სომხეთი სამხედრო გადატრიალების ზღვარზე... - კვირის პალიტრა

სომხეთი სამხედრო გადატრიალების ზღვარზე...

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს უკვე გენერლებიც აუჯანყდნენ და მის გადადგომას მოითხოვენ...

აზერბაიჯანთან წაგებული ყარაბაღის მესამე ომის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ბედს ვერავინ ინატრებს, რადგან ვისაც არ ეზარება, მას ლანძღავს - ყარაბაღელი სომხებიც, ემიგრანტებიც და სომხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც. სწორედ ფაშინიანს თვლიან მოღალატედ და აბრალებენ მთიანი ყარაბაღის ნაწილსა და აზერბიჯანის შვიდ რაიონზე სომხეთის კონტროლის დაკარგვას, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ფაშინიანს არ მიუძღვის ბრალი იმაში, რომ 1994 წელს სომხებმა აზერბაიჯანის კუთვნილი მიწები დაიკავეს, მამების დანაშაულზე პასუხისგება კი უკვე შვილებს მოუხდათ. მომძლავრებულმა აზერბაიჯანმა რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის ფარული დასტურით მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაბრუნება, მაგრამ, სამაგიეროდ, პრეზიდენტ ალიევს დათმობაზე წასვლამ და ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის შეყვანაზე დაყაბულებამ მოუწია, რაც ადრე თუ გვიან აზერბაიჯანს შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

თუკი აქამდე პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ოპოზიცია ებრძოდა, 25 თებერვალს მას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც დაუპირისპირდა - გენშტაბის უფროსმა, ასევე 39-მა მაღალი თანამდებობის მოქმედმა გენერალმა და პოლკოვნიკმა ღია წერილით ფაშინიანის სასწრაფო გადადგომა მოითხოვეს.

ეს, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალების ტოლფასია. ამის საბაბად იქცა წინადღეს ფაშინიანის კატეგორიული მოთხოვნა, მოეხსნათ გენშტაბის უფროსის მოადგილე, რაც დაუყოვნებლივ აღასრულა სომხეთის პრეზიდენტმა.

ფაშინიანის გააფთრება გამოიწვია გენშტაბის უფროსის მოადგილის სატელევიზიო ინტერვიუმ, როცა მან დასცინა პრემიერ-მინისტრის კომენტარს ყარაბაღის ბოლო ომში რუსული "ისკანდერების" გამოყენების შესახებ. ფაშინიანის თქმით, რუსულმა "ისკანდერებმა", რომლებიც სომხების მთავარი იმედი იყო, ომში ვერ გაამართლა, რადგან ეს "მოძველებული რუსული რაკეტები ბოლომდე არ ფეთქდებოდა". სომეხმა გენერალმა მისი ნათქვამი სასაცილოდ აიგდო და ეს ტექნიკურად შეუძლებლად ჩათვალა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს რუსი პოლიტიკოსები ისედაც "სოროსელად" თვლიან და ახლა რუსული იარაღის, განსაკუთრებით კი - "ისკანდერის" ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსის უდიერად მოხსენიებამ რუსულ სახელისუფლებო წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც, ეტყობა, კიდევ ერთი საფუძველი გახდება იმისა, რომ კრემლის ზეწოლით ფაშინიანს თანამდებობა დაატოვებინონ ადგილობრივი მასშტაბის სამხედრო გადატრიალების ინსცენირებით, რასაც, სამწუხაროდ, შეიძლება მსხვერპლიც მოჰყვეს.

რუსულმა "ისკანდერმა" სომხებს ვერ უშველა...

2016 წელს, ყარაბაღის მეორე ოთხდღიანი ომის შემდეგ, სომხეთმა რუსეთისგან ერთგვარ მორალურ კომპენსაციად "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო დანადგარები მიიღო და ამით აზერბაიჯანი გააფრთხილა, - ჭკვიანად იყავით, თორემ "ისკანდერის" ნახევარტონიან საბრძოლო ქობინებს ბაქოს ცენტრში "გამოგიგზავნითო"...

რუსულმა "ისკანდერებმა" სომხებს ვერ გაამარჯვებინა

ყარაბაღის მესამე ომის ბოლო დღეებში სომხეთმა, ბოლოს და ბოლოს, გაბედა "ისკანდერების" გამოყენება, თუმცა ორი რაკეტა ბაქოს ნაცვლად გაუშვა ყარაბაღის ქალაქ შუშის მიმართულებით, რომელიც უკვე აღებული ჰქონდათ აზერბაიჯანელებს და "ისკანდერების" აფეთქებამ ომის შედეგი ვეღარ შეცვალა.