პუტინი "ტრიუმფით" ტრიუმფალურად ხლეჩს ნატოს?! - კვირის პალიტრა

პუტინი "ტრიუმფით" ტრიუმფალურად ხლეჩს ნატოს?!

როგორ იმოქმედებს საქართველოს ნატოსთან დაახლოებაზე ამ ალიანსის ორი წევრის დაპირისპირება, ანუ რატომ უწესებს სანქციებს აშშ თურქეთს?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველაზე ძლიერმა წევრმა - აშშ-მა ნატოს არანაკლებ ძლიერ წევრ თურქეთს თავდაცვის სფეროში სანქციები დაუწესა...

ეს შეიძლება ნონსენსად მივიჩნიოთ, რადგან ალიანსის ქვეყნები ერთმანეთის გაძლიერებასა და დახმარებაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორც ნატოს წესდება მოითხოვს, მაგრამ ალიანსის წევრი, არმიების რაოდენობით პირველი და მეორე ქვეყნების პრეზიდენტები ბოლო წლებია, ერთმანეთთან უფრო ქიშპობენ, ვიდრე თანამშრომლობენ.

რატომ მოიქნია ასე მწარედ კუდი ტრამპმა საპრეზიდენტო კაბინეტის დატოვებამდე ერთი თვით ადრე?

აშშ-თურქეთის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ერდოღანის მიერ პუტინისგან ნაყიდი С-400 "ტრიუმფის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გახდა, რამაც ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების, განსაკუთრებით კი - თეთრი სახლის აღშფოთება-შეშფოთება გამოიწვია.

ამის საფუძველი ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურობას ნამდვილად ჰქონდა, რადგან რუსეთი ნატოს მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ აღიქმება და როდესაც ალიანსის ერთ-ერთი წევრი სავარაუდო მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკით იარაღდება, მით უმეტეს, თუ ეს საჰაერო თავდაცვას ეხება, დაფიქრება და შეშფოთება ბუნებრივია.

ნატოს გენერალიტეტი უფრთხის, რომ მისი წევრი თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში (რომელიც ინტეგრირებულია ალიანსის საჰაერო თავდაცვასთან, განსაკუთრებით - ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე) რუსული წარმოების საზენიტო საშუალებების ჩართვამ შეიძლება რუსეთის სამხედრო დაზვერვას საშუალება მისცეს, ალიანსის საჰაერო კონტროლის სისტემაში შეაღწიოს, რაც უდიდესი საფრთხე იქნება ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რადგან თანამედროვე ომები სწორედ მოულოდნელი საჰაერო თავდასხმებით იწყება.

თავად ნატო და, უპირველესად, აშშ-ც არიან დამნაშავე, რომ ალიანსის წევრმა თურქეთმა მაინცდამაინც რუსული "ტრიუმფები" შეიძინა.

საქმე ის არის, რომ თურქეთს, რომლის არმია რაოდენობით მეორეა ალიანსის წევრი ქვეყნების არმიებს შორის, სუსტი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდა და ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონს არაერთხელ სთხოვა, მიეყიდა მისთვის შედარებით თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემები - "პეტრიოტები" წარმოების ტექნოლოგიებთან ერთად.

თავის დროზე ანკარამ სწორედ ასე შეიძინა ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები და მათი სერიული წარმოება თურქეთში დაიწყო, რამაც ძალზე სწრაფად განავითარა თვითმფრინავთმშენებლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ამჯერად ანკარამ შედეგს ვერ მიაღწია - ამერიკული მხარე "პეტრიოტების" წარმოების ტექნოლოგიის თურქეთისთვის გადაცემას არ დასთანხმდა.

თურქეთი იძულებული გახდა, თანამედოვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესაძენად გამოეცხადებინა საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც 2015 წელს, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩინურმა FD-2000-მა (ჩინური HQ-9 -ის საექსპორტო ვარიანტი. თავად HQ-9 კი ჩინეთისთვის მიყიდული რუსული С-300 ПМУ-1 -ის კლონი გახლავთ) გაიმარჯვა, თუმცა რამდენიმე თვეში ანკარამ ამ ტენდერის შედეგები გააუქმა, რისი მიზეზიც, ნაწილობრივ, ის გახლდათ, რომ არც ჩინელებმა მოისურვეს, ამ საზენიტო სისტემის წარმოების ტექნოლოგია თურქებისთვის გადაეცათ, მთავარი კი მაინც ის იყო, რომ ნატომ თავის წევრ თურქეთს კატეგორიულად მოსთხოვა, არავითარ შემთხვევაში არ ეყიდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჩინეთისგან, რომელიც ალიანსისთვის რუსეთის შემდეგ მეორე სავარაუდო მოწინააღმდეგედ აღიქმება.

ასე რომ, თურქეთი საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებების გარეშე რჩებოდა და 2017 წელს ერდოღანმა მიიღო სკანდალური გადაწყვეტილება - რუსეთისგან 2,5 მლრდ დოლარად შეეძინა ამ ეტაპისთვის ყველაზე თანამედროვე სერიული წამოების С-400 "ტრიუმფები", რომლებითაც სრულად თვით რუსეთის არმიაც კი არ არის აღჭურვილი.

რატომ გადაწყვიტა პუტინმა, რუსეთის მთავარი სავარაუდო მოწინააღმდეგის - ნატოს წევრი თურქეთისთვის, რომელსაც სირიასა და ლიბიაში "ეძიძგილავება", მიეყიდა თანამედროვე "ტრიუმფები", რომელთა საიდუმლო შეიძლებოდა ჯერ - თურქეთის, შემდეგ კი ნატოს დაზვერვას გაეგო?

პუტინმა სამხედრო საიდუმლოს დაცვის თვალსაზრისით შეიძლება სარისკო ნაბიჯი გადადგა (მას ამისთვის ბევრი რუსი გადამდგარი გენერალი აკრიტიკებდა), თუმცა პოლიტიკურად ძალზე მომგებიანი სვლა გააკეთა - "ტრიუმფების" თურქეთისთვის მიყიდვით მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განხეთქილების ვაშლი შეაგორა, რის შედეგსაც ნატო უკვე იმკის - ვაშინგტონი ანკარას სანქციებს უწესებს.

როგორ იმოქმედებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების დიდი ხნის მოსურნე საქართველოზე ის ფაქტი, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთს ევროპელი თანაალიანსელები უკვე ეჭვის თვალით უყურებენ, ამერიკელი პარტნიორი კი ანკარასთან სამხედრო თანამშრომლობას ზღუდავს?

ნატოს ახალი კონცეფცია ითვალისწინებს მისი ინტერესების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, რაც საქართველოსა და უკრაინის ინტერესებსაც შეესაბამება, მაგრამ თუკი ამ რეგიონში ალიანსის ყველაზე ძლიერ წევრ თურქეთს ნატოს სხვა წევრები კრიჭაში ჩაუდგებიან, მის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას განა არ გაურთულდება შავ ზღვაში თავისი სამოქმედო ბერკეტების ამოძრავება?

ნატოს წევრების, განსაკუთრებით კი აშშ-ის თურქეთთან დაპირისპირება საქართველოსთვის საზიანო იქნება, სამაგიეროდ, მოიგებს პუტინის რუსეთი, რომელმაც საზენიტო "ტრიუმფებით" ტრიუმფალურად გახლიჩა ნატო.