ომი გზებზე... ჯიპებით - კვირის პალიტრა

ომი გზებზე... ჯიპებით

კადაფი ცვლის ბრძოლის ტაქტიკას და ამბოხებულებს მათივე იარაღით უპირისპირდება

ომი ლიბიაში თანდათან ძალიან უცნაურ სახეს იღებს. ამბოხებულებს დასავლეთის ავიაციის იმედი აქვთ და თავის გაწირვას სახმელეთო ბრძოლებში არც აპირებენ. მათი გაგებაც შეიძლება, რადგან მარტო ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით კადაფის ტანკებსა და შორსმსროლელ არტილერიას ვერაფერს დააკლებენ.

NATO-ს ავიაციას კი შეუძლია კადაფის ეს საბრძოლო უპირატესობა მნიშვნელოვნად შეამციროს ზუსტი დაბომბვებით. ეს რომ არ მოხდეს, კადაფის ერთგულმა გენერლებმა ბრძოლის ახალი ტაქტიკა აირჩიეს. 19 მარტიდან, რაც დასავლეთის ავიაციამ ლიბიის გზებზე კადაფის ჯავშანტექნიკაზე ნადირობა დაიწყო, კადაფის მომხრეებმა მორიგ სამხედრო ეშმაკობას მიმართეს - ჰაერიდან ადვილად შესამჩნევი ტანკები და საარტილერიო დანადგარები მათ დასახლებული პუნქტების ქუჩებში გადამალეს და გადასაადგილებლად ძირითადად ისეთივე ჯიპებსა და პიკაპებს იყენებენ, როგორებსაც მანამდე - ამბოხებულები.

NATO-ს პილოტისთვის ჰაერიდან ძალიან ძნელია, გაარჩიოს, ტყვიამფრქვევდაყენებული პიკაპებიდან რომელი იბრძვის კადაფის მხარეს და რომელი - მის დასამხობად.

როგორც ირკვევა, ამბოხებულთა შორის არა უმეტეს ათასი კაცი მოიძებნება, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერკვევიან სამხედრო საქმეში, არადა მათ კადაფის მხრიდან რეგულარული არმიის არანაკლებ 20 ათასი სამხედრო უპირისპირდება.

უპირატესობა ამბოხებულების მხარეს მხოლოდ მაშინ გადაინაცვლებს, თუკი მათ პროფესიონალი სამხედრო ინსტრუქტორები დაეხმარებიან და ავტომატებზე უფრო სერიოზული იარაღი გაუჩნდებათ არსენალში, მაგალითად, შორსმსროლელი და მსხვილკალიბრიანი არტილერია.

გაეროს შესაბამისი რეზოლუცია კრძალავს ლიბიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციებში ჩარევას, მაგრამ თუკი ასე გაგრძელდა, გამორიცხული არ იქნება, ამბოხებულთა რიგებში მალულად დასავლელი სამხედრო სპეციალისტები და უფრო სერიოზული საბრძოლო საშუალებებიც გამოჩნდეს.

ამბოხებულთათვის იარაღის მიწოდება საკმაოდ სათუთი თემაა, რადგან უკვე დასავლელი სპეცსამსახურებიც აღიარებენ, რომ ამბოხებულთა რიგებში მართლაც იბრძვიან "ალ-ქაიდას" წევრები და მათთვის ამერიკული იარაღის მიწოდება თავად აშშ-ში ბევრს შოკში ჩააგდებს. ისე, სამართლიანობა მოითხოვს, შეგახსენოთ, რომ გაეროს რეზოლუციამდე კადაფი ხმამაღლა გაჰყვიროდა, ჩემი ხელისუფლების დამხობა "ალ-ქაიდას" სურს და ისინი მებრძვიანო...

დასავლეთი გააქტიურდა საიდუმლო ფრონტზეც - უკვე მოახერხა და კადაფის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდ ბრიტანეთში გააქცია. სავარაუდოდ, მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები კადაფის სხვა გავლენიან თანამებრძოლებთანაც. თუკი კადაფის ასე შემოაცლიან თანამებრძოლებს, ომი ლიბიაში შეიძლება შედარებით ადრე დამთავრდეს.