რას უწუნებს ოპოზიცია ქართული "მფრინავი ნიანგების" უკრაინაში გარემონტებას?.. - კვირის პალიტრა

რას უწუნებს ოპოზიცია ქართული "მფრინავი ნიანგების" უკრაინაში გარემონტებას?..

ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა და მათ შორის თავდაცვის სამმა ყოფილმა მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა დღევანდელი ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის ძალების კუთვნილი რამდენიმე Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენის ძრავები და რედუქტორები ცნობილმა უკრაინულმა საავიაციო კონცერნმა "მოტორ სიჩმა" გაარემონტოს.

ოპონენტების კრიტიკას რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა. პირველი - "მოტორ სიჩის" აქციების დიდი ნაწილი შეიძინა ჩინურმა მხარემ, რის გამოც აშშ-მა ამ უკრაინულ კონცერნს სანქციები დაუწესა და მასთან ურთიერთობა ზიანს მიაყენებს ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

მეორე არგუმენტი უფრო ორიგინალურია - კორპორაცია "მოტორ სიჩის" პრეზიდენტი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი (რომელსაც ა.წ.-ის 22 იანვარს თბილისში შეხვდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი) თურმე რუსეთში ჩადის; ის პუტინთან ერთად ერთ დარბაზში შენიშნეს და ამიტომ მის მიერ ქართული შვეულმფრენების გარემონტება პრორუსობაა...

არის მესამე არგუმენტიც, რომელიც არგუმენტებს შორის "საუკეთესოა" - სააკაშვილის დროინდელი რამდენიმეთვიანი თავდაცვის მინისტრი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რად გვინდა უკრაინული "მოტორ სიჩის" გარემონტებული ძრავები, როდესაც ნატოს წევრ ბულგარეთში ადვილად შეიძლება დაშლილი შვეულმფრენების მეორადი ნაწილების შოვნაო... რა უნდა ვთქვათ? კომენტარიც კი ჭირს...

ამ ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, ძლივს გადაწყვიტა კაპიტალურად გაერემონტებინა ქართული სამხედრო ავიაციის მოიერიშე Су-25-ები, საბრძოლო Ми-24-ები და სატრანსპორტო Ми-8-ები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გაუნძრევლად იდგა აეროდრომზე. ისინი, ფაქტობრივად, ჩამოწერილი იყო და თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა მათი უმრავლესობის გასაყიდად საზღვარგარეთ მონდომებით ეძებდა მყიდველს, მათ შორის - ჯართის მიმღებთა შორისაც და იმის ნაცვლად, რომ მივესალმოთ ქართული "მიმინოებისა" და "ნიანგების" თავიანთ სტიქიაში შესაძლო დაბრუნებას, რასაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ოდნავ გაძლიერება მაინც მოჰყვება, ოპოზიცია იწყებს კრიტიკას, რატომ ვარემონტებთ რუსულ შვეულმფრენებს და თანაც - პრორუს უკრაინელთან...

სხვათა შორის, ოპოზიციონერებს შორის არის ის ცნობილი ქალბატონიც, რომლის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობის დროს გაიყიდა ქუთაისის ავიასარემონტო ქარხნის დაზგა-დანადგარები, რომლებიც Ми-8 ტიპის შვეულმფრენების რედუქტორების გასარემონტებლად იყო განკუთვნილი და გაიყიდა თითქმის ჯართის ფასად, მისმა მყიდველმა უკრაინულმა ქარხანამ კი მათი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება დაიწყო...

უკრაინული "მოტორ სიჩი" საბჭოთა დროიდან მსოფლიოში აღიარებული საავიაციო საწარმოა, რომელიც ორ ათეულამდე დასახელების ტურბორეაქტიულ და ტურბოხრახნიან ძრავას სერიულად აწარმოებს და ყველა საბჭოთა სამხედრო შვეულმფრენს სწორედ მისი ძრავები აქვს.

ქართული შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების კაპიტალური რემონტი (ახალი ძრავების შეძენა მთლად უკეთესი იქნებოდა) სწორედ იმ პირველწყაროსთან, რომელიც მათ ექსკლუზიურად ამზადებს, აბსოლუტურად გამართლებულია.

რაც შეეხება იმას, თითქოს საბჭოთა წარმოების ქართული შვეულმფრენების გარემონტებით რუსული საქმე კეთდება, ამის მთქმელნი თვითონ იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში, როდესაც 2004-2006 წლებში ქართულმა არმიამ ეს შვეულმფრენები უკრაინასა თუ ყაზახეთში შეიძინა და შემდგომ არც ლუკაშენკოს ბელორუსიაში მათ რემონტს მორიდებია.

თვით აშშ-მა შვიდი წლის წინ რუსეთისგან 1,3 მლრდ დოლარის ღირებულების Ми-17 ტიპის (Ми-8-ს ერთ-ერთი თანამედროვე მოდიფიკაცია) 63 შვეულმფრენი შეიძინა ავღანეთის არმიისთვის გადასაცემად, თუმცა საკუთარი წარმოების შვეულმფრენებიც არანაკლებ ჰყავთ.

გასაგებია, რომ საბჭოთა/რუსული წარმოების შეიარაღების ნატოს სტანდარტის არსენალით შეცვლა აუცილებელია (რაც თანდათან ისედაც ხდება), რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუსულ სათადარიგო ნაწილებზე, მაგრამ რა ვუყოთ ქართული არმიის განკარგულებაში დარჩენილ საბჭოთა საფრენ აპარატებს - დავჭრათ და ჯართად ჩავაბაროთ? თუ გავარემონტოთ და მათი საფრენოსნო რესურსი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოვიყენოთ? მით უმეტეს, რომ დასავლური და თანაც ახალი საბრძოლო თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების შეძენა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუძლებელია.