კაპიტოლიუმზე იერიში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად თუ შეფასდა, მაშინ ქართულ პარლამენტზე შეტევა რა იყო? - კვირის პალიტრა

კაპიტოლიუმზე იერიში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად თუ შეფასდა, მაშინ ქართულ პარლამენტზე შეტევა რა იყო?

ორმაგი სტანდარტით შექმნილი დემოკრატიის ნიღაბი დიდხანს ვერ ძლებს, ანუ საქართველოს პარლამენტზე 1991 წლის 21 დეკემბერს, 2003 წლის 22 ნოემბერსა და 2019 წლის 20-21 ივნისს მიტანილი იერიში სახელმწიფო გადატრიალებად და გადატრიალების მცდელობად შეიძლება შეფასდეს...

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წლის 6 იანვარს ამ ზესახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა - ტრამპის მომხრეები ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, ჩაშალეს სენატორთა შეხვედრა, დაარბიეს კაბინეტები და სცადეს გაენადგურებინათ საარჩევნო სიები. კაპიტოლიუმიდან ამ აგრესიული ბრბოს ძალით გამოდევნის პროცესში დაიღუპა ხუთი ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაკავებულია...

ფაქტია, რომ ამ ხალხის აგრესიულობის მატება გამოიწვია თავად პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებამ, რომ ის არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, არ დათმობდა პრეზიდენტის სავარძელს და მოითხოვდა ხმების ხელახლა დათვლას. პრეზიდენტის ასეთმა რადიკალურმა პოზიციამ უთუოდ შეაგულიანა მისი ფანატიკოსი მომხრეები და თვით კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა გააბედვინა, რასაც ამერიკელი პოლიტიკოსები - არა მარტო დემოკრატები, არამედ რესპუბლიკელებიც - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ და, რა თქმა უნდა, მართალიც არიან, მაგრამ სწორედ ამ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილმა და მათმა პარტიებმა 2003 წლის 22 ნოემბრის შეჭრა საქართველოს პარლამენტში, რასაც ხელისუფლების იძულებითი შეცვლა მოჰყვა, მაშინ სახელმწიფო გადატრიალებად არ შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა ნიშანი არსებობდა (თუმცა მაშინ ხომ ამაზე საქართველოშიც ბევრმა დავხუჭეთ თვალი, თუნდაც იმიტომ, რომ შევარდნაძის მმართველობა უკვე ყელში გვქონდა ამოსული და პოზიტიური სიახლე გვსურდა). მეტიც - სულ ახლახან, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის რამდენიმესაათიანი იერიში მიმდინარეობდა შენობაში შეღწევის მიზნით, რაც იმავე ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა მიერ რატომღაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად არ შეფასდა!

დიახ, ხელისუფლებამ, კერძოდ კი პარლამენტის ხელმძღვანელობამ დაუშვა დიდი შეცდომა (რაც დანაშაულის ტოლფასი იყო) და ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი არათუ შემოუშვა მთავარი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიც ჩააბრძანა, მაგრამ ვის აძლევს ეს უფლებას, პარლამენტის შენობაში ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული შეიჭრას?

კაპიტოლიუმის დროებით "დაცემის" შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მათ პრეზიდენტ სააკაშვილს დაჟინებით ურჩიეს, პრობლემების გარეშე გადაებარებინა ხელისუფლება ივანიშვილის პარტიისთვის. ასეც მოხდა, რისთვისაც ამერიკულ მხარეს შეიძლება მხოლოდ მადლობა გადავუხადოთ, რადგან ტრამპისა არ იყოს, მაშინ არც სააკაშვილის ხელისუფლება აპირებდა მარცხის აღიარებას.

მაგრამ 2012 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ არსებობდა ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს აიძულებდა, უსიტყვოდ ეღიარებინა არჩევნების შედეგები. მხოლოდ ბოლო ტრაგიკულმა მოვლენებმა აიძულა დონალდ ტრამპი, ამოეღერღა, რომ ის 20 იანვარს ბაიდენს მშვიდობიანად დაუთმობს პრეზიდენტის სავარძელს!

პრეზიდენტ ტრამპის საქციელი, ერთი მხრივ, გასაგებია, რადგან 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, მართლაც დიდი დარღვევებით ჩატარდა. ტყუოდა ხმების დამთვლელი ელექტრონული მანქანები, ათიათასობით ამომრჩევლის ხმა უკვალოდ გაქრა და ა.შ. ეს კი მიუთითებს, რომ მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად მიჩნეულ აშშ-ს თავად აქვს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელი საარჩევნო სისტემა.

პრეზიდენტ ტრამპს ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოსთვის თითქმის არაფერი დაუშავებია, მაგრამ არც ბევრი გაუკეთებია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ტრამპის ხელისუფლებამ მოგვყიდა თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი "ჯაველინები", რაც მისმა წინამორბედებმა - ვერც ბუშმა-უმცროსმა და ვერც ობამამ გაბედეს პუტინის ხათრითა თუ შიშით.

ტრამპმა თავისი პრეზიდენტობით არაერთი სიახლე შეიტანა ამერიკის მდორე პოლიტიკაში, რითაც ბევრი მომხრე გაიჩინა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წელს აშშ სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე დადგა, ამის კატალიზატორი კი გახდა პოლიციის მიერ რამდენიმე აფროამერიკელის მკვლელობა და კორონავირუსის პანდემია.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა ახლო აღმოსავლეთსა თუ ევროპაში, რაც ავღანეთში, ერაყსა თუ გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის უკიდურესად შემცირებამაც გამოიწვია. ამ ყველაფერმა ტრამპის მოწინააღმდეგეებს მისცა საფუძველი, ემტკიცებინათ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას რუსეთმა ფარულად იმიტომ შეუწყო ხელი, რომ პუტინს ტრამპის მაკომპრომეტებელი არაერთი საიდუმლო მასალა ჰქონდა და კრემლი თეთრ სახლს თავისი ინტერესებისთვის იყენებდა. ამის დადასტურება ან კატეგორიულად უარყოფა ძალიან ძნელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში პრეზიდენტ ტრამპის ბევრი გადაწყვეტილება ხშირად უცნაური და გაუმართლებელი ჩანდა, განსაკუთრებით - სოციალურ ქსელებში მისი დაუფიქრებელი კომენტარების ფონზე, რომელთა უარყოფა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მუდმივ თავისტკივილად რჩებოდა.

ტრამპის ოთხწლიანი პრეზიდენტობით ყველაზე კმაყოფილი ისრაელი უნდა დარჩეს, რადგან ტრამპმა ამ ქვეყანას თითქმის ყველა სურვილი შეუსრულა - იქნებოდა ეს დედაქალაქის იერუსალიმში გადატანის მხარდაჭერა, მეხუთე თაობის გამანადგურებლების მიყიდვა თუ საუდის არაბეთთან ისრაელის დაზავება.

იმედია, 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის შეცვლა ექსცესების გარეშე ჩაივლის, რასაც ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა აქვს, რადგან შიდა პრობლემებში გახვეული ამერიკა რუსეთის გალაღებისა და დაუსჯელად მოქმედების წინაპირობა გახდება.

როგორ შეიჭრნენ კაპიტოლიუმში...

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობა, წესით, არანაკლებ უნდა იყოს დაცული, ვიდრე თეთრი სახლი, რადგან ის ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ობიექტია.

2004 წლის 20 იანვარს ჩვენ საშუალება გვქონდა, კაპიტოლიუმის შენობაში, სენატის დარბაზში დავსწრებოდით პრეზიდენტ ბუში-უმცროსის ყოველწლიურ გამოსვლას სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების წინაშე და ამიტომაც გარკვეული წარმოდგენა გვაქვს კაპიტოლიუმის კომპლექსის გარე და შიდა პერიმეტრსა და დაცვის მექანიზმზე. ვიდეოკადრებიდან კარგად ჩანს, რომ კაპიტოლიუმის დაცვას არ ეყო გამბედაობა, უფრო მტკიცე წინააღმდეგობა გაეწია აგრესიული დემონსტრანტებისთვის. ამასთან, არ იყო მობილიზებული დამატებით ძალები, თუნდაც ეროვნული გვარდიის დანაყოფები, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო გამოცხადებული კაპიტოლიუმთან აგრესიულად განწყობილი პროტესტანტების თავმოყრა.

ხუთიდან ერთი დაღუპული დემონსტრანტი ქალი შეიარაღებული ძალების ვეტერანი აღმოჩნდა, რომელიც კაპიტოლიუმის შიგნით, ოთახის კარის შენგრევას ცდილობდა და ოთახის შიგნიდან გასროლით კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს.

კაპიტოლიუმის დამცველებს უფრო აქტიურად რომ გამოეყენებინათ წყლის ჭავლი, არალეტალური იარაღი, ცრემლსადენი გაზი და ინფრაბგერითი მოწყობილობები, აგრესიული მასა შენობაში ვერ შეიჭრებოდა და არც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გახდებოდა აუცილებელი.

ის, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ვიდეოკადრებში გამოჩნდა, უნებურად აჩენს ეჭვს, მართლაც ხომ არ არის შესაძლებელი თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმზე ისეთი ტერორისტული თავდასხმების განხორციელება, როგორსაც ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმებში - "თეთრ სახლზე იერიში" და "ოლიმპის დაცემა" - ვხედავთ?

ყოველ შემთხვევაში, კაპიტოლიუმის შენობაში აგრესიული ხალხის ასე ადვილად შეღწევა, რომელთა შორის შეიძლება შეიარაღებულებიც კი იყვნენ (მათი განდევნის შემდეგ შენობაში ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს), ამერიკული უსაფრთხოების სისტემისთვის უდიდეს გაკვეთილად უნდა იქცეს.