სოხუმის აეროპორტი ვერც "გაფრინდება" და ვერც "მოფრინდება"... - კვირის პალიტრა

სოხუმის აეროპორტი ვერც "გაფრინდება" და ვერც "მოფრინდება"...

აეროპორტი ქვეყნისთვის საჰაერო კარიბჭე და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებაა, თუ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა გაეროს მიერ არის აღიარებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს მინიჭებული აქვს ოთხასოიანი ინდივიდუალური კოდი. მაგრამ როცა ტერიტორიას აკონტროლებს გაეროს მიერ არაღიარებული რეჟიმი, ამ აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

რატომ დაგვჭირდა ამხელა შესავალი? - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საზეიმოდ აცხადებს, თითქოს სოხუმის აეროპორტიდან 2024 წელს საერთაშორისო ფრენები დაიწყება. არაღიარებული რეჟიმები ამით ცდილობენ დამოუკიდებლობის სტატუსი აიმაღლონ, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან ICAO მკაცრად ეკიდება ფრენების უსაფრთხოებასა და ქვეყნების სუვერენიტეტს. ამის მაგალითად მთიანი ყარაბაღიც გამოდგება. სტეფანაკერტის აეროპორტს 2012 წელს ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია და უკვე საერთაშორისო რეისებსაც გეგმავდნენ, მაგრამ იმედი მწარედ გაუცრუვდათ - ICAO-მ ამის ნება არ მისცა, თანაც აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ სტეფანაკერტის აეროპორტიდან აფრენილ ნებისმიერ თვითმფრინავს ჩამოაგდებდა... ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დავემუქრებით სოხუმის ბაბუშერის აეროპორტიდან უკანონოდ აფრენილი თვითმფრინავების ჩამოყრით (ეს რუსებისა და აფხაზების ხელობაა, 1993 წლის სექტემბერში სწორედ ისინი ესროდნენ ბაბუშერის აეროპორტში დასაჯდომად შესულ სამგზავრო თვითმფრინავებს და ყრიდნენ, რაც საჰაერო ტერორიზმის ყველაზე ცხადი გამოვლინებაა), მაგრამ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის არაკოდირებული აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების ნებას არავის მისცემენ.

2019 წლის ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტს მიანიჭა ოთხასოიანი კოდი URAS და შეატანინა რუსეთს აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში, ანუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტს შეფარვით მიანიჭეს რუსეთის აეროპორტების მსგავსი კოდი, რაც სამართლებრივად დაუშვებელია, რადგან ოკუპირებული აფხაზეთი, საბედნიეროდ, ჯერ ოფიციალურად არ არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

ICAO-ში განმარტავენ, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედება მხოლოდ ოფიციალური თბილისის მოთხოვნის შემთხვევაშია შესაძლებელი...