კაპიტოლიუმის პრეცედენტმა ახალ ქართულ მთავრობას გააბედვინა... თუმცა, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს - კვირის პალიტრა

კაპიტოლიუმის პრეცედენტმა ახალ ქართულ მთავრობას გააბედვინა... თუმცა, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს

ახალი მთავრობისთვის წარმატებულად დამთავრებული მელიას დაკავების საპოლიციო სპეცოპერაცია საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის დიდ დარტყმად იქცა

23 თებერვლის, დილაუთენია, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

სპეცოპერაცია მიმდინარეობდა აუჩქარებლად, ათობით ტელეკამერის წინ და, საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა დერეფანსა და ოთახში - შეზღუდულ სივრცეში გაშვებული წიწაკის აეროზოლის გამო იქ მყოფნი შეუძლოდ გახდნენ. ეს იყო კიდეც ამ ოპერაციის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი, რათა დიდი შეტაკების გარეშე დაეკავებინათ კაბინეტში მყოფი მელია. თუკი წიწაკის აეროზოლს ოთახში უფრო დიდი დოზით შეასხურებდნენ, შეიძლება შედეგი უფრო მძიმე ყოფილიყო... დიახ, ეს საპოლიციო ოპერაცია თითქმის უშეცდომოდ ჩატარდა. წინასწარ იყო დაგეგმილი, რომელი კარიდან შევიდოდნენ სპეცრაზმელები და პოლიციელები (ცენტრალური და სათადარიგო შესასვლელები;

მიწისქვეშა ფარეხის რკინის კარი; სპეცრაზმელები შენობის სახურავზე სამაშველო სამსახურის ასაწევი კალათითა და სახანძრო კიბით აიყვანეს, მერე კი ისინი სხვენიდან დაეშვნენ) და რა აუცილებელი ტექნიკა დასჭირდებოდათ კარის საკეტების დასამტვრევად, მაგრამ ხელისუფლებისთვის წარმატებულად ჩატარებულ ოპერაციას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა უარყოფითი რეაქცია დასავლეთისა, რომელიც ბოლო 30 წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და რომლის სტრუქტურებში გაწევრებას, იქნება ეს ევროკავშირი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამდენი ხანია, ასე უშედეგოდ ვცდილობთ.

ძნელი დასაჯერებელია, რამდენიმე საათით ადრე დამტკიცებულ ახალ მთავრობაში წინასწარ ვერ განესაზღვრათ, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისში საპოლიციო სპეცოპერაციის ჩატარება დასავლეთის კრიტიკის ტალღას ააგორებდა. მაშ, რატომ იჩქარეს ასე? ა.წ.-ის 6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეებისა და სხვა ათასი ჯურის საეჭვო პირის შეჭრა მთელმა დემოკრატიულმა მსოფლიომ, ბუნებრივია, მიუღებლად მიიჩნია და ენა არავის უბრუნდება, ამ მოვლენების გამო დაღუპული ოთხი ადამიანისა და 150-მდე დაპატიმრებულის გამო ამერიკელ სამართალდამცავებს დემოკრატიის პრინციპების დარღვევა დააბრალოს. მაშ, რას ერჩიან ქართველ სამართალდამცავებს, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს "ქართულ კაპიტოლიუმში" შეჭრის არაერთი მცდელობა მოიგერიეს?

გასაგებია, რომ ოკუპანტი რუსეთის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში შეყვანა მაშინდელი მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის დანაშაული გახლდათ, მაგრამ განა ეს ვინმეს აძლევს უფლებას, ჯოხებითა და ქვებით იერიშზე გადავიდეს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შესაჭრელად? ახალარჩეულმა მთავრობამ, ალბათ, ჩათვალა, რომ განსაკუთრებული პრინციპულობის გამოვლენა იქნებოდა სასამართლოს დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება და თუკი კაპიტოლიუმის იერიშის მონაწილეებს დღემდე ეძებენ და აკავებენ, რატომ უნდა იყოს თავისუფალი მელია, რომელიც პარლამენტზე იერიშის საქმეზეა ბრალდებული და შემდეგ - გირაოთი გამოშვებული, მაგრამ პრინციპულად არ აპირებს გირაოს გადახდას, ელექტრონული სამაჯურიც, დიდი ხანია, ყველას თვალწინ დემონსტრაციულად მოიხსნა და მოისროლა და სახელმწიფო მანქანასაც ასე უტიფრად იწვევს?!

ჰოდა, კაპიტოლიუმის პრეცედენტით იმედმოცემულმა ახალმა მთავრობამაც გაბედა და მელია დაიჭირა, მაგრამ დასავლეთის რისხვას ვერ გადაურჩა, რადგან რაც ეპატიება იუპიტერს, ის არ ეპატიება ხარს! არც დემოკრატიის ორმაგი სტანდარტები უარუყვია ჯერ არავის და ვინც ძლიერია, თამაშის წესებსაც ის ადგენს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარის ამსახველ სატელევიზიო კადრებსა და 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შეტევის ამსახველ ვიდეოკადრებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ორივე შემთხვევაში აგრესიული ხალხი ცდილობს სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო დაწესებულებაში შეჭრას და ამ დროს ფიზიკურ ზიანს აყენებს სამართალდამცავებს, მაგრამ დასავლელ პოლიტიკოსთა ნაწილი ამას სხვადასხვანაირად აფასებს. კაპიტოლიუმში შეჭრა მათთვის დანაშაულია, ქართულ პარლამენტში შეჭრისთვის ბრალდებულის სასამართლო განჩინებით დაკავება კი - დემოკრატიაზე თავდასხმა.

დიახ, მათი ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო, ამიტომაც გასაკვირია, რატომ იჩქარა ახალმა მთავრობამ. მათ ხომ არავინ აიძულებდა მელიას სასწრაფოდ დაკავებას? ყოფილიყვნენ და ეთენებინათ ღამეები ოპოზიციის ლიდერებს "ნაცმოძრაობის" ოფისში, სანამ არ მოჰბეზრდებოდათ. განა მთავრობას მელიას დაკავებაზე უფრო საშური საქმეები არა აქვს ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ ქვეყანაში? ან რა გახდა მელიას საქმე, სასამართლომ საბოლოო დადგენილება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რომ ვერ გამოიტანა?!

მელიას დასაკავებლად "ნაცმოძრაობის" ოფისში სპეციალური საპოლიციო ოპერაციის ჩატარებით ახალმა ხელისუფლებამ თითქოს კოჭი გაუგორა და ახალი სიცოცხლე შთაბერა რადიკალური ოპოზიციის იმ ფრთას, რომელმაც, ფაქტობრივად, წააგო არჩევნების შემდგომი ბრძოლა, მისი ლიდერები კი ერთმანეთის ჭამაზე ან სულაც აქტიური პოლიტიკიდან წასვლაზე ფიქრობდნენ... გინდა თუ არა, ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენს მრავალჭირნახულ საქართველოში მუდმივად დაძაბული სიტუაციის შენარჩუნება ორივე მხარეს სურს, რაც, სამწუხაროდ, შეესაბამება მართვადი ქაოსის გეგმას, რომელიც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისთვის შემუშავებული აქვთ საზღვრებს გარეთ და არა მარტო ჩრდილოეთში...