სომხებმა "პარტიზანობა" სცადეს და ყარაბაღში კინაღამ ახალი ომი გამოიწვიეს - კვირის პალიტრა

სომხებმა "პარტიზანობა" სცადეს და ყარაბაღში კინაღამ ახალი ომი გამოიწვიეს

აზერბაიჯანელებმა ორასამდე იარაღაყრილი სომეხი სამხედრო რუსებს გადააბარეს...

მთიან ყარაბაღში მესამე ომის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელები ბაქოში სამხედრო აღლუმით აღნიშნავდნენ გამარჯვებას, სომეხი სამხედროების პატარა დაჯგუფებამ "პარტიზანობა" სცადა და კინაღამ ახალი ომი გამოიწვია.

ამაში გარკვეული წვლილი იმ გაუგებრობამაც შეიტანა, რაც ყარაბაღში რუსი სამხედროების სამშვიდობო მისიით შეყვანას მოჰყვა.

ქალაქ შუშის სამხრეთით, ოციოდე კმ-ში მდებარე ორი სოფლის - ჰინ ტაგერისა და ჰცაბერდის ბედი გაურკვეველი იყო, რადგან ისინი ერთგვარ სომხურ ანკლავს წარმოადგენდა ჰადრუთის რაიონში, რომელიც მთლიანად დაიბრუნა აზერბაიჯანულმა მხარემ.

სომხურმა მცირერიცხოვანმა სამხედრო დანაყოფებმა სწორედ ამ ორი სოფლის სიახლოვეს სცადეს პარტიზანული ბრძოლის დაწყება, მოკლეს და დაჭრეს რანდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ოფიციალური ბაქოს საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა და ამ სოფლების მიმართულებით გაიგზავნა აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებმაც ორიოდე დღეში ჩაახშვეს სომხური მხარის ცდა, მთიან ყარაბაღში პარტიზანული ომი დაეწყო.

რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ალყაში აღმოჩენილ ერთ-ერთ სომხურ რაზმთან აზერბაიჯანელი ოფიცერი მივიდა და, სომეხი ჯარისკაცებისავე თქმით, მათ განუცხადა, ალყაში ხართ, თქვენზე ბევრი ვართ, მაგრამ არ გვინდა დაგხოცოთ, ამიტომ იარაღი დაყარეთ და რუს სამხედროებამდე მიგაცილებთო.

სომეხი სამხედროები მოთხოვნას დაჰყაბულდნენ, იარაღი დაყარეს და გრძელი კოლონით ფეხით გაუყვნენ დათოვლილ გზას აზერბაიჯანელი სპეცრაზმელების კონვოის თანხლებით. აზერბაიჯანელებმა სიტყვა შეასრულეს და ორასამდე იარაღაყრილი სომეხი სამხედრო რუსულ მხარეს გადააბარეს.

ამასთანავე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა საზარელი კადრები იმ სომეხი სამხედროებისა, რომლებმაც ბრძოლა არ შეწყვიტეს - დაღუპულთა გაყინული გვამების ყურება შეუძლებელია.

სჭირდებოდა კი სომხეთს ეს უაზრო "პარტიზანული" გაბრძოლება, რომელიც ათობით დაღუპულად და ორასამდე ტყვედ დაუჯდა?

სამხედრო თვალსაზრისით, ეს "პარტიზანობა" თავიდანვე განწირული გახლდათ, რადგან ფოთოლგაცვენილ და თოვლით გადათეთრებულ ტყე-მინდორზე ძალიან კარგად ჩანდა სომეხი სამხედროების კამუფლირებული ფორმები, აზერბაიჯანელ სპეცრაზმელებს კი თეთრი ფერის მოსასხამები ჰქონდათ მორგებული და უკეთესად ეხამებოდნენ თოვლს.

ამასთან, ეს ორი სოფელი მოწყვეტილია როგორც სტეფანაკერტს, ისე - სომხეთის ტერიტორიას და "პარტიზანების" მომარაგება მთებში, თანაც დიდი თოვლისას, ურთულესი ამოცანა იქნებოდა.

ეს ავანტიურა, ალბათ, უფრო ადგილობრივი მასშტაბისა გახლდათ, რომელსაც უნდა დაეკმაყოფილებინა ერთი-ორი ცნობილი სომეხი საველე მეთაურის ამბიციები, რომ ნამდვილი სომხები ბრძოლას აგრძელებენ, შედეგად კი დაიღუპნენ წვევამდელი ჯარისკაცები, რომლებიც 44-დღიან ომს გადაურჩნენ და რომელთაც ახლობლები გულისფანცქალით ელოდნენ...