ფაშინიანმა პუტინს ტყუილად მოუბოდიშა - "ისკანდერი" შეიძლება მართლაც მხოლოდ 10%-ით აფეთქდეს...
08-03-2021
ფაშინიანმა პუტინს ტყუილად მოუბოდიშა - "ისკანდერი" შეიძლება მართლაც მხოლოდ 10%-ით აფეთქდეს...
ფოტო:სომხებს 2016 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გადაცემული "ისკანდერების" დიდი იმედი ჰქონდათ, თუმცა პუტინის "მრისხანე საჩუქარმა" მათ იმედი გაუცრუა
"ისკანდერების" თემამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, რომელიც ყარაბაღის მესამე ომის წაგების შემდეგ ისედაც ოპოზიციის მუდმივი სამიზნეა, დიდი ზიანი მიაყენა, რადგან მას უკვე რუსეთის მთელი სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტი დაუპირისპირდა, პრეზიდენტ პუტინის თავკაცობით.

რუსი ჩინოვნიკებისა და პროპაგანდისტების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ფაშინიანმა სწორედ 23 თებერვალს, რუსეთის არმიის დღეს, უდიერად მოიხსენია პუტინის სათაყვანებელი "ისკანდერის" რაკეტები და სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, ყარაბაღის ომის დროს სომხების მიერ გაშვებული რუსული "ისკანდერები" ან საერთოდ არ აფეთქდა, ან მხოლოდ 10 %-ით
აფეთქდაო...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო სომხების მიერ იმ "ისკანდერების" გაშვების ფაქტი, რომლებიც მოსკოვმა ერევანს 2016 წელს გადასცა, პროპაგანდისტმა სამხედრო ექსპერტებმა კი ფაშინიანს ტექნიკურად გაუნათლებელი და სამხედრო საქმეში უვიცი უწოდეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმაც კვერი დაუკრა კრემლს და დაადასტურა, რომ სომხების მიერ მათი მიმართულებით გაშვებული "ისკანდერები" არ
შეუნიშნავთ...

ბოლოს და ბოლოს, ფაშინიანი დანებდა - მისმა პრესსამსახურმა ყველაფერი პრემიერ-მინისტრის არასწორად ინფორმირებას დააბრალა.
ცხადია, ამით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივად, პუტინს ბოდიში მოუხადა, რადგან მისი ბედი ისედაც ბეწვზე კიდია და "ისკანდერების" თემით სიტუაციის დამძიმება აღარ ისურვა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ფაშინიანი არ ცდება და პუტინსაც ტყუილად მოუბოდიშა, რადგან ტექნიკურად მართლაც შესაძლებელია "ისკანდერი" მხოლოდ 10 ან 20 %-ით აფეთქდეს, თუ...

რუსების მიერ ასე ნაქები "ისკანდერის" რაკეტის კასეტური ქობინის ყველა საბრძოლო ელემენტი ყოველთვის არ ფეთქდება, თუმცა კრემლში ამის აღიარება არ სურთ

თუმცა, სანამ ამ ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბრებთ, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, თუ სად იკვეთებოდა ჩვენი და "ისკანდერის" გზები. 1999 წლის აგვისტოში შესაძლებლობა მომეცა, რუსეთში, ჟუკოვსკში დავსწრებოდი საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურ სალონს - "მაკს-99" ("კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ ამ გამოფენიდან გამოგზავნილი ექსკლუზიური რეპორტაჟები), რომელზეც პირველად წარმოადგინეს "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო კომპლექსი.

მაშინ "ისკანდერი" შორიახლოს "გავიცანი", მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ცხრა წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, მასთან ახალი "შეხვედრა" მელოდა და "ისკანდერის" საბრძოლო ნათლობა, სამწუხაროდ, ჩემს სამშობლოში შედგებოდა...

მახსოვს, 12 აგვისტოს შსს-დან დამირეკეს და მკითხეს, შეეძლოთ თუ არა რუსებს ჩვენს წინააღმდეგ "ისკანდერის" გამოშვება, თუ მორიგი "ტოჩკა-უ" ჩამოვარდა გორის ცენტრშიო...

ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტების, ფორმისა და წარწერების კარნახის შემდეგ გაოგნებულმა იმით, რომ იმ დროისთვის უახლესი "ისკანდერი" გვესროლეს, შსს-ს მაღალჩინოსანს დავუდასტურე, დიახ ეს "ისკანდერია" და არა - "ტოჩკა" ან "ტოჩკა-უ"-მეთქი...
"ისკანდერთან" მესამე შეხვედრა მალევე მომიხდა - გორსა და ვაზიანთან აფეთქებული რუსული "ისკანდერების" ძირითადი ფრაგმენტები შეაგროვეს, შსს-ში მიიტანეს და მეც მათი დათვალერების შესაძლებლობა მომეცა...

ამ ამბების გახსენება იმისთვის დამჭირდა, რომ მეთქვა - "ისკანდერის" ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებსა და მისი საბრძოლო გამოყენების ფაქტებს მუდმივად ვაანალიზებ და თამამად შემიძლია ვთქვა - დიახ, შეიძლებოდა, სომხეთის მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ომის ბოლოს გაშვებული არანაკლებ ორი "ისკანდერიდან" (ინტერნეტში მათი ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებული სტარტის ვიდეოს მოძებნა ძალიან ადვილია, რაც ააშკარავებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტყუილს, თითქოს ყარაბაღის ბოლო ომში ეს რაკეტები არ გამოუყენებიათ, თუმცა ისინი ხომ დღემდე იმასაც არ აღიარებენ, რომ "ისკანდერების" საბრძოლო ნათლობა საქართველოში მოხდა, არადა, ამ "ისკანდერების" მსხვილი ფრაგმენტები დღესაც თბილისშია) რომელიმე ან ორივე, მხოლოდ 10 %-იანი საბრძოლო ეფექტიანობით აფეთქებულიყო.

ერთი შეხედვით ეს მართლაც დაუჯერებელი ჩანს, რადგან, მაგალითად, ხელყუმბარა თუ ბომბი ან საერთოდ არ აფეთქდება, ან მთლიანად უნდა აფეთქდეს. "ისკანდერის" საბრძოლო ქობინიც ასევეა, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ დეტალებშია ჩამარხული. საქმე ის არის, რომ "ისკანდერის" 920 მმ დიამეტრისა და 7,3 მეტრი სიგრძის 3,8-ტონიან აერობალისტიკურ რაკეტას 480 კგ-იანი საბრძოლო ქობინი აქვს და ეს ქობინი შეიძლება იყოს ათამდე სხვადასხვა სახის - როგორც ბირთვული, ისე ქიმიური, მსხვრევად-ფუგასური, ბუნკერსაწინააღმდეგო თუ ფუგასურ-ცეცხლგამჩენი.

კასეტური ქობინის საბრძოლო ელემენტების ერთ-ერთი სახეობა

ყველა ეს ქობინი მყარად არის დამაგრებული რაკეტის კორპუსზე, მიზანს რაკეტიანად ეცემა და ძლიერი აფეთქების გამო (საბრძოლო ქობინის დეტონაციის ძალას აძლიერებს რაკეტის დაუხარჯავი მყარი საწვავის აფეთქებაც) რაკეტის კორპუსის დიდი ფრაგმენტები აღარ რჩება, მაგრამ გორის ცენტრში "ისკანდერის" რაკეტის მსხვილი და თითქმის დაუზიანებელი ფრაგმენტები შეაგროვეს (ზოგი ფრაგმენტი საცხოვრებელი სახლის ზედა სართულის ოთახებშიც კი აღმოჩნდა), ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "ისკანდერის" საბრძოლო ქობინი რაკეტის კორპუსს მიწიდან 900-1400 მ სიმაღლეზე გამოეყო, რადგან ის... კასეტური ტიპის საბრძოლო ქობინი გახლდათ!

"ისკანდერის" კასეტურ ქობინში შეიძლება განთავსებული იყოს რამდენიმე სახის საბრძოლო ელემენტი: მოცულობითი აფეთქების (მას სხვანაირად "ვაკუუმურ ბომბებსაც" ეძახიან), თვითდამიზნებადი ტანკსაწინააღმდეგო, კუმულაციურ-მსხვრევადი და მსხვრევადი არაკონტაქტური ამფეთქებლით.

გორის ცენტრის თავზე, თითქმის 1კმ სიმაღლეზე "ისკანდერის" რაკეტას გამოეყო კასეტური საბრძოლო ქობინი, რომლის გახსნის შემდეგ ჰაერში გაიშალა 54 საბრძოლო ელემენტი, რომლებიც მიწაზე დაცემამდე, ათიოდე მეტრზე აფეთქდა არაკონტაქტური რადიოამფეთქის ინიცირების შედეგად.

აზერბაიჯანელების მიერ ქალაქ შუშის აღების შემდეგ სომხებმა მისი მიმართულებით ერთიმეორის მიყოლებით ერთი წუთის განმავლობაში "ისკანდერის" ორი რაკეტა გაუშვეს ერთი და იმავე დანადგარიდან (როგორც ეს ინტერნეტში გავრცელებულ უხარისხო ვიდეოდან ჩანს, თუმცა ადვილად იდენტიფიცირდება, რადგან რაკეტების სტარტი აზერბაიჯანის მიმართ სომეხი ჯარისკაცების უცენზურო შეძახილების ფონზე ხორციელდება) და ლოგიკურია, რომ ორივეს კასეტური მსხვრევადი საბრძოლო ქობინები ჰქონდა, რადგან დიდ ფართობზე მოწინააღმდეგის ქვეითების დასაზიანებლად იყო განკუთვნილი (მიჩნეულია, რომ კასეტური საბრძოლო ელემენტის 1 კგ ნამსხვრევი 32 კვმ-ს­ აზიანებს, 54-ივე საბრძოლო ელემენტის ჰაერში გაშლისა და აფეთქების შედეგად სრული დაზიანების ფართობი კი უტოლდება 15 000 კვმ-ს ანუ დაახლოებით ორი ფეხბურთის მოედნის ფართობს).

თუკი სომხების გაშვებული ერთ-ერთი "ისკანდერის" კასეტური ქობინიდან გაფანტული 54 საბრძოლო ელემენტიდან მხოლოდ ხუთი ან ექვსი აფეთქდა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ "ისკანდერის" საბრძოლო ეფექტიანობა 10 % იყო?!

ჩვენც დიდი ხანია ვიცით (ხელითაც შეგვიგროვებია კასეტური საავიაციო ბომბის აუფეთქებელი საბრძოლო ელემენტები), რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის გამოშვებული რაკეტებისა და საავიაციო ბომბების არცთუ მცირე ნაწილი არ აფეთქდა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ რუსეთის მიერ სომხებისთვის გადაცემული შეიარაღების ნაწილი ყარაბაღის ომში არ გამოდგა, ისევე, როგორც შეიძლება აზერბაიჯანის მიერ რუსეთშივე დიდ თანხად ნაყიდი იარაღის პარტიები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?