კინშასა - ყველაზე საშიში აეროპორტი - კვირის პალიტრა

კინშასა - ყველაზე საშიში აეროპორტი

4 აპრილს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასის აეროპორტში დაჯდომისას კატასტროფა განიცადა ქართული ავიაკომპანია "აირზენას" კუთვნილმა CRJ-100-მა.

ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან მხოლოდ ერთი - ადგილობრივი ჟურნალისტი გადარჩა. დაღუპულთა შორის, სამწუხაროდ, არის ეკიპაჟიც, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. თვითმფრინავი ბოლო სამი წლის განმავლობაში კონგოში გაეროს მისიას ჰყავდა დაქირავებული და 20 დაღუპული მგზავრი სწორედ გაეროს წარმომადგენელი იყო. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი თავად გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოუცხადა.

ავიაკატასტროფის მიზეზს სპეციალურად შექმნილი კომისია იძიებს, რომლის შემადგენლობაში საქართველოს წარმომადგენლებიც არიან. უკვე ნაპოვნია "შავი ყუთი" და სახელდება კატასტროფის შესაძლო მთავარი მიზეზი - ტროპიკული წვიმა და ძლიერი ქარი, თუმცა საბოლოო დასკვნას, რა თქმა უნდა, კომისია გამოაქვეყნებს.

ჩვენ კი გვინდა, მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ თავად კინშასის აეროპორტზე, რომელიც, ხშირი ავიაკატასტროფების გამო, მსოფლიოში ერთ-ერთ სახიფათო ადგილად ითვლება.

1996 წლის 8 იანვარს ამ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი ტრაგედია დატრიალდა, როგორსაც მსოფლიო სამოქალაქო ავიაციის ისტორია მანამდე არ იცნობდა. კინშასის აეროპორტიდან აფრენის მცდელობისას "მოსკოვის ავიახაზების" კუთვნილი სატრანსპორტო Ан-32 რუსულმა ეკიპაჟმა ჰაერში ვერ ასწია, ორძრავიანმა ტურბოხრახნიანმა თვითმფრინავმა გაანგრია აეროპორტის ღობე და დიდი სიჩქარით შეიჭრა იქვე განთავსებულ ბაზარში. თვითმფრინავის ძრავების ხრახნები ადამიანებს ნაკუწებად აქცევდა, ხოლო ბორბლების ქვეშ მოყოლილებს ჭყლეტდა...

რუსული ეკიპაჟი გადარჩა, მაგრამ მათმა თვითმფრინავმა 350-მდე ადგილობრივი მცხოვრები შეიწირა. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ორივე პილოტი მხოლოდ ორ-ორი წლით ჩასვეს ციხეში და შემდეგ სამშობლოში, რუსეთში დააბრუნეს.

კინშასის აეროპორტის მეზობლად მდებარე ბაზარს ხელმეორედ 2007 წლის 4 ოქტომბერს არ გაუმართლა. ისევ რუსული ეკიპაჟის მიერ მართული სატრანსპორტო Ан-26 აეროპორტიდან აფრენისთანავე ბაზრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი 17 და ბაზარში მყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

ისე, კინშასის აეროპორტი "კვირის პალიტრის" ფურცლებზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოხვდა, როდესაც ექსკლუზიურ სტატიაში ვწერდით თბილისის საავიაციო ქარხნის მიერ მოიერიშე Су-25-ების კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაყიდვის შესახებ. მათ კინშასის აეროპორტში ქართველი სპეციალისტები ემსახურებოდნენ. თბილისში აწყობილი ორი მოიერიშის ნახვა ამ აეროპორტში დღესაც შეიძლება.