რა ბედი ეწია 27 წლის წინ კოპიტნარიდან გატაცებულ ქართულ მოიერიშე Су-25-ს
რა ბედი ეწია 27 წლის წინ კოპიტნარიდან გატაცებულ ქართულ მოიერიშე Су-25-ს
44-დღიანი ყარაბაღის მესამე ომის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ სომხეთს 3 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო ტექნიკა გაუნადგურა ან ალაფად წაიღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩამოთ­ვლილ განადგურებულ ასობით სომხურ ტანკსა და საარტილერიო დანადგართან ერთად მოიხსენიება ხუთი ერთეული ჩამოგდებული Су-25 ტიპის თვითმფრინავიც. ომის პირველივე დღეებში ერთი სომხური Су-25-ის ჩამოგდება ოფიციალურმა ერევანმაც აღიარა და სცადა, ეს საერთაშორისო დონეზე თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, კერძოდ, სომხეთის ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებდა, რომ სომხეთის
საჰაერო სივრცეში მყოფი მისი მოიერიშე თვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან აფრენილმა თურქულმა F-16 ტიპის გამანადგურებელმა შორს მოქმედი "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით ჩამოაგდო, რაც სომხეთის სუვერენიტეტზე თავდასხმის ტოლფასი გახლდათ და რუსეთი თავისი ო-დე-კა-ბეთი აუცილებლად უნდა დახმარებოდა ოფიციალურ ერევანს.

სომხების ამ დაჟინებულ თხოვნას კრემლში წაუყრუეს და თურქული გამანადგურებლის მიერ სომხური
მოიერიშის ვითომ ჩამოგდება თავისთავად მიეცა დავიწყებას (ბაქო აცხადებდა, რომ სომხური მოიერიშე არავის ჩამოუგდია და მისი პილოტი მთას დაეჯახა), თუმცა არანაკლებ ექვსი თურქული F-16 ომის პერიოდში მართლაც იყო აზერბაიჯანის აეროდრომებზე. ისინი ომის დაწყებამდე თურქეთმა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაიყვანა აზერბაიჯანში ერთობლივი საჰაერო სწავლებების გამართვის მოტივით (ქართული ცა გასულ წლებშიც არაერთხელ გადაუსერავთ თურქულ საბრძოლო თვითმფრინავებს აზერბაიჯანისკენ და აზერბაიჯანის სამხედრო ავიაციასაც გადაუფრენია თბილისის თავზე თურქეთის მიმართულებით) და იქ დატოვა იმ შემთხვევისთვის, თუკი ყარაბაღის მესამე ომი ისე არ წარიმართებოდა, როგორც ბაქო და ანკარა ნაწილობრივ მოსკოვს შეუთანხმდნენ.

მაგრამ საიდან გაჩნდა სომხეთის შეიარაღებაში Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, თუკი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს სომხეთის ტერიტორიაზე არც ერთი საბრძოლო თვითმფრინავი არ იყო?


ქართული არმია აფხაზეთის ომში იყენებდა იმ მოიერიშე Су-25-ებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ მრისხანე საბრძოლო თვითმფრინავების ერთადერთმა მწარმოებელმა - თბილისის საავიაციო ქარხანამ გადასცა.

აზერბაიჯანმა სითალჩაიში დისლოცირებული საბჭოთა საავიაციო პოლკის ბლოკირების შემდეგ იქ განლაგებული Су-25 ტიპის მოიერიშეები დაიტოვა.
მოიერიშეებით სომხეთის აღჭურვაზე კი თავიდანვე რუსეთმა იზრუნა - 1992 წლის შემოდგომაზე ჩრდილო კავკასიიდან ქართული ცის გავლით გიუმრიში სხვადასხვა მოდიფიკაციის რვა Су-25 გაუშვა და სომხურ მხარეს აჩუქა თუ მიჰყიდა.

სხვათა შორის, ამ მოიერიშეების რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გადაფრენა არ იყო შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან და რუსმა გენერლებმა ერთი სამხედრო ეშმაკობა გამოიყენეს - მათ საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სისტემას აცნობეს, რომ მოზდოკიდან გიუმრიში რუსული სატრანსპორტო Ан-12 უნდა გადაფრენილიყო, რომელსაც "ჰუმანიტარული" ტვირთი მიჰქონდა სომხებისთვის, სინამდვილეში კი ამ სატვირთო თვითმფრინავს ძალიან ახლოს, კუდში ამოუდგა ორი Су-25 მოიერიშე და ამ "ტრიომ" ისე გადაუფრინა ქართულ ცას, რომ ჩვენს რადიოლოკატორებზე მხოლოდ ერთი დიდი თვითმფრინავის ნიშნული გამოჩენილიყო...

ეს ტრიუკი რუსმა პილოტებმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეს, სანამ გიუმრიში რვავე მოიერიშე არ ჩაიყვანეს.
მაშინ საქართველო აფხაზეთის ომში იყო ჩაბმული და არ გვეცალა იმის გასარკვევად, რა შეიარაღებას გაუგზავნიდა რუსეთი სომხეთს, სამაგიეროდ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ აზერბაიჯანისთვის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სომხეთს დამრტყმელი თვითმფრინავები არ ჰყავდა და არ ფიქრობდა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. სომხეთის შეიარაღებაში მოულოდნელად აღმოჩენილი ეს მოიერიშეები ოფიციალური ბაქოსთვის საშიშ სიურპრიზად იქცა.
აი, მეცხრე Су-25-ის გამოჩენა კი სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში დიდ კრიმინალსა და საქართველოსთან გახლავთ დაკავშირებული, რადგან ეს საბრძოლო თვითმფრინავი ჩვენ… მოგვპარეს!

1990-იანი წლების ბოლოს ჩვენ "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნეთ ჟურნალისტური გამოძიების ექსკლუზიური მასალები იმის შესახებ, 1993 წლის 20 ნოემბერს როგორ მოჰპარეს ქართულ სამხედრო ავიაციას ახალთახალი, რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული მოიერიშე Су-25.
იმ დღეს ცხენისწყლიდან კოპიტნარის აეროდრომს "ზვიადისტთა" შეიარაღებული რაზმები მიუახლოვდნენ და მათ იქ განთავსებული მოიერიშეები ხელში რომ არ ჩაეგდოთ, გაიცა ბრძანება რამდენიმე Су-25-ის თბილისში, საავიაციო ქარხნის აეროდრომზე სასწრაფოდ გადმოყვანის შესახებ.

რუსმა პილოტმა ჟიტნიკოვმა, რომელიც ახალი იყო ქართული სამხედრო ავიაციის რიგებში, სთხოვა თავის ქართველ კოლეგას, დაეთმო ახალი მოიერიშე, რადგან ძველის კაბინაში თითქოს საათი არ მუშაობდა და არც მას ჰქონდა მაჯის საათი.

თბილისისკენ ორი მოიერიშე გამოფრინდა - ერთი ძველი, ავღანეთის ომგამოვლილი და მეორე ახალი, რომელსაც მხოლოდ ექვსი საათი თუ ჰქონდა ნაფრენი, მაგრამ თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე მხოლოდ ავღანეთგამოვლილი მოიერიშე დასვა ქართველმა პილოტმა, რუსი მფრინავის ახალთახალი ქართული მოიერიშე კი არსად ჩანდა.

მის მოსაძებნად მაშინვე სხვა თვითმფრინავი აფრინდა. ეჭვობდნენ, რომ მან ავარია განიცადა, მაგრამ ჟიტნიკოვი თავისი 15-ტონიანი მოიერიშით თითქოს ცამ ჩაყლაპა...
დიდი მიხვედრა აღარ სჭირდებოდა, რომ ქართულ არმიას საბრძოლო თვითმფრინავი მოჰპარეს, მაგრამ Су-25 ხომ სტრატეგიული ბომბდამშენი არ იყო, ჩრდილო კორეაში გადაფრენილიყო, ამიტომ სამეზობლოში უნდა გვეძებნა.

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების სერიის შედეგად გავარკვიეთ, რომ კოპიტნარიდან აფრენილმა ჟიტნიკოვმა ისარგებლა რა თვითმფრინავების აფრენის უსაფრთხოებისთვის აღებული 8-10-წთ-იანი ინტერვალით, მოიერიშე დაბალ სიმაღლეზე გადაიყვანა, რათა რადიოლოკატორებს დამალოდა და ისე ჩააფრინა ქართული თვითმფრინავი სომხეთში, გიუმრის აეროდრომზე.
"ჩვენ ველოდით მის ჩამოფრენას, დაჯდომისთანავე ანგარში შევაგორეთ თვითმფრინავი და სასწრაფოდ გადავღებეთ. იყო ქართული, გახდა სომხური!" - ეს სიტყვები რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში სტუმრად მყოფ სომეხ სამხედროს სუფრასთან წამოსცდა. ის ამ ყველაფრის თვითმხილველი და მონაწილე გახლდათ.

მოგვიანებით, 2 000 წლისთვის, სომ­ხეთში კონფერენციაზე ყოფნისას ჩვენ საშუალება მოგვეცა, სომხეთის თავდაცვის მინისტრის კაბინეტში არაოფიციალურად გვეკითხა, როდის დაგვიბრუნებდნენ ჩვენს მოიერიშეს, რაზეც ხუმრობანარევი პასუხი მივიღეთ - რასაც თქვენ ვერ გაუფრთხილდით, ის უკვე ჩვენიაო...
სხვათა შორის, ორი კვირის წინ სწორედ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დააბრუნა ძველ სავარძელში პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.
და, აი, ყარაბაღის მორიგი ომის შემდეგ სომხეთის მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, რომ მას ხუთი მოიერიშე Су-25 ჩამოუგდო, მაგრამ არის მათ შორის საქართველოსთვის მოპარული Су-25?

დიდი ხნის განმავლობაში სომხების შეიარაღებაში 15 ერთეული მოიერიშე Су-25 რიცხებოდა, მათ შორის რამდენიმე ორადგილიანი საბრძოლო-სასწავლო მოდიფიკაციისა (ერთი ასეთი ორადგილიანი მოიერიშე სომხეთმა რამდენიმე წლის წინ ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგა).
ალბათობა იმისა, რომ 15 მოიერიშიდან ხუთი მართლაც ჩამოაგდეს და მათ შორის შეიძლება თავის დროზე საქართველოდან გატაცებული საბრძოლო თვითმფრინავიც იყოს, ძალიან დიდია, რადგან კოპიტნარიდან გატაცებული Су-25 ყველაზე ახალი გახლდათ სომხეთის საავიაციო დანაყოფში და ჩვენი ვარაუდით, სომხეთი მას საბრძოლო ოპერაციებში აუცილებლად გამოიყენებდა. თუ მართლაც ასეა, გამოდის, რომ ქართველებისთვის მოპარული მოიერიშე სომხეთს აზერბაიჯანელებმა ჩამოუგდეს.

რამდენი სამხედრო დაეღუპათ სომხებს და რამდენი - აზერბაიჯანელებს...

თვენახევრიანი საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სომხური მხარე ყოველდღიურად აქვეყნებდა პირადი შემადგენლობის საკუთარ დანაკარგს, აზერბაიჯანმა კი განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვს მხოლოდ ომის შემდგომ გაამხელდა.
3 დეკემბერს ბაქომ პირველი ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით, ყარაბაღის მესამე ომში დაიღუპა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 2 783 სამხედრო მოსამსახურე, ასზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 103 დაღუპულის ნეშტის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს მათი იდენტიფიკაციისთვის.

ბაქოს მონაცემები გაკვირვებას იწვევს, რადგან მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანის ცოცხალი ძალის დანაკარგი 9-10 ათასი მაინც იქნებოდა. სომხეთის არმიამ, რომელიც თავდაცვით პოზიციებზე იბრძოდა, 5 ათასამდე ადამიანი დაკარგა, შეტევაზე გადასულების დანაკარგი კი, მით უმეტეს, მთაგორიან რელიეფზე, ჩვეულებრივ, 3-4-ჯერ მეტია.

შეიძლება ეს თანაფარდობა, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა, შეცვალა ბრძოლის თანამედროვე ელემენტებმა, კერძოდ, უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენებამ და სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის ზუსტმა კორექტირებამ, თუმცა მაინც რჩება ეჭვი, რომ არც ბაქო და არც ერევანი ჯერჯერობით არ აღიარებენ ცოცხალი ძალის ზუსტ დანაკარგს.

10 დეკემბერს ბაქოს ცენტრში დაგეგმილია გამარჯვების აღსანიშნავი გრანდიოზული სამხედრო აღლუმის გამართვა, რომელზეც აზერბაიჯანი გამოიტანს ნაალაფარ სომხურ ტანკებს, ჯავშანმანქანებსა და საარტილერიო დანადგარებს.

ერევანში ეშინიათ, რომ ამ აღლუმზე გამარჯვებული აზერბაიჯანი სომეხ სამხედრო ტყვეებსაც ჩაატარებს, რაც დამარცხებული სომხეთისთვის კიდევ ერთ მძიმე მორალურ დარტყმად შეიძლება იქცეს.
sss 21
19 დეკემბერი 2020 19:08
ლაშას კომენტარი სიმართლესთან ახლოსაა..... იმ პილოტმა მძიმე დანაშშაული ჩაიდინა, იძებნება თუარა წითელი ცირკულარით ან რა სამართლებრივი დევნა დაიწყო მის მიმართ ვიცით საერთოდ რამე?
14 დეკემბერი 2020 11:13
როგორც ბევრი საქმე საქართველოში, ეგეც გამოუძიებელი დარჩა, არადა მაგ თვითმფრონავის გაყიდვას სერიოზულად აბრალებდნენ კიტოვანს და სხვათა შორის, არცთუ უსაფუძვლოდ
ლაშას
14 დეკემბერი 2020 01:03
რა დოკუმენტაციის გარეშე ვერ იფრენს, რას გულისხმობთ, რა სომხური გაი გაჩერებს თუ ჩვენი პატრული?დდდდდდდდდდდდდდდდდ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები