"აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის ბოლო ომში გამოიყენა ულტრათანამედროვე მართვადი რაკეტები" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის ბოლო ომში გამოიყენა ულტრათანამედროვე მართვადი რაკეტები"

რა სჯობს - მოწინააღმდეგეს სამიზნე პირველივე, მაგრამ ძვირად ღირებული მართვადი რაკეტით გაუნადგურო, თუ ათობით შედარებით იაფი, უმართავი რაკეტა ესროლო და თანაც ზუსტად ვერ მოარტყა?

ომი მხოლოდ დასახული მიზნების ნებისმიერ ფასად მიღწევა არ არის. მის უკან, ადამიანების სიცოცხლის გარდა, ეკონომიკაც დგას. საბრძოლო ამოცანების შესრულებისას საკუთარი არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესამცირებლად ახალი ტექნოლოგიები უნდა გამოიყენო... ასე იყო ქვიდან - ჯოხზე, ჯოხიდან - მშვილდ-ისარზე, მშვილდ-ისრიდან კი ცეცხლსასროლ იარაღზე გადასვლისას. მებრძოლი მხარეები ცდილობდნენ გაეზარდათ მოწინააღმდეგის დაზიანების მანძილი ისე, რომ თავად დაცული დარჩენილიყვნენ.

ამ მხრივ არც 21-ე საუკუნეში შეცვლილა ბევრი რამ - მოწინააღმდეგის რაც შეიძლება შორიდან დაზიანება კვლავ აქტუალური რჩება, რასაც ემატება ახალი მოთხოვნა - უზუსტესი დარტყმა! ჰაერიდან, ხმელეთიდან თუ ზღვიდან უზუსტესი, იგივე წერტილოვანი დარტყმების საშუალებას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მაღალი დონე, რასაც რადიოელექტრონული და ელექტრო-ოპტიკური მოწყობილობების ზომისა და მასის მინიმალიზაცია განაპირობებს. ანუ ბრძოლის ველზე საკითხი ასე დგას - რა ჯობს - მოწინააღმდეგეს სამიზნე პირველივე, მაგრამ ძვირად ღირებული მართვადი რაკეტით გაუნადგურო, თუ ათობით შედარებით იაფი, უმართავი რაკეტა ესროლო?

მდიდარი ქვეყნებისთვის ეს კითხვა გასული საკუნის ბოლოდან არააქტუალურია, რადგან "ჭკვიანმა" იარაღმა მათ არსენალში, დიდი ხანია, მთავარი ადგილი დაიჭირა, მაგრამ რა ხდება საქართველოსნაირ ეკონომიურად გაჭირვებულ, მაგრამ მუდამ თავდაცვაზე მოფიქრალ ქვეყნებში?

აზერბაიჯანი საქართველოზე დიდიცაა და მდიდარიც, მაგრამ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში მასაც ჩვენსავით აწუხებდა ოკუპაციის პრობლემა, რომელიც ორი თვის წინ, ძირითადად, გადაჭრა, თუმცა არა - საბოლოოდ. მაგრამ ამჯერად ამ თემის პოლიტიკური ასპექტი განზე გადავდოთ და მხოლოდ სამხედრო შემადგენელზე გავამახვილოთ ყურადღება. ფაქტია, რომ აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო წარმატება ძირითადად, სწორედ "ჭკვიანი" საბრძოლო საშუალებების გამოყენებამ განაპირობა, რომელთა შორის სხვადასხვა დანიშნულების დრონების გარდა, იყო მართვადი სარაკეტო და საავიაციო იარაღიც და გადამწყვეტი როლი სწორედ მან ითამაშა.

ამ სტატიაში ჩვენ ორ "ჭკვიან" საბრძოლო სისტემაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომლებიც აზერბაიჯანმა ყარაბაღის მესამე ომში წარმატებით გამოიყენა და რომელთა შეიარაღებაში მიღება ქართულ არმიასაც შეუძლია შედარებით ნაკლები დანახარჯით, რადგან ამ ორი "ჭკვიანი" საიარაღო სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილები ჩვენ ისედაც გვაქვს თავდაცვის ძალების არსენალში.

მხოლოდ გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის ბოლო ომში გამოიყენა ულტრათანამედროვე მართვადი რაკეტები TRLG-230, რომელთა გამოცდა ცნობილმა თურქულმა საიარაღო კომპანია Roketsan-მა ამ ომის დაწყებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე დაასრულა.

230 მმ კალიბრის ამ თურქულ რაკეტასაც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან უშვებენ, როგორც, მაგალითად, საბჭოთა პერიოდის 220 მმ-იან "ურაგანს", მაგრამ თუკი შეიძლება ერთი სამიზნის დასაზიანებლად "ურაგანის" 16-ვე უმართავი რაკეტა არ იყოს საკმარისი დაბალი სიზუსტის გამო, პირველივე "ჭკვიანი" თურქული რაკეტა მაქსიმალურ 70 კმ-ზე წერტილოვან, უზუსტეს დარტყმას აყენებს მოწინააღმდეგეს. თურქული TRLG-230 -ის გასაშვებ ოთხკუთხა კონტეინერებს ვერც "გრადზე" დაამონტაჟებ და ვერც "ურაგანსა" თუ "სმერჩზე". მას თვითმავალი გამშვები დანადგარები სჭირდება, რომლებიც ქართული არმიის შეიარაღებაშიც გვაქვს - ვგულისხმობ "გრად-ლარსა" და LAR-160-ს.

ისრაელისგან ნაყიდი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "გრად-ლარები" და LAR-160-ები ქართველი არტილერისტების შეიარაღებაში აგვისტოს ომამდე გამოჩნდა და ისინი საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად გამოიყენეს. საბჭოთა "გრადთან" შედარებით მათი ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ უნივერსალურია, ანუ "მერსედესის" ძარაზე სხვადასხვაკალიბრიანი რაკეტების გასაშვები დანადგარები შეიძლება დამონტაჟდეს. ჰოდა, თუკი მასზე 122 და 160-მმიანი რაკეტების პაკეტებს ამონტაჟებენ, რა შეუშლის ხელს (თუნდაც მცირე ტექნიკური ჩარევით), თურქული 230 მმ-ანი "ჭკვიანი" რაკეტების გასაშვები კონტეინერები დამონტაჟდეს?!

ისრაელს ასეთი ჩანაცვლება, ანუ უმართავის ნაცვლად ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე "ჭკვიანი" რაკეტების გასაშვები პაკეტების დამონტაჟება თავიდანვე ჰქონდა გათვლილი, მაგრამ ამ ქვეყანამ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით შეაჩერა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და ამიტომაც ალტერნატიული, თურქული ვარიანტი რაკეტების ფასითაც უფრო პერსპექტიული ჩანს.

დღეს ქართული არმიის მაქსიმალური საარტილერიო მუშტი მხოლოდ 45 კმ თუა, რა სიშორესაც აღწევს უმართავი LAR-160 (აგვისტოს ომის დროს LAR-160-ის მიერ მიმოფანტული, აუფეთქებელი კასეტური ელემენტების ხელით შეგროვება და მენაღმეებთან ერთად გაუვნებლების საეჭვო სიამოვნება მეც მხვდა წილად, როდესაც ისრაელიდან მოწოდებული ამ რაკეტების ნაწილი სტარტის შემდეგ რატომღაც ქართულ სოფელ ძევერასთან ჩამოცვივდა, რაც ან არაზუსტი დამიზნების ბრალი იყო, ან - ტექნიკური წუნის), თურქული მართვადი TRLG-230-ების შეძენის შემთხვევაში კი ქართველ გენერლებს საშუალება ეძლევათ, საბრძოლო ამოცანად მოწინააღმდეგის სტაციონარული და მოძრავი ობიექტების (ოღონდ მოძრავი სამიზნის სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს) 70 კმ სიღრმეში დაზიანება-განადგურებაც კი დაისახონ. მაგრამ "ჭკვიანი" რაკეტების გამშვები თვითმავალი დანადგარები საკმარისი არ არის, რადგან რაც უნდა "ჭკვიანი" იყოს რაკეტა, ფრენის ბოლო ეტაპზე მის ნახევრად აქტიურ ლაზერული დამიზნების სისტემას აუცილებლად სჭირდება სამიზნიდან არეკლილი ლაზერის სხივი, ამ სხივით სამიზნის მონიშვნა კი შეუძლია ან სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფს პორტატული ლაზერული მოწყობილობიდან, ან სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს. ყარაბაღის ბოლო ომში ამ ფუნქციას ასევე თურქული, უკვე ლეგენდად ქცეული სადაზვერვო-დამრტყმელი Bayraktar TB2 ასრულებდა საბორტე ოპტიკურ-ელექტრონულ სფეროში ჩამონტაჟებული ლაზერული დანადგარიდან.

ასე რომ, მოწინააღმდეგის შორიდან, პირველივე რაკეტით დაზიანებისთვის დაგვჭირდება მიზნის ლაზერის სხივით მომნიშვნელი უპილოტო, თუმცა ეს ფუნქცია შეიძლება ჩვენმა მოიერიშე Cy-25 "მიმინოებმაც" შეითავსონ, რომლებსაც ცხვირის ნაკვეთურში დასხივებისა და მანძილის გამზომი ლაზერული სადგური აქვთ.

ტექნიკურად შეთავსებადი იქნება თუ არა ჩვენი "მიმინოების" საბჭოთა ლაზერული მოწყობილობა ნატოს წევრი თურქეთის თანამედროვე "ჭკვიანი" რაკეტების ნახევრად აქტიური ლაზერული დამიზნების სისტემასთან, გასარკვევია, თუმცა ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც "მიმინოს" წინამორბედი "სკორპიონი" საფრანგეთში, ლე ბურჟეს ავიაკოსმოსურ გამოფენაზე გავიტანეთ, ლაზერული დამიზნების მართვად ამერიკულ საავიაციო ბომბებს მის პილონებზე ჩამოკიდებისას მეც ხელს ვაშველებდი... სწორედ "ჭკვიანი" იარაღის მეორე სახეა ლაზერული დამიზნების მართვადი ბომბები, რომლებიც აზერბაიჯანმა ასევე აქტიურად გამოიყენა ყარაბაღის ბოლო ომში.

საქართველოსგან ნაყიდ მოიერიშე Cy-25-ებზე (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა თბილისის საავიაციო ქარხნიდან არანაკლებ 22 ასეთი მოიერიშე შეიძინა, თუმცა დიდი ნაწილი - ტურბორეაქტიული ძრავების გარეშე, რადგან რუსეთმა მათი მოწოდება საქართველოს ჯერ კიდევ 1992 წელს შეუწყვიტა) აზერბაიჯანელებმა დაამონტაჟეს თურქეთის მიერ 2019 წელს მოდერნიზებული QFAB-250-LG ტიპის მართვადი საავიაციო ბომბები, რომლებიც საბჭოთა 250 კგ კალიბრის უმართავი მსხვრევად-ფუგასური ბომბების ბაზაზე გადაკეთდა (ასეთი უმართავი საავიაციო ბომბების საკმაო მარაგი ჩვენც შემოგვრჩა) ლაზერული დამიზნების თავაკისა და მართვის საჰაერო საჭეების დამატებით.

მოიერიშე თვითმფრინავს მაქსიმუმ 12 კმ-დან შეუძლია ჩამოაგდოს ეს "ჭკვიანი" ბომბი, რომელიც სამიზნეს თავად იპოვის, თუკი მისგან არეკლილ სხივს "კვალში" ჩაუდგება. გამოდის, ქართულ არმიას "ჭკვიანი" იარაღის გამოყენება ყველაზე მცირე ხარჯით მაშინ შეეძლება, როდესაც ჩვენი "მიმინოები" გარემონტებული ლაზერული დამიზნების მართვადი ბომბებითა და რაკეტებით აღიჭურვება, მაგრამ სავარაუდო მოწინააღმდეგე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძლიერი ეშელონირებული საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით არის სავსე, რასაც სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში დაემატება მისი გამანადგურებელი ავიაციის ჰაერში გაბატონება და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენება. ასეთ დროს ჩვენი ავიაციის ეფექტიანი გამოყენება გაჭირდება ან შეიძლება სულაც შეუძლებელი გახდეს აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მასობრივად დაბომბვისა და მწყობრიდან გამოყვანის გამო. სწორედ ამიტომ კრიტიკულ მომენტში შეტევაზე გადმოსულ მოწინააღმდეგეს "ჭკვიანი" იარაღით უზუსტესი და ძალზე მტკივნეული "ჩხვლეტები" რომ აგემო (წარმოიდგინეთ, აგვისტოს ომის დროს ქართველ არტილერისტებს "ჭკვიანი" რაკეტების წერტილოვანი დარტყმებით შორი მანძილიდან რუსული ჯავშანკოლონების რამდენიმე სამეთაურო-საშტაბო მანქანა რომ გაენადგურებინათ გენერალ-პოლკოვნიკებთან ერთად, მოჰყვებოდა თუ არა ამას მეტი ეფექტი, ვიდრე გენერალ ხრულოვის დუნდულებში დაჭრას), უმთავრესია მართვადი რაკეტების გამშვები მობილური დანადგარები და არ არის აუცილებელი, სატვირთო "მერსედესებსა" თუ "ტატრებზე" იყოს დამონტაჟებული. ჩვენი "დიდგორების" ბაზა წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ იმავე თურქული TRLG-230-ის ოთხრაკეტიანი პაკეტის დასამონტაჟებლად. ორ კაცამდე შემცირებული ეკიპაჟით მოძრავ შეჯავშნულ პიკაპად ქცეულ "დიდგორს" წონაც მოაკლდება და ადგილიც გამოჩნდება "ჭკვიანი" რაკეტების პაკეტის დასამონტაჟებლად...

არ გვინდა, მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს ლაზერული დამიზნების მართვადი იარაღი პანაცეაა (ლაზერის სხივის გავრცელებას აფერხებს წვიმა, ნისლი, მოწინააღმდეგის მიერ გაშვებული კვამლის ფარდა), მაგრამ რადიოლოკაციური და ოპტიკური დამიზნების "ჭკვიან" შეიარაღებასთან ერთად, ის აუცილებელია მცირერიცხოვანი, თუმცა მობილური ქართული არმიისთვის, რომელსაც ამის საშუალებით ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის წერტილოვანი და ძალიან მტკივნეული "კბენა" შეეძლება...