შავ ზღვაში ქართული "სოხუმი" და რუსული "იამალი" გვერდიგვერდ გაცურავენ - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში ქართული "სოხუმი" და რუსული "იამალი" გვერდიგვერდ გაცურავენ

Black sea force-ის ფარგლებში მიპატიჟებული ქართული "სოხუმი" რუსულ ნავსადგურ ნოვოროსიისკში არ შევა

11 აპრილს შავ ზღვაში მორიგი საზღვაო სწავლება დაიწყო, რომელსაც Black sea force-ის ოპერატიული ურთიერთმოქმედების სამხედრო-საზღვაო ჯგუფი 6 მცურავი საშუალებით განახორციელებს.

"ბლექსიფორსი" ზუსტად ათი წლის წინ, 2001 წელს შეიქმნა და მასში შავიზღვისპირა ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი და საქართველო გაერთიანდნენ. ის მსოფლიოში ერთადერთი მუდმივმოქმედი ხომალდების შენაერთია, რომელიც ტერიტორიული პრინციპით არის ჩამოყალიბებული.

წესით, "ბლექსიფორსის" წევრი ქვეყნების ხომალდებმა ერთმანეთს შავ ზღვაში თუ სანაპიროსთან დახმარება უნდა აღმოუჩინონ, თუმცა 2008 წლის აგვისტოში ეს "დახმარება" რუსული საბრძოლო ხომალდების მხრიდან საქართველოს სანაპიროზე დესანტის გადმოსხმით გამოიხატა...

აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ მცურავ საშუალებებს მონაწილეობა აღარ მიუღიათ "ბლექსიფორსის" მანევრებში, თუმცა ქართული მხარის წარმომადგენელი მაინც ესწრებოდა მათ სამეთაურო შეკრებებს.

KvirisPalitra.Geწელს, პირველად აგვისტოს ომის შემდეგ, "ბლექსიფორსში" მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა "სოხუმი" ეკიპაჟის 17 წევრით, ხოლო ორი ქართველი ოფიცერი სწავლების შტაბში იმუშავებს.

ამჟამინდელი სიტუაცია იმით არის განსაკუთრებული, რომ პირველად აგვისტოს ომის შემდეგ ქართული კატარღა "სოხუმი" და რუსული დიდი სადესანტო ხომალდი "იამალი" საერთაშორისო საზღვაო ესკადრის შემადგენლობაში ერთად გაცურავენ სტამბოლიდან სევასტოპოლამდე. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდმა "იამალიმ" 2008 წლის აგვისტოში  თავისი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ანექსიაში და ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ მოსკოვმა შეიძლება იგი ქართულ სანაპიროზე ახალი საზღვაო დესანტის გადმოსასხმელად გამოიყენოს.

სწორედ ამ და სხვა გასაგები მიზეზების გამო, ქართული "სოხუმი" სევასტოპოლიდან გამოსვლის შემდეგ აღარ გაჰყვება ესკადრის სხვა ხომალდებს რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში და კურსს პირდაპირ ფოთისაკენ აიღებს.