2020 წლის სამხედრო მიმოხილვა
2020 წლის სამხედრო მიმოხილვა
გასულ წელს საქართველოს სიახლოვეს გაიმართა ომი, რომელიც სამომავლოდ სამხრეთ კავკასიაში ბევრ რამეს შეცვლის

მთავრდება 2020 წელი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც კორონავირუსთან შეუპოვარი ბრძოლის ხანა, როცა საფრთხე თითოეულ ჩვენგანს დაემუქრა. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო სამხედრო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადამიანებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევისაც კი ეშინიათ, დაცემინება კი სნაიპერის გასროლად აღიქმება. ახალი კორონავირუსის შემოტევა, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის მასშტაბი მიიღო, მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამედიცინო თუ სამხედრო მოვლენად და
უდიდეს გამოწვევად იქცა, სამწუხაროდ, ახალ 2021 წელსაც თავდაცვით პოზიციებზე ვხვდებით და მთავარ იმედად ვაქცინების წარმატება გვრჩება.


არმიების როლი კორონავირუსთან ბრძოლაში

კორონავირუსის პანდემია ყველაზე საშიში სწორედ სხვადასხვა ქვეყნის არმიებისთვის გახდა, რადგან საარმიო დანაყოფების პირადი შემადგენლობა ყაზარმებში ცხოვრობს და მწყობრით სიარულისას მხარდამხარ მიაბიჯებს. განსაკუთრებული პრობლემები სწორედ იმ
განვითარებულ ქვეყნებს­ შეექმნათ, რომელთა შეიარაღებაშია­ მრავალრიცხოვანი ეკიპაჟების მქონე წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო ხომალდები. ბრძოლისუუნარო გახდა ამერიკული ატომური ავიამზიდი თუ რუსული სარაკეტო ატომურძრავიანი წყალ­ქვეშა ნავი, რომელთა­ ეკიპაჟები ელვის სისწრაფით დაინფიცირდნენ­ კორონავირუსით, რადგან ამ საზღვაო ხომალდების ვიწრო კუბრიკებსა და ტრიუმებში მეზღვაურები ერთმანეთს ვერ მოერიდებოდნენ.

ქართულ არმიას ამ მხრივ შეიძლება გაუმართლა კიდეც, რადგან მის შეიარაღ­ებაში არსებულ ჯავშანტრანსპორტიორებსა­ და ქვეითთა საბრძოლო მანქანებში მხოლოდ ათიოდე სამხედრო თავსდება და ამის გამო საბრძოლო ტექნიკის ეკიპაჟები მასობრივ დაინფიცირებას გადაურჩნენ. ქართველი სამხედროები პოლიციელებთან ერთად დადგნენ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, რამაც 2020 წლის გაზაფხულზე საოცარი შედეგი გამოიღო და საქართველო პანდემიის პირველ ფაზას, ფაქტობრივად, გადაურჩა, თუმცა მერე ისეთ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი საქართველო, თქმაც კი გვიჭირს. იმედად ისევ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ერთმანეთს მორიდება და ვაქცინაცია რჩება.

ომით დაკარგული ომით დაიბრუნა, მაგრამ რის ხარჯზე?

44-დღიანმა ყარაბაღის მესამე ომმა, მიუხედავად პანდემიის მეორე ფაზისა, თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და წლის ერთ-ერთი­ მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა გახდა.

ამ სამხედრო დაპირისპირებამ მსოფლიოს დაანახა, რომ ომით დაკარგულის ომითვე დაბრუნება შესაძლებელი ყოფილა,­ რაც ასე აქტუალურია პოსტსაბჭოთა უკრაინის, მოლდოვისა და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის! მაგრამ ყარაბაღის მესამე ომში აზერბაიჯანის გამარჯვება თურქეთის აქტიური დახმარებითაც შეუძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი დროებით თვალს არ დახუჭავდა და აზერბაიჯანის არმიას მცირე ხნით მაინც არ შეუშლიდა ხელს შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში. ასეც მოხდა, რაც, ალბათ, მიანიშნებს,­ რომ 27 სექტემბრამდე, ანუ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა­ ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეძლო საიდუმლო გარიგება, რაც აუცილებლად ეცოდინებოდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანსაც. ეს საიდუმლო გარიგება ითვალისწინებდა აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე შვიდი რაიონის დაბრუნებას,­ რომლებიც არასდროს შედიოდა ყარაბაღის ოლქის შემადგენლობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სომხებს­ ჰქონდათ დაკავებული.

სამაგიეროდ, პუტინი ალიევისგან იღებდა თანხმობას მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის მოტივით რუსული სამხედრო კონტინგენტის ჩაყენებაზე, ანუ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტების გაძლიერებაზე.

საიდუმლო გარიგება შესრულდა ერთი შესწორებით - ზემოხსენებული შვიდი რაიონის გარდა, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის, ქალაქი შუშაც გაათავისუფლა, რადგან ოფიციალური­ ერევანი გაჯიუტდა და ოცი დღე არ ეთანხმებოდა პუტინისა და ალიევის შეთავაზებულ ვარიანტს - დაეთმო ჯერ ხუთი, შემდეგ კი ორი ოკუპირებული აზერბაიჯანული რაიონი... კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოხერხდა პუტინ-ალიევის საიდუმლო გარიგება, კრემლისთვის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიუღებლობა გახლდათ. ორი წლის წინ ოპოზიციის ლიდერი ფაშინიანი ხალხის მასამ მოიყვანა ხელისუფლებაში, რისთვისაც სომხეთის მაშინდელი მთავრობა ჩამოაგდო,­ ეს კი კრემლისთვის სილის გაწვნის ტოლფასი გახლდათ, ამიტომაც პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო, ფაშინიანის ხელისუფლების კრახი ამავე ადამიანების ხელით მომხდარიყო... აზერბაიჯანმა აისრულა სამათეულწლიანი ოცნება და თითქმის მთლიანად აღადგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. თითქმის, რადგან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილზე რჩებიან სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები და სამოქალაქო ხელისუფლების სტრუქტურები, რომელთაც იქ სამშვიდობო მისიად სახელდებული რუსული სამხედრო კონტინგენტი იცავს.

მამისთვის მიცემული პირობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა,­ ალიევს ძვირი დაუჯდა არა მარტო დაღუპულიმებრძოლებისა და დახარჯული ასეულობით მილიონის გათვალისწინებით, არამედ იმიტომაც, რომ მთიან ყარაბაღში ანუ აზერბაიჯანის შუაგულში შეშვებული რუსული სამხედრო ძალა შეიძლება "ტროას ცხენად" იქცეს, რომელიც არავინ იცის უახლოეს წლებში როგორ პრობლემებს შეუქმნის ოფიციალურ ბაქოს. ამის მაგალითად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ჩვენი ნებართვით შემოსული ე.წ. რუსული სამშვიდობო კონტინგენტის უახლესი­ ისტორიაც კმარა, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთის სამხედრო აგრესიის პლაცდარმად იქცა...

ნაკლები დანაკარგით და მეტი სიზუსტით

ყარაბაღის მესამე ომს, გარდა პოლიტიკური შედეგებისა, ჰქონდა სამხედრო ასპექტიც, რადგან ნათლად ჩამოყალიბდა 21-ე საუკუნის მომავალი ომების ახალი სახე - "ნაკლები დანაკარგით და მეტი სიზუსტით", ანუ დისტანციურად მართვადი საბრძოლო სისტემები უზუსტესი წერტილოვანი დარტყმებით ანადგურებს მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავად არც პილოტები­ ეღუპებათ და არც - ცეცხლის მართვის ოპერატორები. ასეთი ეფექტიანი ბრძოლის მაგალითები ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში, ყარაბაღის მეორე ომის დროს გამოჩნდა, როდესაც ისრაელისგან შეძენილი უპილოტო "ჰაროპებითა" და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი "სპაიკებით" აზერბაიჯანის არმიამ უზუსტესი წერტილოვანი დარტყმებით ოთხ დღეში რამდენიმე ათეული სომხური ტანკი და ჯავშანმანქანა გაანადგურა.

როგორც აღმოჩნდა, 2016 წლის აპრილის ომი რეპეტიცია ყოფილა, რადგან 2020 წლის ომში აზერბაიჯანის არმიამ უფრო დიდი მასშტაბით გამოიყენა ისრაელისა და თურქეთის უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი და ბარაჟირებადი საფრენი აპარატები, რამაც გარდამტეხი როლი შეასრულა­ აზერბაიჯანის გამარჯვებაში. საგულისხმოა ისიც, რომ უპილოტო საბრძოლო სისტემების გამოყენების თვალსაზრისით აზერბაიჯანის არმიის გამოცდილებას უკვე სწავლობენ მსოფლიოს უძლიერეს არმიებში, მათ შორის - აშშ-ში, რუსეთში, ჩინეთში, თურქეთსა თუ ისრაელში.
ქართული არმია - რით გაძლიერდა ის 2020 წელს?

2020 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი ამოცანა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის ხელისუფლების დახმარება იყო. საკონტროლო ზონებისა და საველე ჰოსპიტლების მოწყობასა თუ კომენდანტის საათის დაცვაში სამხედრო შენაერთები აქტიურად იყვნენ ჩართული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა იყო თავად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაში კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლა. ამ ფონზე რთულდებოდა გეგმური, მათ შორის - საერთაშორისო დონის წვრთნებისა და სწავლებების ჩატარება, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მოახერხა ძირითადი ამოცანების შესრულება და ქართულ პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლებაც გაიმართა.

გარდა ამისა, ქართული არმიის ლოჯისტიკური და საბრძოლო შესაძლებლობებიც გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეული სხვადასხვა დანიშნულების ახალი ავტომობილი შეისყიდეს. ამან ქართული საბრძოლო და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების მობილურობა გაზარდა, რასაც თანამედროვე ომებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება... გასულ წელს დაიწყო იმ ქართული მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების კაპიტალური რემონტი, რომლებიც ოთხი წელი გაუნძრევლად იდგა აეროდრომზე და მათ ჩამოწერასა და გაყიდვას აპირებდნენ.

ასევე ხორცი შეესხა კიდევ ერთ კარგ გადაწყვეტილებას - თავდაცვის ძალებს­ გადაეცა "დელტაში" დამზადებული 40 ერთ­ეულამდე "დიდგორის" სხვადასხვა მოდიფიკაცია. წესით, ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო, თუმცა ჯობს გვიან... "დიდგორების" ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარე მალე გამოჩნდება, რაც "დელტას" მათი დახვეწის საშუალებას მისცემს.

აზერბაიჯანის არმიასთან შედარებით, ქართული თავდაცვის ძალების უპილოტო­ საფრენი აპარატების შესაძლებლობები, სამწუხაროდ, მოკრძალებულია, თუმცა გასულ წელს თავდაცვის სამინისტრომ ესპანური წარმოების რამდენიმე უპილოტო შვეულმფრენი და თვითმფრინავი შეიძინა, რომლებიც სადაზვერვო ფუნქციების შესასრულებლად არის განკუთვნილი. უპრიანი იქნებოდა, თუკი 2021 წელს ქართულ არმიაში პირველად ვიხილავდით დამრტყმელ და ბარაჟირებად უპილოტო საფრენ აპარატებსაც... ქართველ სამხედროებს ასევე გამოადგებათ "მაილსის" ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ამერიკულმა მხარემ გადმოგვცა. ეს საუკეთესო საშუალებაა დანაყოფების ინტენსიური წვრთნების დროს, როდესაც საბრძოლო სიტუაციასთან მიახლოებული პირობების შექმნა შეიძლება.

ასეთი იყო გასული 2020 წლის რამდენიმე ძირითადი სამხედრო მოვლენა, თუმცა საქართველოსთვის უმთავრესი მაინც ის გახლდათ, რომ ქვეყანამ ამ წელსაც შეინარჩუნა მშვიდობა და რაიმე სახის შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრეული არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ჩვენგან არცთუ შორს ახალი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ომი გაიმართა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები