აშკარა სიცრუე საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ხშირად იგი ყველანაირ ზღვარს სცდება - კვირის პალიტრა

აშკარა სიცრუე საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ხშირად იგი ყველანაირ ზღვარს სცდება

აგვისტოს ომში და მას შემდეგ, მთელი წელიწადი აშკარა სიცრუითა და დეზინფორმაციებით კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე სცოდავდა.

ომის დროს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის სატელევიზიო განცხადებამ, რომ 8-9 აგვისტოს ქართული არმია თითქმის მთლიანად აკონტროლებდა ცხინვალს, ტრაგიკული შედეგები გამოიღო: ცხინვალისკენ წასული რამდენიმე ქართველი (მათ შორის ჟურნალისტები) ოსმა სეპარატისტებმა ქალაქის შესასვლელთან დახოცეს ან დაატყვევეს.

ასევე ძალიან შორსაა რეალობისგან ქართული მხარის მტკიცება, თითქოს საქართველოში 100-ათასიანი რუსული არმია შემოიჭრა. სინამდვილეში შემოჭრილთა რაოდენობა 5-6-ჯერ ნაკლები იყო.

ქართული მხარის შეცდომებსა და არასანდო ინფორმაციებზე კიდევ შეიძლება რამდენიმე მაგალითის მოყვანა, მაგრამ ის, რასაც აკეთებს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი და, მით უმეტეს ოფიციალური მოსკოვი, ყველანაირ ზღვარს სცილდება.

აგვისტოს ომის პირველსავე დღეს აშკარა სიცრუის მწვერვალი იყო ცხინვალში ვითომდა სამი ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვაზე რუსეთის მასმედიით გავრცელებული ოფიციალური პირების კომენტარები. საბოლოო ჯამში, 162 მშვიდობიანი მოქალაქე აღმოჩნდა დაღუპული, მაგრამ სამაგიეროდ, ომის დაწყებისთანავე ოსურმა და რუსულმა მხარეებმა თბილისს მსოფლიოს თვალში უდიდესი საინფორმაციო დარტყმა მიაყენეს.

რუსეთის გენშტაბი დღემდე არ აღიარებს კასეტური იარაღის გამოყენებას, თუმცა კასეტურქობინიანი რუსული "ურაგანების", "ტოჩკების", "ისკანდერებისა" და საავიაციო ბომბების ფრაგმენტები ნივთმტკიცებების სახით ქართულ მხარეს უხვად მოეპოვება.

მოსკოვისგან განსხვავებით, თბილისმა აღიარა კასეტურქობინიანი უმართავი რაკეტების გამოყენება.

კრემლი დღესაც არწმუნებს რუსეთის მილიონობით მოქალაქეს, რომ "სახელოვანმა" რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ფოთის აკვატორიასთან საზღვაო ბრძოლა გაუმართა ქართულ კატარღებს და ზუსტი სარაკეტო დარტყმებით რამდენიმე მათგანი ჩაძირა. ამისთვის რუსეთის პრეზიდენტმა თავის მესაზღვრეებს ორდენებიც კი ჩამოურიგა.

სინამდვილეში არავითარი საზღვაო ბრძოლა არ ყოფილა, ხოლო რუსული "მირაჟის" მიერ გაშვებულმა ფრთოსანმა რაკეტებმა კინაღამ ჩაძირა რუსულეკიპაჟიანი მოლდავური მშრალტვირთმზიდი გემი, რომელსაც ფოთის პორტში ხორბალი მოჰქონდა.

ტყუილებით აგვისტოს ომის დროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედებების შესახებ ორივე მხარე სცოდავდა. თბილისი ამბობდა, 19 რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდეთო, მოსკოვმა ოთხზე "დაამუხრუჭა". სინამდვილეში ჩამოგდებულია 6 რუსული თვითმფრინავი, სამმა დაზიანებულმა მოასწრო აეროდრომებზე დაჯდომა.

დაბოლოს, ერთი ბოლო, აშკარა ტყუილი და ცილისწამება - აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთა - 8 და 9 აგვისტოს ქართულმა ჩე-25-ებმა, რომლებსაც თბილისის საავიაციო ქარხანაში რუსეთის ავიაციის განმასხვავებელი ნიშნები დაახატეს, ძარის შემოვლით გზაზე დევნილთა კოლონა დაბომბეს და შემდეგ იერიში რუსულ ჯავშანკოლონაზე მიიტანესო.

სინამდვილეში ოთხმა ქართულმა ჩე-25-მა ერთადერთი საბრძოლო გაფრენა 8 აგვისტოს დილით, 6-7 საათს შორის განახორციელა და ჯავასთან რუსული ჯავშანკოლონა დაბომბა. მას შემდეგ ქართულ მოიერიშეებს აღარ უფრენიათ.

8-9-10-11 და 12 აგვისტოს დევნილთა მანქანებს, რუსულ ჯავშანკოლონებს და, რაც მთავარია, თავად ცხინვალს მხოლოდ და მხოლოდ რუსული ჩე-25-ები ბომბავდნენ... შეცდომით!

თვითმფრინავებზე ამოსაცნობი ნიშნის შეცვლაზე ლაპარაკი სისულელეა, რადგან მაღალ სიმაღლეზე მფრენ ჩე-25-ზე მისი გარჩევა შეუძლებელია, დაბალ სიმაღლეზე კი ისე სწრაფად გადაგიფრენს თავზე, რომ თვალს ვერ მოჰკრავ...

1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩოვი აცხადებდა, - ქართველებმა თავისი ჩე-25-ები "რუსულ ფერებად" გადაღებეს და თავადვე ბომბავენ სოხუმსო.

როგორც ჩანს, წლები და გამოცდილება რუსი გენერლების სიბრიყვეს ვერაფერს შველის...