ნადირაძის ბირთვული რაკეტები კვლავ პუტინის მთავარ იმედად რჩება... - კვირის პალიტრა

ნადირაძის ბირთვული რაკეტები კვლავ პუტინის მთავარ იმედად რჩება...

პანდემიის გამო მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსთან ბრძოლაზეა გადატანილი და თითქოს მივიწყებას ეძლევა ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პლანეტის არსებობას ემუქრება. ერთ-ერთი ასეთი საფრთხე სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებაა, რომლის უზარმაზარი მარაგი საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა პირველი "ცივი ომის" დროს შექმნეს. ეს ბირთვული არსენალი საკმარისი იყო დედამიწის არაერთხელ გასანადგურებლად.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაიწყო სტრატეგიული განიარაღების რამდენიმე ეტაპი. რუსეთ-აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ორმხრივი ხელშეკრულება არის New Start-ი, რომელიც სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომ შემცირებასა და შეზღუდვას ითვალისწინებს.

ამ ორმხრივ ხელშეკრულებას 2010 წლის 8 აპრილს ხელი მოაწერეს აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ობამამ და მედვედევმა.

ხელშეკრულება ათი წლით დაიდო (იგი 2011 წლის 5 თებერვალს ამოქმედდა). ამ შეთანხმების თანახმად, თითოეული მხარე 700 ერთეულამდე შეამცირებდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტებისა და მძიმე ბომბდამშენების რიცხვს (მხარეებს უფლება რჩებოდათ, დამატებით რეზერვში ზემოხსენებული შეიარაღების 100-100 სახეობა ჰქონოდათ), ხოლო სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინების რაოდენობა თითოეულისთვის არა უმეტეს 1 550 ერთეულით განისაზღვრა.

ათი წლის წინ ეს მსოფლიო მასშტაბის კარგ შეთანხმებად შეფასდა, რადგან ბირთვული დაპირისპირების საფრთხე მთელ პლანეტაზე შეამცირა. და, აი, ამ ხელშეკრულების ხუთი წლით გახანგრძლივების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ბოლო წუთამდე, ვიდრე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებდა, ცოცხალი თავით არ სთანხმდებოდა მის გაგრძელებას.

ტრამპის მთავარი და კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ, ეს ორმხრივი ხელშეკრულება აუცილებლად სამმხრივად გაგრძელებულიყო და მისი მესამე წევრი გამხდარიყო ჩინეთი, რომელიც ყოველწლიურად აუმჯობესებს და აძლიერებს თავის სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას.

ტრამპის კატეგორიულ მოთხოვნაში ამერიკელებისთვის იყო ლოგიკის მარცვალი, რადგან ჩინეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების უპირველესი სამიზნე სწორედ აშშ-ია. მეორე სამიზნედ შეიძლება ინდოეთი ჩაითვალოს, მესამე სამიზნეობას კი რუსეთმა გამოჰკრას ხელი, რადგან ჩინეთის 1,4 მლრდ მოსახლეობა აუთვისებელ სივრცეს ეძებს, რუსეთის აღმოსავლეთით კი უზარმაზარი დაუსახლებელი ტერიტორიებია...

პეკინმა, რა თქმა უნდა, უარყო ვაშინგტონის მოთხოვნა, შეერთებოდა აშშ-ისა და რუსეთის ხელშეკრულებას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების თაობაზე და თანაც ძალიან მყარი არგუმენტით - ჯერ ამერიკელებმა და რუსებმა შეამცირეთ თქვენი ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების რიცხვი იმ რაოდენობამდე, რაც ჩინელებს გვაქვს და მერე ვისაუბროთ პარიტეტის დაცვაზეო...

თავის მხრივ, რუსეთმა მხარი დაუჭირა ჩინეთს და სანაცვლოდ აშშ-ს მოსთხოვა, ახალ ხელშეკრულებაში ჩაერთოს ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც, რომლებსაც წყალქვეშა ნავებზე ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები აქვთ განთავსებულიო.

ტრამპმა ოთხწლიანი პრეზიდენტობის პერიოდში აშშ გამოიყვანა ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ორმხრივი ხელშეკრულებიდან (ამის მიზეზი რუსული მხარის მიერ "ისკანდერებისთვის" 500 კმ-ზე შორს მფრენი რაკეტების მალულად შექმნა და განთავსება დასახელდა).

გარდა ამისა, კვლავ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, აშშ-მა დატოვა "ღია ცის" ხელშეკრულება, რომელიც პირველი "ცივი ომის" დამთავრების შემდეგ დაიდო და ითვალისწინებდა საინსპექციო-სადაზვერვო ფრენების შესრულებას ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების საჰაერო სივრცეში.

ერთ-ერთი საბაბი, რის გამოც ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, უშუალოდ უკავშირდება საქართველოს, კერძოდ, რუსეთი "ღია ცის" ინსპექტორებს ნებას არ რთავდა, ეფრინათ არათუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის თავზე, არამედ 10 კმ-მდე მიახლოებოდნენ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებს.

კრემლის მოტივი ის გახლდათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები "დამოუკიდებელი ქვეყნებია", რომლებიც არ მონაწილეობენ "ღია ცის" ხელშეკრულებაში, ამიტომ მათი საჰაერო შემოწმება დაუშვებელიაო...

5 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტებმა ბაიდენმა და პუტინმა ხუთი წლით - 2026 წლის 5 თებერვლამდე გააგრძელეს NNe.w. Start-ის ხელშეკრულება და მსოფლიომაც მშვიდად ამოისუნთქა...

სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის თემა ძალზე აქტუალურია მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის და თუკი მის კონტროლში ყველა ბირთვული სახელმწიფო ჩაერთვება, ამით დედამიწა მხოლოდ მოიგებს...

დღეისთვის ბირთვული იარაღი და მისი გადამტანი საშუალებები აქვს აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, პაკისტანს, ინდოეთსა და ჩრდილოეთ კორეას. ისრაელი ოფიციალურად არ აღიარებს ბირთვული კლუბის წევრობას, თუმცა ეს მხოლოდ პოლიშინელის საიდუმლოა.