რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის?..
რა იარაღს ვიყიდით 200 მლნ ლარად ქართული არმიისთვის?..
ფოტო:ისრაელის თვითმავალი ნაღმსატყორცნი სპეარი აზერბაიჯანელებმა ეფექტიანად გამოიყენეს ყარაბაღის ბოლო ომში. მის მსგავს ქართულ `დიდგორ მეომარს~ არანაკლები საბრძოლო შესაძლებლობები აქვს
2021 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში უნდა გამოჩნდეს უზუსტესი დამიზნების თანამედროვე საბრძოლო საშუალებები...

2021 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გარდამტეხი უნდა გახდეს, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინასაახალწლო გამოსვლაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტები იკვეთება: "შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომავალ წლებში სისტემურად დაიწყება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება. ამ სისტემური და, მე ვიტყოდი, ამბიციური გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ 2021 წლის ბოლოს
იწყება, ნაწილი 2022 წელსაც გადავა. ჩვენი ჯარი სრულად იქნება აღჭურვილი ნატოს სტანდარტების М4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით."

მინისტრის პროგრამაში განსაკუთრებულად გამოიკვეთა სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონებით ქართული არმიის სათანადოდ აღჭურვის პროცესის დაწყება, რის აუცილებლობაზეც ბოლო წლებში არაერთხელ დაგვიწერია.

საგულისხმოა ისიც, რომ
მინისტრმა ილაპარაკა "დელტას" დიდ როლზე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამამულო პროდუქციის შექმნა-წარმოებაში, ასევე - იმ შედეგზე, რაც პოლონეთის, ჩეხეთისა და ისრაელის ცნობილ კორპორაციებთან "დელტას" მჭიდრო თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს.

დრონის კორპუსის დამზადება ჩვენც შეგვიძლია, მისი "ტვინის" ასამოქმედებლად კი უცხოელი პარტნიორების დახმარება დაგვჭირდება," - თავდაცვის მინისტრის ეს ფრაზა შეიძლება მიუთითებდეს პერსპექტივას, რომ ადრე თუ გვიან "დელტაში" შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სერიული წარმოების დაწყება.

alt

ეს წარმოუდგენელი არ არის, რადგან ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში, ანუ ოცი წლის წინ, თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო კომპოზიციური მასალებით საცდელი თვითმფრინავის ფიუზელაჟისა და ფრთასხმულობის დამზადება.

დღეს "დელტასა" და "თბილავიამშენს" საერთო ძალით ძალუძთ კომპოზიციური მასალებისგან დრონების კორპუსების დამზადება, ხოლო უფრო რთული და ძვირადღირებული რადიოელექტრონული აპარატურის შეძენაში, რომელიც დრონების მართვისა და საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება, ჩვენი კომერციული პარტნიორები დაგვეხმარებიან. მაგრამ სანამ საქართველოში შესაძლებელი გახდება თანამედროვე შეიარაღების ნიმუშების სერიული აწყობის პროცესის დაწყება, მანამდე საშური საქმეა, შევისყიდოთ სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე დრონების მცირე ნაწილი მაინც, რათა თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დროს მისი საბრძოლო გამოყენება ისწავლოს.

ყარაბაღის მესამე ომის გაანალიზებისას (არადა, ბევრი დეტალი ჯერ ისევ ბურუსითაა მოცული) იკვეთება ნიუანსები, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის მიერ თანამედროვე შეიარაღების გამოყენებისას გამოჩნდა. მათ შორისაა სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკების" - თუკი ვიდეოკადრებს ვენდობით - ეფექტიანი გამოყენებაც. ამ მხრივ ქართული არმია მაინცდამაინც არ ჩამოუვარდება აზერბაიჯანისას, რადგან ჩვენს არსენალშია ამერიკული "ჯაველინები", რომლებიც ისეთივე რისხვას წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის ტანკებისთვის, როგორსაც ისრაელის "სპაიკები", ოღონდ საჭიროა ამ "ჯაველინების" რაოდენობის გაზრდა, რის აუცილებლობაზე მინისტრმაც ილაპარაკა.

აზერბაიჯანელებმა ასევე აქტიურად გამოიყენეს ისრაელში ნაყიდი თვითმავალი ნაღმსატყორცნები - "სპეარები". თითქმის მათი ანალოგიური საარტილერიო სისტემა - 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმსატყორცნი "დიდგორი მეომრის" ბაზაზე "დელტას" სპეციალისტებმაც შექმნეს ორი წლის წინ. მართალია, ისრაელში დამზადებული ნაღმსატყორცნი უშუალოდ მანქანის ძარიდან ისვრის, ჩვენსას კი "დიდგორიდან" ძირს ჩამოშვება სჭირდება, მაგრამ ეს არ არის დიდი პრობლემა. ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დახვეწის შემდეგ ამ თვითმავალი ნაღმსატყორცნებით ქართული არმიის ქვეითი ბატალიონების სრულად გადაიარაღება შეიძლება, რაც მთაგორიან რელიეფზე ბრძოლისას ქართველ არტილერისტებს ტაქტიკურ უპირატესობას მიანიჭებს საცეცხლე პოზიციების სწრაფი და ხშირი ცვლილების სახით.

ქართული არტილერია ყოველთვის გამორჩეული იყო და სწორედ ის აყენებდა ყველაზე მეტ ზიანს მოწინააღმდეგეს როგორც აფხაზეთის, ისე აგვისტოს ომებში, მაგრამ ბუქსირებადი ჰაუბიცების საუკუნე გავიდა. ახლა მხოლოდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს უნდა მიექცეს ყურადღება და უპრიანი იქნება, თუ ისინი ბორბლებიან შასიზე დამონტაჟდება.

მართალია, მუხლუხებიან საარტილერიო დანადგარებს მეტი გამავლობა აქვს, მაგრამ ისინი ოპერატიულობით ჩამოუვარდება ბორბლებიანს და თანაც მათი ექსპლუატაცია ძვირი ჯდება.

გარდა ამისა, ახალი ტენდენციის შესაბამისად, ბევრი ქვეყნის არმია სწორედ ბორბლებიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების შეძენას ამჯობინებს და ქართველ არტილერისტებსაც შეუძლიათ მათ მიჰბაძონ, მით უმეტეს, რომ გასული საუკუნის ბოლოდან ქართული არმიის შეიარაღებაშია ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული "დანას" ტიპის 152 მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა ორიოდე წლის წინ შეიძინა ამ "დანას" მოდერნიზებული ვარიანტის მთელი დივიზიონი, რომელსაც აქტიურად და ეფექტიანად იყენებდა ბოლო ომში, რადგან აზერბაიჯანელი არტილერისტები სადაზვერვო დრონებიდან ოპერატიულად მიღებული ვიდეოკადრებით მყისიერად ახერხებდნენ საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას.

ქართული არმიის არტილერიის მომავალიც სწორედ თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისა და სადაზვერვო დრონების მჭიდრო კავშირით უნდა შეიქმნას, როდესაც ქართველ არტილერისტებს მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონის განადგურება ათი-ოცი გასროლითაც შეეძლებათ და არა ისე, როგორც აგვისტოს ომის დროს ხდებოდა,როცა ასობით ძვირადღირებული ჭურვი, კაცმა არ იცის, საით მიფრინავდა...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აპირებს თავდაცვის ძალების გადაიარაღებას გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, რაზე მინიშნება მინისტრის გამოსვლაშიც გაისმა. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელი ტიპის კომპლექსების შესყიდვას ფიქრობენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ამერიკული "სტინგერი", ისე - პოლონური "გრომი", თუმცა მარჩიელობა არ ღირს - გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით საჰაერო სივრცის სათანადოდ დაცვა საშური საქმეა, რადგან ჩვენი სავარაუდო მოწინააღმდეგე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზრდის სადაზვერვო და საბრძოლო დრონების რაოდენობას. არც აგვისტოს ომში ცხინვალთან, "დუბოვაია როშჩაში" მომხდარი ტრაგედია უნდა დავივიწყოთ, როდესაც რუსულმა მოიერიშემ დაბალი სიმაღლიდან კასეტური ბომბებით ერთდროულად 22 მებრძოლი მოგვიკლა, არადა მაშინ "იგლათი" ან "გრომით" მისი ჩამოგდება შესაძლებელი გახლდათ.

ამგვარი კამიკაძე მიკრო-დრონების კომპოზიციური კორპუსების საქართველოში აწყობა შეუძლებელი არ არის

რადგან საქართველომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია აირჩია, მძიმე ჯავშანტექნიკა, კერძოდ - ძირითადი საბრძოლო ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც შეტევისთვის არის განკუთვნილი, ვეღარ იქნება პრიორიტეტული ქართული არმიის აუცილებელი გადაიარაღების პროგრამაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც გვაქვს, ის ჯავშანტექნიკა არ გარემონტდეს და გაუმჯობესდეს.

თავდაცვის მინისტრის ამბიციურ პროგრამაში ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების საინჟინრო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, რაც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საინჟინრო შესაძლებლობები ითვალისწინებს შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის წინსვლის ტემპის მნიშვნელოვნად შენელებას ან მის შეჩერებას, რაც მიიღწევა კომუნიკაციების დანაღმვით, ხიდებისა და გვირაბების აფეთქებით თუ სხვა სპეციალური ქმედებებით.

აგვისტოს ომის დროს როკის გვირაბის თუნდაც ცოტა ხნით დაბლოკვა, ალბათ, დამარცხებას ვერ გადაგვარჩენდა, მაგრამ ბევრ რამეს შეცვლიდა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მეტ ზარალს ნახავდა და ჩვენც უფრო თავაწეულნი ვიქნებოდით.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მართლაც დიდი გეგმები აქვს 2021 წელს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამის განხორციელებას ბევრი ფული სჭირდება.

სამხედრო ბიუჯეტის (რომელიც წელს 900 მლნ ლარს მიაღწევს) სიმცირეზე მინისტრიც ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ გადაიარაღებაზე არანაკლებ 200 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც სამხედრო ბიუჯეტის 20 %-ია, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რეკომენდაციებშია მითითებული.

ლარის კურსის დაცემა მნიშვნელოვნად აძვირებს საზღვარგარეთ შეძენილი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის ღირებულებას, რასაც ემატება პანდემიის ფონზე დაზარალებული ეკონომიკა, მაგრამ ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესები არხეინად ყოფნის უფლებას არ გვაძლევს. საქართველომ უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა გააძლიეროს თავდაცვითი პოტენციალი, რათა სავარაუდო მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში მათ მძიმე საბრძოლო დანაკარგი ელოდებათ.
გიორგი
28 თებერვალი 2021 23:35
მართალია ტანკები არ გვჭირდება. საჭიროა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, უნდა ვისწავლოთ დრონებთან და ბარაჟირებად ყუმბარებთან ბრძოლა. ამ მიმართულებით დასაწყებია სამეცნიერო+კვლევითი მუშაობა
გიორგი სააკაძე
31 იანვარი 2021 16:22
ჯერ ერთი სამხედრო საქმეებზე/საიდუმლოებაზე/იარაღზე და ასე შემდეგ, გაზეთებში არ უნდა წეროთ. მეორე, რა აზრი აქვს წერას და ბაქიბუქს, თუ აღმოსავლეთში დავით გარეჯს გვედავებიან და ხმა ვერ ამოგვიღია, ხოლო დასავლეთში აფხაზეთი დავკარგეთ? ვინ იბრძოლებს ჩვენს მაგივრად? ან ვინ მოაგვარებს ამ საკითხებს დიპლომატიით? არც ერთის თავი გვქონია და არც მეორის -- ასე გამოდის!!!
რეზო
23 იანვარი 2021 02:19
200 მილიონ ლარად რა უნდა იყიდონ? თუმცა ალბათ ერთი ორ ეგზემპლარს შეიძენენ და გამიფენებზე საჩვენებლად გვექნება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები