანდელი გადასახედიდან ადვილია იმის მტკიცება, რომ თუ მაშინ კრემლის შემოთავაზებას დავთანხმდებოდით, დღეს სოხუმის სამხრეთით აფხაზეთი ისევ ჩვენი იქნებოდა, რადგან დიდი შანსი იყო, მათ ისევე მოვეტყუებინეთ, როგორც ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდო მოლაპარაკებების შემდეგ არაერთხელ გაგვიკეთეს ჯერ გაგრაში, შემდეგ სოხუმზე საახალწლო და მარტის შეტევებისას, ტამიშთან საზღვაო დესანტის გადასხმისას და ბოლოს სექტემბერში, სოხუმის აღებისას.