მართვადი ქაოსი საქართველოს მუდმივად კრიზისულ სიტუაციაში დასატოვებლად... - კვირის პალიტრა

მართვადი ქაოსი საქართველოს მუდმივად კრიზისულ სიტუაციაში დასატოვებლად...

"ხელისუფლებაში დაპირისპირებამ ერთი საუკუნის წინ საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, "ხონჩით მიართვა" ბოლშევიკურ რუსეთს და დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავზე, უკიდურესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ისედაც ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს განსაკუთრებულად დაუცველს ტოვებს ჩვენს არაკეთილმოსურნეთა საშიში ზრახვების პირისპირ..."

18 თებერვლის დილას ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეიძლებოდა საქართველო სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩენილიყო, რასაც დაემატებოდა მასობრივი დაუმორჩილებლობა და იქნებ სამოქალაქო დაპირისპირებაც, თუკი პოლიცია აღასრულებდა სასამართლოს დადგენილებას და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ძალის გამოყენებით ეცდებოდა ამ პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

აქსიომაა, რომ ნორმალურ ქვეყანაში სასამართლოს განაჩენი უნდა აღსრულდეს, მაგრამ ამჯერად შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ სამართალდამცავების თუნდაც კანონიერი მოქმედება მსოფლიოს შეიძლებოდა არადემოკრატიულ ნაბიჯად აღექვა, რადგან მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უნდა დაეკავებინათ, რასაც ამ პარტიის პარტიული ტელევიზიები გააშუქებდნენ, როგორც ოპოზიციის შტაბ-ბინაზე ხელისუფლების იერიშს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 თებერვლის დილასვე გადადგა, რითაც მან, ფაქტობრივად, შეაჩერა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიციის მოქმედება, რაც აუცილებლად გადაიზრდებოდა მასშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

პარტიის ოფისში მელიას თავშეფარება და ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და ათობით ტელეკამერის თანდასწრებით ღამეების თენება, რა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი ნაბიჯი გახლდათ და გათვლილი იყო ხელისუფლების პროვოცირებისთვის - თუ სასამართლოს დადგენილებას არ ასრულებ, ე.ი. სუსტი და მშიშარა ხარ, ხოლო თუკი მის დაკავებას დააპირებ, მაშინ - დემოკრატიის მტერი და დიქტატორი...

უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია, ასე ვთქვათ, მატროსოვი აღმოჩნდა, რომელიც მკერდით გადაეფარა "ამბრაზურას".

"ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი","- განაცხადა ექს-პრემიერმა.

მაგრამ მისი გადადგომის გარეშეც ხომ შეიძლებოდა მელიას დაკავებისგან თავშეკავება?! და ეს სამთავრობო კულუარებში უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა გიორგი გახარიამ არ დამალა - სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე, ამიტომ გადავწყვიტე, გადავდგეო.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიცია მართალი იყო, რამდენიმე დღის წინ რომ გაიძახოდა, სახელისუფლებო სტრუქტურებში მაღალი თანამდებობის პირებს შორის დაპირისპირებააო, თორემ რატომ ვერ გადაწონა პრემიერ-მინისტრის სიტყვამ?

ოპოზიციამ, ფაქტობრივად, თავისას მიაღწია, რადგან პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უწყდება უფლებამოსილება და გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს, პარლამენტს კი ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ-მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

ეს ყველაფერი კარგია, თუკი სამოქალაქო დაპირისპირებას გადავურჩით, მაგრამ უკვე მომაბეზრებელია ეს პოლიტიკური დაძაბულობა და კრიზისული სიტუაცია, რომელსაც საქართველო თავისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მესამე ათწლეულის ბოლოსაც ვერ აღწევს თავს.

მართვადი ქაოსი - სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გასული წლები. ამ მართვად ქაოსს სხვა ქვეყნების გავლენიანი პოლიტიკური ძალები გვახვევენ თავს თავიანთი სპეცსამსახურების საშუალებით, რისთვისაც იყენებენ "გავლენის აგენტებს", რომლებიც წლების განმავლობაში "გამოზარდეს" ქართულ პოლიტიკაში. მუდმივად მართვად ქაოსში ჩაფლული ქვეყანა ვერასოდეს გახდება დამოუკიდებელი და დემოკრატიული. ის ყოველთვის დარჩება იმ ძალების სათამაშო თოჯინად, რომელთაც საქართველოს გაძლიერება არ სურთ.