რუსი სპეცრაზმელები აფხაზ სეპარატისტებს აძლიერებენ - კვირის პალიტრა

რუსი სპეცრაზმელები აფხაზ სეპარატისტებს აძლიერებენ

50 ათას რუსულ რუბლად ისინი მზად არიან, სეპარატისტულ სოხუმს თავი შესწირონ...

დაქირავებულების თემა ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ომების დროს, ყოველთვის პრობლემატური იყო. ოსებისა და აფხაზების სეპარატისტულ ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდნენ შეიარაღებული დაქირავებულები არა მარტო რუსეთიდან, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდანაც.

ქართველთა მხარეს მებრძოლი უკრაინული "უნა-უნსოს" წარმომადგენელთა რაოდენობა მოსატანიც არ არის იმ ასობით რუს, ჩეჩენ თუ სხვა ჩრდილოკავკასიელთან  შედარებით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში.

როგორც ჩანს, ამ ტრადიციას დღესაც არ ივიწყებენ სეპარატისტულ ცხინვალსა და სოხუმში, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეჟიმების შესანარჩუნებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა რეგულარული საბრძოლო დანაყოფებით დაკომპლექტებული სამხედრო ბაზებიც კი შექმნა.

რუსულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში 500-მდე სპეცრაზმელი ჩაირიცხა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან; ქიშმარია, სეპარატისტული ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი, არც მალავს, რომ მათ ხელფასს, რომელიც დაახლოებით 50 ათასი რუსული რუბლით განისაზღვრა, რუსეთის ბიუჯეტი გადაუხდის. ასეთი ხელფასი კი ბევრ ოფიცერს თავად რუსეთის არმიაში სამსახურის დროსაც არა აქვს.

აფხაზი სამხედროები არ მალავენ, რომ რუსი სამხედროები მათზე უფრო დისციპლინირებული და კარგად მომზადებული არიან.

- ყველა აფხაზს ნათესაური კავშირი აქვს და ბრძანების გაცემის შემდეგ  ბევრი მათგანი თავის დაძვრენას ყველა ხერხით ცდილობს, მაშინ, როდესაც რუსი ჯარისკაცი უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას, - აღიარებენ თავად აფხაზი სამხედროები. თუმცა ამ სიტყვების მიღმა შეიძლება კავკასიური ეშმაკობაც იმალებოდეს - რატომ უნდა დაღვარონ ისედაც მცირე რაოდენობის აფხაზებმა სისხლი, როდესაც შეიძლება ქართველებს ისევ დაქირავებული რუსული "საზარბაზნე ხორცი" მიუსიო, მით უმეტეს, რომ მათ ხელფასს ისევ რუსეთის ხაზინა უხდის?!

ერთი მხრივ, მომგებიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ამ სახით რუსეთის ველიკოდერჟავული ინტერესები აფხაზების ყველა სტრუქტურასა და ადათ-წესში შეაღწევს, არადა, აფხაზები ყველასგან (ქართველებისგანაც და რუსებისგანაც) გათავისუფლებას ცდილობენ.

მალე აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი მთლიანად შეერწყმება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებს და შეიძლება რამდენიმე წელში აფხაზები უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე მეფის რუსეთის დროს იყვნენ.

სეპარატისტული ცხინვალი დღესაც მზადაა, უსიტყვოდ შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკას, განსხვავებით აფხაზთა უმრავლესობისაგან, რომელთაც ქართველებისა და რუსებისგანაც დამოუკიდებლად ყოფნა სურთ; თუმცა აშკარაა, რომ აფხაზეთის კურორტები და პლაჟები ხარბ რუს გენერლებს, ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს ვეღარ გადაურჩება...