აგვისტოს ომის რუსული სარაკეტო ნივთმტკიცებები - ომში წავაგეთ, სასამართლოში მოვიგეთ - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომის რუსული სარაკეტო ნივთმტკიცებები - ომში წავაგეთ, სასამართლოში მოვიგეთ

ანუ რატომ გაძნელდა გორში აფეთქებული რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტების ნივთმტკიცებად მოგროვება სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - გამოტანილი განაჩენის თანახმად, რუსეთმა ოკუპაციის ფაზაში, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, "სამხრეთ ოსეთში"დაარღვია სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ვალდებულება.

სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება გამარჯვებად იქცა საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი აგვისტოს ომის შემდეგომ, 13 წელია, რუსული ოკუპაციის მსხვერპლია.

სასამართლოში გამარჯვებას ჯერ შეიძლება მორალური მნიშვნელობა უფრო ჰქონდეს, მაგრამ ქართული მხარის აქტიურობის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციასთან კონკრეტულ კომპენსაციებისთვისაც ღირს ბრძოლა ისევ საერთაშორისო სასამართლოების საშუალებით.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება თავის დიდ დამსახურებად მიიჩნია ახლანდელმა ხელისუფლებამ, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამას თავისი მთავრობის მუხლჩაუხრელი მუშაობით ხსნის.

სიმართლე იურისტებმა გაარკვიონ, ჩვენ კი ყურადღებას საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების ერთ-ერთ მონაკვეთზე შევაჩერებთ:

"მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგინდა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა "ისკანდერის" ნარჩენების ადგილსამყოფელი, რომლებიც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სწორედ აღნიშნული კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტით დაიბომბა ქ. გორის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე.

გამოძიების მიერ ასევე ამოღებულ იქნა შორი მოქმედების რაკეტა "ტოჩკა У"-ს ორი კორპუსი, რომლებითაც 2008 წლის 10 აგვისტოს დაიბომბა ონის რაიონის სოფელი კომანდელი და გორის რაიონის სოფელი ნიქოზი. გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა რაკეტა "ისკანდერთან" და რაკეტა "ტოჩკა У"-სთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალები, რითაც დგინდება საქართველოს ტერიტორიაზე მათი ჩამოგდების ფაქტები.

2018 წლის 26 აპრილს გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტის ნარჩენი ნაწილების ოთხი ფრაგმენტი. გამოძიების მიერ რაკეტა "ისკანდერისა" და "ტოჩკა У"-ს დეტალებზე 2017 წლის 22 ნოემბერსა და 2018 წლის 21 აპრილს ჩატარებული პიროტექნიკური, ქიმიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ობიექტები წარმოადგენს ქარხნული წესით რუსეთის ფედერაციაში დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის - 9М723 "ისკანდერისა" და "ტოჩკა У"-ს"ტიპის რაკეტის აფეთქების შემდგომ დარჩენილ ნაწილებს."

გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე საქართველოს პროკურატურამ აგვისტოს ომიდან მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაიწყო გორში ჩამოვარდნილი რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტების მოძიება და მათი ექსპერტიზა, რადგან გორსა და ვაზიანში ჩამოცვენილი იმ დროისთვის უახლესი რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსის ორი აერობალისტიკური რაკეტის ფრაგმენტები ქართულმა მხარემ მაშინვე შეაგროვა, რისი ამსახველი არაერთი ფოტო-ვიდეო კადრი არსებობს.

მე მაშინ გორში ჩამოვარდნილი "ისკანდერის" თითქმის ყველა შეგროვებული ფრაგმენტი ვნახე და დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სამხილი საერთაშორისო სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში ქართულ მხარეს კარგ არგუმენტად ჰქონდა შემონახული, მაგრამ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში ამ მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების წარდგენა გახდა აუცილებელი, აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტები ვერ მოიძია, რამაც სასამართლოზე დამსწრე რუს გენერლებს მისცა საშუალება, უარეყოთ გორის მიმართულებით "ისკანდერის" გამოშვების ფაქტი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა კი დამონტაჟებულად გამოეცხადებინათ.

გორში ჩამოვარდნილი რუსული

სად გაქრა აფეთქებული რუსული "ისკანდერის" თითქმის ერთ ტონამდე ფრაგმენტები?

როგორც ირკვევა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ისინი 2010 წელს გადასცა ამერიკელ სპეციალისტებს, რომლებმაც ეს ნივთმტკიცება აშშ-ში გაზიდეს.

მაინცდამაინც სასაყვედურო არ არის ის, რომ საქართველომ უახლესი რუსული რაკეტის ფრაგმენტები თავის მოკავშირეს გადასცა, რადგან აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საბრძოლო სიტუაციაში პირველად გამოიყენა "ისკანდერები", რომლებიც მაშინ მნიშვნელოვანი საიდუმლო იყო და, ბუნებრივია, ამერიკელი მზვერავები, სამხედროები და ინჟინრები დაინტერესებულნი იყვნენ 500 კმ რადიუსის სარაკეტო კომპლექსების შესწავლით, რომლებსაც ბირთვული ქობინის გადატანა ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე შეუძლიათ. მაგრამ დადგა დრო და თვითონ საქართველოს დასჭირდა რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტები სტრასბურგის სასამართლოში ნივთმტკიცებად წარსადგენად, მათი კვალი კი გაქრა, უფრო სწორად, არ მოიძებნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, ვის, როდის და რამდენი ეს ფრაგმენტი გადაეცა.

მხოლოდ 2018 წელს, აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, მოხერხდა 800 კგ-მდე საერთო მასის რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტების დაბრუნება. ამ საქმეში კი ივაჟკაცეს ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც თავის დროზე აგროვებდნენ და იკვლევდნენ ამ ფრაგმენტებს და მიუხედავად ოფიციალური დოკუმენტების არარსებობისა, გენერალურ პროკურატურას მიუთითეს, ვის უნდა დაჰკავშირებოდნენ აშშ-ში ამ უმნიშვნელოვანესი ნივთმტკიცების დასაბრუნებლად.

ამერიკულმა მხარემაც საპასუხო ნაბიჯები გადადგა და პრობლემა ადვილად მოგვარდა, მით უფრო, რომ რვა წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა მათ შესასწავლად.

"ისკანდერები" სამხრეთ კავკასიაში რუსების შემდეგ სომხებმა გაისროლეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ, 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში, ყარაბაღის მესამე ომის დროს, სომხეთმა რუსეთის გადაცემული "ისკანდერებიდან" ორი რაკეტა გაუშვა ქალაქ შუშისკენ, რომლის იერიში მაშინ აზერბაიჯანის სპეცდანიშნულების რაზმებმა წამოიწყეს.

აგვისტოს ომის რუსული სარაკეტო ნივთმტკიცებები

აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა ორ ათეულამდე ტაქტიკური "ტოჩკა" (მოქმედების რადიუსი 70 კმ), ოპერატიულ-ტაქტიკური "ტოჩკა-У" (მოქმედების რადიუსი 120 კმ) და ორი "ისკანდერ-М" (მოქმედების რადიუსი 500 კმ). მათგან ორი "ტოჩკა-У" გამოუშვეს ოჩამჩირის რაიონიდან ფოთის სამხედრო და სავაჭრო პორტების მიმართულებით, დანარჩენმა "ტოჩკა" და "ტოჩკა-У" კომპლექსებმა, რომლებიც რაჭისა და სამაჩაბლოს რაიონებში ჩამოცვივდა, სტარტი ჩრდილოკავკასიიდან აიღეს. ორი "ისკანდერ-М" გორისა და ვაზიანის მიმართულებით ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთი ხეობიდან გამოუშვეს, რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს. რუსული "ისკანდერების" საბრძოლო ნათლობას, სავარაუდოდ, ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის სამხედროები, რომლებიც შემდგომ ამ სარაკეტო კომპლექსის შეძენას გეგმავდნენ.

ჩვენი დოსიე:

რუსული "ისკანდერ-М" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის სარაკეტო თვითმავალი დანადგარი 42 ტ-ს იწონის და ორი აერობალისტიკური რაკეტით არის აღჭურვილი. 7,3 მ სიგრძისა და 920 მმ დიამეტრის რაკეტის სასტარტო მასა 3,7 ტონაა, რაკეტის საბრძოლო მოქმედების მინიმალური მანძილი - 50 კმ, მაქსიმალური კი - 500 კმ. ფრენის ტრაექტორიის მაქსიმალური სიმაღლე 100 კმ-ს აღწევს. რაკეტა იმართება ბალისტიკური ფრენის დროს (ამიტომაც ეწოდება აერობალისტიკური) და მიზანს 10-20 მ-ის სიზუსტით ხვდება, რაც მიიღწევა დამიზნების კომბინირებული (ინერციული, თანამგზავრული და ოპტიკური) სისტემების გამოყენებით.

რაკეტაზე მონტაჟდება 480 კგ მასის საბრძოლო ქობინი, რომელიც შეიძლება იყოს მსხვრევად-ფუგასური, ბუნკერსაწინააღმდეგო და ბირთვული (50 კილოტონა სიმძლავრის).

გორის ცენტრის თავზე, 10 მეტრ სიმაღლეზე აფეთქდა "ისკანდერის" კასეტური ქობინი, რომელიც შეიცავდა 54 მსხვრევად საბრძოლო ელემენტს. კასეტური ელემენტის ერთი კგ მასის ნამსხვრევები 32 კვმ-ს აზიანებს, ასე რომ, რაკეტის მთელი ქობინის აფეთქებისას სასიკვდილო ნამსხვრევები გაიტყორცნებოდა არანაკლებ 15 ათასი კვმ-ის ანუ ფეხბურთის ორი მოედნის ფართობზე.