საცეცხლე მხარდაჭერის ახალი იარაღი ქართული არმიისთვის - კვირის პალიტრა

საცეცხლე მხარდაჭერის ახალი იარაღი ქართული არმიისთვის

"ამერიკული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და ავტომატური ყუმბარსატყორცნები ქართულ დანაყოფებს ნატოს შენაერთებთან ერთობლივი საბრძოლო ამოცანების შესრულებას გაუადვილებს..."

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში მიიღო "ბრაუნინგის" M2 ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და Mk-19 ტიპის დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნები.

იარაღის ეს სახეობები, რა თქმა უნდა, ულტრათანამედროვე არ არის - Mk-19 1968 წლიდან იწარმოება და ვიეტნამის ომი გამოიარა, ხოლო 1933 წლიდან სერიულად გამოშვებულმა მსხვილკალიბრიანმა M2-მა მეორე მსოფლიო ომიც კი "ნახა", მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე სახეობა დღემდე აშშ-ის არმიის ძირითადი ჯგუფური იარაღია, რომელსაც დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისთვის იყენებენ.

აქამდე ქართული არმიის შეიარაღებაში იყო ანალოგიური დანიშნულების საბჭოთა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები - Утёс-ი და АГС-17 ტიპის ავტომატური ყუმბარსატყორცნები, თუმცა არცთუ დიდი რაოდენობით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ საბჭოთა Утёс-ი და АГС-17 მაინცდამაინც ჩამორჩება ანალოგიურ ამერიკულ იარაღს, მაგრამ თუ ქართული არმია ნელ-ნელა ნატოს სტანდარტებზე გადადის, მაშინ მისი შეიარაღებაც და საბრძოლო მასალებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიან სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. ამას უდიდესი, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების ჩატარების დროს. თავად წარმოიდგინეთ - სადღაც ავღანეთში მორიგი ყიშლაყის გაკონტროლებისას როდესაც ამერიკელ მეტყვიამფრქვევეს 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ვაზნები გაუთავდება, მას ქართველი თანამებრძოლი უწილადებს, ან მომავალში ქართული სოფლის დამცველებს ამერიკელები თავიანთი არსენალიდან გამოუგზავნიან 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნის ყუმბარებს.

Mk-19 ტიპის ავტომატური ყუმბარსატყორცნიდან 40 მმ კალიბრის ყუმბარების დამიზნებით სროლა 1,5 კმ-მდე შეიძლება

როგორც ვთქვით, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი და ავტომატური ყუმბარსატყორცნი ჯგუფური იარაღია, ანუ მას არანაკლებ ორი მებრძოლი ემსახურება და ხშირად სწორედ მათი ცეცხლის იმედად არიან მხოლოდ ავტომატური კარაბინებით შეიარაღებული ოცეულის სხვა წევრები.

ამასთან, იარაღის ამ ორივე სახეობის დამონტაჟება შეიძლება პიკაპებზე, რის შედეგადაც განსაკუთრებულად მობილური ხდება საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფი და ეს ტოტალური თავდაცვის კონცეფციასაც შეესაბამება.

M2 ტიპის მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევზე რა გითხრათ, მაგრამ Mk-19 ავტომატური ყუმბარსატყორცნის სინგაპურული კლონები ჯერ კიდევ იმ თურქულ "კობრებზე" გვქონდა დამონტაჟებული, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ქუჩის ბრძოლები გამოიარა.

ამერიკული მხარის მიერ ქართული არმიისთვის გადმოცემული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 მოდიფიკაციისაა, რომელსაც სწრაფად ეცვლება ლულა და ის პენტაგონმა შეიარაღებაში მხოლოდ 2010 წელს მიიღო. ამ ტყვიამფრქვევით ნასროლ მსხვილკალიბრიან ჯავშანგამტან ტყვიებს რუსული ჯავშანტრანსპორტიორის ბორტის გახვრეტა რამდენიმე ასეული მეტრიდანაც კი შეუძლია.