ეთნიკური უმცირესობები ქართულ არმიაში - კვირის პალიტრა

ეთნიკური უმცირესობები ქართულ არმიაში

საქართველოს თავდაცვის ძალებში, შსს-ს პარამილიტარულ დანაყოფებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქე გადის სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოველწლიური გაწვევისას მათი პროცენტული შემადგენლობა თითქმის 40%-ს აღწევს, რაც საყურადღებო ციფრია და არც გასაკვირი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთწლიანი სამხედრო სამსახურის მოხდა ევალება 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა ჯანმრთელ მამაკაცს და ამ კანონში ეთნიკური ნიშნით შეღავათი არ არის გათვალისწინებული, მაგრამ საინტერესოა, ადვილად იხდიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ძალოვან სტრუქტურებში, თუ რთულად? პრობლემები ნამდვილად არის, მთავარი პრობლემა კი ენის ბარიერია.

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კომპაქტურად ჩასახლებულმა ახალგაზრდა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ქართული ენა და წერა-კითხვა ცუდად იციან, საქართველოს თავდაცვის ძალებში კი ყველა ბრძანება მხოლოდ ქართულ ენაზე გაიცემა, რაც ართულებს მათ მიერ ამ ბრძანებების დროულად და ზუსტად შესრულებას. მათ მშობლიური ენის გარდა არც სხვა ენები, მაგალითად, რუსული ან ინგლისური იციან, რომ უკიდურეს შემთხვევაში მეთაურობამ ამ ენებზე მაინც აუხსნას ბრძანებების შინაარსი, თუმცა არცთუ იშვიათად, სიმულანტობასაც ვხვდებით - ზოგჯერ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჯარისკაცი ჯიუტად ამტკიცებს, რომ არ ესმის ქართული და ამიტომ არ ასრულებს სერჟანტისა თუ ოფიცრის დავალებას.

"ყაზარმული გარჩევები" უცხო არ ყოფილა ქართული არმიისთვის - ხელჩართულ ჩხუბში ათობით და ასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა და ეს დაპირისპირებები, ძირითადად, სხვადასხვა გაწვევის ჯარისკაცებს შორის ხდებოდა ე.წ. დედოვშჩინის გამო, თუმცა არც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება იყო იშვიათი.

ამის გამო ოფიცრებს სარდლობისგან აქვთ სიტყვიერი ბრძანება, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ჯარისკაცებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება და სიტუაციის გასანეიტრალებლად დათმობასა და თვალის დახუჭვასაც არ მოერიდონ.

ქართული არმიის ერთ-ერთ ქვეით ბრიგადაში რამდენიმე წლის წინ ასეთი ფაქტი მოხდა: პლაცზე მოწყობილი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სმენაზე დადგა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მოსასმენად, მაგრამ ერთი ჯარისკაცი სკამიდანაც არ წამოდგა. როდესაც განრისხებულ ბრიგადის მეთაურს მოახსენეს, რომ ასეთი სერიოზული დარღვევის ჩამდენმა ეთნიკურად სომეხმა ჯარისკაცმა განაცხადა, ეს ჩემი ჰიმნი არ არის და ამიტომაც არ ავდგები ფეხზეო, ვერაფერი იღონა და რამდენიმე ასეული ოფიცრის, სერჟანტისა და ჯარისკაცის თვალწინ "გადაყლაპა" ასეთი თავხედობა, რითაც დიდი ზიანი მიაყენა ბრიგადის პირადი შემადგენლობის ერთიანობასა და საბრძოლო სულისკვეთებას.

მთიან ყარაბაღში ახალი ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ქართული არმიის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჯარისკაცების საომარი ვიდეომიმართვები მშობლიურ ენაზე, რაც დაუშვებელი გახლდათ, რადგან საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის ამ ბოლო ომში ნეიტრალური პოზიცია აირჩია.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილი სავალდებულო სამხედრო სამსახურს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდის და სამსახურის ძირითად დროს კოშკურებზე, ავტომატით ხელში, პატიმრების მეთვალყურეობაში ატარებს. მათმა უმრავლესობამ ან არ იცის ქართული, ან ტყუის, რომ ეს ენა არ ესმის, რაც აძნელებს და სახიფათოს ხდის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ხელში მათ სამსახურს, განსხვავებით თავდაცვის სამინისტროსგან, სადაც ისინი, ძირითადად, ლოჯისტიკურ საქმიანობას ეწევიან და საშტატო ცეცხლსასროლ იარაღთან იშვიათად აქვთ შეხება.

მეთაურების ნაწილს მაინცდამაინც არ სურს, მათ დაქვემდებარებაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბევრი ჯარისკაცი მოხვდეს. მათთან ენობრივი ბარიერის გადასალახავად მეთაურები ირჩევენ შედარებით განათლებულ ჯარისკაცს და მას თარჯიმნად იყენებენ.

ენობრივი ბარიერის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დროს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჯარისკაცების ეფექტიანად გამოყენება ურთულესი იქნება, თუმცა მათ მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ ლოჯისტიკური ამოცანების გადაწყვეტისას.

ეთნიკური უმცირესობიდან გაწვეულ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობისგან განსხვავებით, ნაკლებია პრობლემა, როდესაც იმავე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კონტრაქტით სამსახურს იწყებენ ქართულ ჯარსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში.ასეთ შემთხვევაში, პირიქით, სწორედ ისინი არიან დაინტერესებულნი, რაც შეიძლება კარგად იცოდნენ ქართული, რათა სამხედრო კარიერაში წარმატებას მიაღწიონ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალწვეულების გაწვევის შემდეგ (მით უმეტეს, თუკი ისინი კომპაქტური ჩასახლების რაიონებიდან არიან) უპრიანი იქნებოდა, მათთვის ქართული ენის გაკვეთილები ჩაგვეტარებინა და ვინც ამ კურსს წარმატებით გაივლიდა, წაგვეხალისებინა, რათა სხვებსაც მოტივაცია გასჩენოდათ.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ქართველი ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილსაც უჭირს გამართული ქართულით წერა, რაც ჩვენი არმიის მაღალი საბრძოლო მზადყოფნისთვის დიდი ნაკლია.

საქართველოს თავდაცვის ძალების დაკომპლექტებისას ლომის წილი კონტრაქტით მომსახურეებზე მოდის, თუმცა წერა-კითხვის პრობლემა მათ შორისაც იჩენს თავს.

ქართულ არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში ყველაფერი კეთდება, რომ ეთნიკური თუ რელიგიური დაპირისპირება არ მოხდეს თვით ეთნიკურად მცირერიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენელ ჯარისკაცებს შორის. ეს საშიშროება გაიზარდა მთიან ყარაბაღში ახალი ომის დაწყებისას, თუმცა თავდაცვის ძალების სარდლობამ ყველა ღონე იხმარა, რომ ქართული არმიის სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება გამორიცხულიყო.