ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის დასასრული?! - კვირის პალიტრა

ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის დასასრული?!

რომელ 100 მილიონს ითხოვს ებრაული Elbit systems-ი

თურმე სულ რაღაც ერთი კვირა ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ქართულ-ებრაულ 26-საუკუნოვან მეგობრობას ბზარი გაუჩნდეს.

ძნელია, სხვანაირად აღიქვა, როდესაც თითქმის საქართველოს მსგავს დღეში მყოფი ისრაელის (რომელიც ასევე ყოველდღიურად დაბომბვებს და ტერაქტებს მოელის) წარმომადგენლები (თუნდაც - კერძო სექტორიდან) ღია კავშირს ამყარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ სეპარატისტულ რეჟიმთან და მის გაძლიერებას აპირებენ. ადვილი წარმოსადგენია, თავისი ქვეყნის მოყვარულ ებრაელთა როგორი რეაქცია მოჰყვებოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რომელიმე ქართულმა კერძო კომპანიამ ღაზის სექტორში ოფიციალური თელ-ავივის უკითხავად თუნდაც მინერალური წყალი შეიტანა...

ებრაელი გენერლები ჯერ ქართველ სამხედროებს ავარჯიშებდნენ, ახლა კი აფხაზებს მოამზადებენ?!

ებრაული ჰოლდინგი Global CST-ი, ფაქტობრივად, ყოფილი ებრაელი მაღალჩინოსნებით არის  დაკომპლექტებული - მისი პრეზიდენტი და დამფუძნებელია ისრაელის არმიის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ისრაელ ზივი, გენერალური დირექტორი კი გენერალ-მაიორი მეირ კლიფი, რომელიც 2007-2010 წლებში პრემიერ-მინისტრების - ეჰუდ ოლმერტისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სამხედრო მდივანი გახლდათ.

სწორედ ამ ებრაული ჰოლდინგის ხელმძღვანელობა 13 აპრილს მოსკოვში შეხვდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერს, სერგეი ბაღაფშს, შემდეგ კი მოლაპარაკებები უშუალოდ სოხუმში გაგრძელდა. ეს ჰოლდინგი სპეციალიზებულია იარაღით ვაჭრობაზე, სპეცდანიშნულების დანაყოფების მომზადებასა და დაზვერვის სისტემის აწყობაში სამხედრო კონსულტაციებზე, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, ისინი სოხუმელ სეპარატისტებს მანდარინის მოყვანის თანამედროვე მეთოდების გაზიარების მიზნით შეხვედროდნენ.

საქართველოში ისრაელის საელჩომ უარყო აფხაზებისთვის იარაღის მიყიდვის შესაძლებლობაც კი და განაცხადა, რომ ისრაელი არ აღიარებს სეპარატისტულ რეჟიმებს სოხუმსა და ცხინვალში, თუმცა, არ გამორიცხავს ისრაელიდან ამ ქალაქებში კერძო პირთა ჩასვლას, რომელთაც, რა თქმა უნდა, ისრაელის მთავრობის სახელით ლაპარაკის უფლება არ ექნებათ.

მაგრამ საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ ისრაელის ხელისუფლება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, შესაძლოა, საქმის კურსში ყოფილიყო. ამ ეჭვს აძლიერებს 4 მარტს კატარის ტელეარხ "ალ-ჯაზირას" მიერ ებრაულ გაზეთ "ედიოტ აჰრონოთ"-ზე დაყრდნობით გავრცელებული სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ Global CST-ს გადაუხადა 5 მლრდ დოლარი ლიბიის ლიდერმა კადაფიმ, რათა ამ ებრაულ კომპანიას მთელ აფრიკაში 50 ათასამდე დაქირავებული მებრძოლი შეეკრიბა კადაფის რეჟიმის დასახმარებლად.

ებრაულმა გაზეთმა "გაარეტმა" კი 15 აპრილს გაავრცელა  "ვიკილიკსიდან" გაშიფრული ახალი დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის ბოლოს პანამაში აშშ-ის ელჩმა ამ ქვეყნის პრეზიდენტს დაჟინებით ურჩია Global CST-თან ურთიერთობის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-სა და პანამას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაყინვით დაემუქრა. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა პანამის ხელისუფლებას ურჩია, ამ ებრაული ფირმის შესახებ ინფორმაცია კოლუმბიის პოლიციის ხელმძღვანელობისგან მიეღო. პანამელები ასეც მოიქცნენ და ამ კომპანიის შესახებ კოლუმბიელების ძალზე უარყოფითი შეფასება მიიღეს, რის შემდეგაც პანამამ Global CST-ს თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

KvirisPalitra.Geა.წ. იანვრის ბოლოს რუსულ მასმედიაში ერთი საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა, რომელსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლება ვერც კი შეამჩნევდა. მოსკოვში ФСБ-ს მაღალჩინოსნებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს ებრაული კომპანია Global GLS-ის  წარმომადგენლებმა. საუბარი შეეხო სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისა და 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ ებრაული კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა დროს ატლანტისა და ათენის ოლიმპიადების უსაფრთხოებას  იცავდნენ.

საგულისხმო დეტალია, რომ კომპანია Global GLS-ი ჩვენთვის უკვე ნაცნობი ებრაული ჰოლდინგის - Global CST-ის შემადგენლობაში შედის, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელიდან  აფხაზეთში ჩასული ყოფილი მაღალჩინოსნები 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებაზე იზრუნებენ, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ მათ, ამავე დროს, ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმის სპეცდანაყოფები გაწვრთნიან და ისინი სპეციარაღითაც მოამარაგონ.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი რეალურ მოწინააღმდეგედ  დანარჩენ საქართველოს მიიჩნევს! ანუ, რა გამოდის? ხვალ მდ. ენგურზე, საოკუპაციო საზღვარზე, ებრაული სპეცსამსახურების ტაქტიკით მომზადებული და ებრაული "უზებითა" და "ტავორებით" შეიარაღებული სეპარატისტების გამოჩენას უნდა ველოდოთ?!

ეს მით უფრო უცნაური ჩანს, თუ გავიხსენებთ, რომ აგვისტოს ომამდე - 2007 წლის ბოლოს და 2008 წლის პირველ ნახევარში - თადარიგში გასული სხვა ებრაელი გენერალი და მისი ჯგუფი ქართველ სამხედროებს სწორედ ამ სეპარატისტულ რეჟიმებთან შესაძლო დაპირისპირებისათვის წვრთნიდნენ...

რას ედავება ებრაული "ელბიტი" ოფიციალურ თბილისს

სანამ გადამდგარი ებრაელი გენერლების სეპარატისტულ სოხუმში ვიზიტი გამჟღავნდებოდა, მეორე ცნობილმა ებრაულმა კომპანიამ Elbit systems-მა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში. სარჩელი მომზადდა 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტების გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო. მომჩივანი მხარე საქართველოს მთავრობისგან 100 მლნ დოლარის გადახდას ითხოვს.

"ელბიტმა" მარტო გასულ წელს 2 მლრდ  670 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რაც იმავე წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იყო. ეს ფაქტი "ელბიტის" სერიოზულობაზე მიუთითებს და როდესაც ასეთი კომპანია ქვეყანას უჩივის, საქმე სახარბიელოდ მართლაც არ არის.

ებრაულმა "ელბიტმა" საქართველოსთან, კერძოდ კი თბილისის საავიაციო ქარხანასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ამ სტატიის ავტორი გახლდათ იმ ქართული ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, რომელმაც "ელბიტის" მიერ Su-25KM "სკორპიონის" დონეზე მოდერნიზებული მოიერიშე თვითმფრინავი 2001 წლის ზაფხულში საფრანგეთში, ლე-ბურჟეს საერთაშორისო საავიაციო გამოფენაზე ჩაიყვანა. იქ ქართულ-ებრაული ექსპონატი "ელბიტის" პავილიონში იყო გამოფენილი მისი სხვა ნიმუშების გვერდით.

KvirisPalitra.Ge"ელბიტთან" თანამშრომლობა 2007 წლიდან უფრო ინტენსიური გახდა, რაც რამდენიმე პროექტის განხორციელებით გამოიხატა.

2008 წლის გაზაფხულზე რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა აფხაზეთის თავზე ერთმანეთის მიყოლებით სამი ქართული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათი დეტალების დათვალიერების შემდეგ რუსულ სპეცსამსახურებში დაასკვნეს, რომ საქმე ებრაული კომპანია "ელბიტის" მიერ წარმოებულ Hermes-450-ის ტიპის უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებთან ჰქონდათ.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელისგან იყიდეს 40 ცალი უპილოტო თვითმფრინავი, თუმცა, მათი ტიპი არ დაუზუსტებია.

მეორე დიდი პროექტი, რომელიც ასევე 2007 წელს დაიწყო, ქართული ტანკების მოდერნიზებას ეხებოდა. "ელბიტმა" ქართული T-72 ტიპის ტანკების ნაწილი T-72  შიმ1-ის დონემდე გააუმჯობესა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ "ელბიტის" სარჩელი ამ ორი ძირითადი კონტრაქტის (უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მიყიდვასა და ტანკების მოდერნიზაციას) ან ერთ-ერთი მათგანის პირობების შეუსრულებლობას უკავშირდება.

ასეთი ხელშეკრულებების პირობები უფრო კომერციული საიდუმლოა, ვიდრე სამხედრო და მათი ოფიციალურად გამოქვეყნების გარეშე რთულია მარჩიელობა, მართლაც საქართველოს ხელისუფლებამ "გადააგდო" ებრაელები თუ "ელბიტი" რაღაც ზედმეტს ითხოვს.

თუმცა ის გარემოება, რომ "ელბიტის" მიერ სარჩელით მოთხოვნილი 100 მლნ დოლარი ეკვივალენტია იმ თანხისა, რის გამოც საქართველოში ორი ებრაელი ბიზნესმენი სულ ცოტა ხნის წინ გაასამართლეს, ბევრ ეჭვს ბადებს.

საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური  თანამშრომლობა და რუსეთის ინტერესები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართულმა მხარემ მეტ-ნაკლებად წარმატებულად გამოიყენა ისრაელისგან შეძენილი შეიარაღება და აღჭურვილობა. ყველაზე აქტიურად გამოიყენებოდა LAR-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები,  T-72 შიმ1 ტიპის მოდერნიზებული ტანკები, არტილერიის შესანიღბად განკუთვნილი კამუფლირებული ბადეები და შპყდერ-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები. "ელბიტის" მიერ მოდერნიზებულმა ქართულმა მოიერიშე "მიმინომ" მხოლოდ ერთი დაბომბვა განახორციელა, ხოლო უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მოქმედება ეპიზოდური გახლდათ.

მოგვიანებით მოსკოვი სერიოზულად დაინტერესდა ებრაული წარმოების უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებით და 2010 წელს ისრაელის სხვადასხვა კომპანიისგან და მათ შორის - "ელბიტისგან" თითქმის 100 მლნ დოლარის ღირებულების ასეთი საფრენი საშუალებები შეიძინა.

როგორ გგონიათ, როდესაც ჩნდება უზარმაზარი რუსული ბაზარი, რომელზე შეჭრაც ებრაულ კომპანიებს და იმავე "ელბიტს" უზარმაზარ ფინანსურ მოგებას ჰპირდება, რატომ გააგრძელებენ ისინი თანამშრომლობას საქართველოსნაირ ქვეყანასთან, მით უმეტეს, თუკი კრემლი თელ-ავივისგან ისრაელ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სრულ გაწყვეტას მოითხოვს?!

გარდა ამისა, არსებობდა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც, კერძოდ, თუკი ისრაელი არ მიაწოდებდა შეიარაღებას და პირველ რიგში - შპყდერ-ის საზენიტო რაკეტებს თბილისს, არც მოსკოვი მიჰყიდდა თავის C-300-ებს თეირანს.

ასეც მოხდა - საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აგვისტოს ომის შემდეგ თითქმის გაიყინა, ამ ბოლო დღეებში მომხდარის გამო (გადამდგარი ებრაელი გენერლების სეპარატისტულ სოხუმში სტუმრობა და "ელბიტის" სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ) კი ის შეიძლება საერთოდ შეწყდეს...