ჰექსოგენის თემა აქტუალურობას არ კარგავს... - კვირის პალიტრა

ჰექსოგენის თემა აქტუალურობას არ კარგავს...

31 მარტს საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინასწარ აღკვეთეს ქ. ქუთაისში დაგეგმილი სამი ტერორისტული აქტი.

დაკავებულია სამი ბრალდებული, რომლებიც ვიდეოჩვენებაში ადასტურებენ ქუთაისში ტერორისტული აქტების მომზადებას და აღიარებენ, რომ დავალება და ასაფეთქებელი მოწყობილობები ქ. ოჩამჩირეში რუსეთის ФСБ-ს ოფიცერმა გადასცა.

ბრალდებულების ჩვენების საფუძველზე შსს-მ ამოიღო 15კგ-მდე ჰექსოგენის ნარევი და  დაყოვნებითი მოქმედების ამფეთქებლები, რომლებითაც სამი ერთდროული აფეთქების განხორციელება იგეგმებოდა ქუთაისში.

თუკი არშემდგარი ტერორისტები 15 კგ ჰექსოგენის ნარევს სამ ნაწილად გაყოფდნენ და თითოეულ "ჯოჯოხეთის მანქანაში" დაახლოებით 5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იქნებოდა მოთავსებული, აფეთქებების ძალა მართლაც საზარელი იქნებოდა.

თუკი შსს-ს ინფორმაციას ბოლომდე ვენდობით, გამოდის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მართლაც "სანაღმო ომი" გამოგვიცხადეს.

სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურები შეეცდებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების გადაბირებას ერთგვარი "მეხუთე კოლონის" ჩამოყალიბების მიზნით.

ყველგან - გასულ წელს შემდგარ და არშემდგარ ტერორისტულ აქტებში, ბათუმში შსს-ს ოფიცრის აფეთქებისას  და ქუთაისში დაგეგმილი სამი ტერორისტული აქტისას - იკვეთება რუსული კვალი, როცა რუსული სპეცსამსახურების (ФСБ და ГРУ) წარმომადგენლები გადაბირებული ქართველების ხელით მოქმედებენ.

ოღონდ რუსული სპეცსამსახურების მოქმედება ხშირად საკმაოდ პრიმიტიულია, რაც საზოგადოების ერთ ნაწილში აჩენს ეჭვს, რომ ყოველივე ეს ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური თამაშია  და მოსახლეობის ყურადღების გადატანას გარეშე მტრის სახის შექმნაზე ცდილობს.

ეს ეჭვი გარკვეულწილად გააძლიერა "ჯოჯოხეთის მანქანების" აღმოჩენამ ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე, როდესაც ისინი რამდენიმე თვის დაგვიანებით იპოვეს. ამაში ბრალდებული პიროვნება დაკავებისთანავე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

"სანაღმო ომის" აჩრდილმა მოსახლეობაში პანიკური შიში შეიძლება დათესოს, რისი კარგი მაგალითიც იყო იმავე 31 მარტს თბილისში, "მრგვალ ბაღთან" დაწყებული პანიკა. მიმავალი მანქანიდან გზაზე გადმოაგდეს ცელოფანში გახვეული შეკვრა. ამის მნახველებმა, რომლებიც მანამდე ტელევიზიებმა ქუთაისში არშემდგარი ტერაქტებით დაზაფრეს, პატრული გამოიძახეს. მათ კი, თავის მხრივ, გამნაღმველები მოიყვანეს.

საბედნიეროდ, გაირკვა, რომ მენაღმეების ნაცვლად მენაგვეების გამოძახება ჯობდა, რადგან ქუჩაში გადაგდებულ შეკვრაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰექსოგენის თემა ჯერ კიდევ აქტუალურია და კვლავ მომსწრე გავხდებით პოტენციური ტერორისტების დაკავებისას გაკეთებული პირდაპირი სატელევიზიო ჩართვებისა...