100 წელი რუსეთთან პირველი ომიდან... - კვირის პალიტრა

100 წელი რუსეთთან პირველი ომიდან...

"რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაპყრობიდან ასი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ ვართ რუსული ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროების წინაშე..."

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების თარიღად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნავდით საბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ეს თარიღი ჩვენი ერის ტრაგედიის დღედ აღიქმება.

რა მოხდა რუსეთ-საქართველოს პირველი ომის დროს ზუსტად ერთი საუკუნის წინ, დღეს ჩვენთვის მეტ-ნაკლებად გასაგებია, რადგან ბევრი ჩვენგანი 2008 წლის ომის უშუალო მონაწილე და თვითმხილველია.

როგორც მეფის რუსეთს მე-19 საუკუნეში და ბოლშევიკ-კომუნისტებს მე-20-ში, ოლიგარქ-ნაციონალისტებს 21-ეშიც სურთ რუსეთის დიდი იმპერიის შექმნა-გაფართოება, რასაც ყოველთვის ეწირებოდა რუსეთის მეზობლების, უპირველესად კი - საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორია.

საერთაშორისო საზოგადოება, გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს ჩათვლით, მიუხედავად დემოკრატიის ქადაგებისა, უძლური აღმოჩნდა, წინ აღდგომოდა 21-ე საუკუნის რუსულ სამხედრო აგრესიას ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის მიმართ და ადვილი წარმოსადგენია, რას შეძლებდა ერთა ლიგა ერთი საუკუნის წინ, როდესაც ბოლშევიკური რუსეთი ერთიმეორის მიყოლებით იპყრობდა სამხრეთ კავკასიის სამ დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

ასი წლის წინ ბოლშევიკებს საქართველოში ქართველები შემოუძღვნენ. მათ - მსოფლიო კომუნიზმის იდეებით მოწამლულებმა - თავიანთი ისტორიული სამშობლოს დამოუკიდებლობა და ეროვნული ღირსება პროლეტარიატის გაერთიანების არარეალურ იდეას ანაცვალეს.

იმედია, დღეს საქართველოში აღარ არიან მსოფლიო კომუნიზმის უტოპიური იდეების თაყვანისმცემლები, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ისევე გამოუძღვებიან რუსულ ტანკებს თბილისისკენ, როგორც ერთი საუკუნის წინ სერგო ორჯონიკიძე მოუძღოდა ჩვენი დედაქალაქისკენ ბოლშევიკების ცხენოსან ესკადრონებს. სწორედ ასეთი სამარცხვინო შემთხვევები ვნახეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც ქართული არმიის გორისა თუ სენაკის სამხედრო ბაზებში რუსი სამხედროების მეგზური ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები ხდებოდა, თანაც - საკუთარი ინიციატივით...

ისტორია ერთგვარი სპირალია და უყვარს გამეორებები უმნიშვნელო ცვლილებებით. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის აღებიდან ერთი საუკუნე გავიდა, დღესაც აქტუალურია საფრთხე, რომელსაც მაშინ გმირი ქართველი იუნკერები აღუდგნენ წინ. საქართველოს არა მარტო ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობასაც კვლავ დამოკლეს მახვილივით ემუქრება რუსული სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება და ჯერჯერობით არ არსებობს გარანტია (მიუხედავად ჩვენი დასავლეთის, ნატოსა თუ ევროკავშირისკენ სწრაფვისა), რომ ეს საშიშროება თუ ვერ გაქრება, შემცირდება მაინც.