ქართული ვაზნების წარმოებაში ისრაელი დაგვეხმარება?
20-03-2021
ქართული ვაზნების წარმოებაში ისრაელი დაგვეხმარება?
ფოტო:დღეს ნატოს სტანდარტის ერთი ვაზნის შეძენა ქართულ არმიას რამდენიმე ათეული ამერიკული ცენტი უჯდება. ამ ვაზნების სერიული წარმოების დაწყების შემთხვევაში არსენალსაც შევავსებდით და ამ ვაზნებს ექსპორტზეც გავიტანდით
ისრაელის ცნობილ სამხედრო-სამრეწველო წრეებთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გახშირებული შეხვედრები შეიძლება სამხედრო პროდუქციის და მათ შორის ვაზნების ერთობლივ წარმოებაში გადაიზარდოს...

ვაზნების თემა, კერძოდ კი საქართველოში სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის სერიული წარმოების დაწყება ყოველთვის საჭირბოროტო საკითხი იყო, მაგრამ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს დიდ პოლიტიკაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ სამამულო წარმოების ტყვია-წამალს მიაწვდიდა ქართულ არმიას... წელიწად-ნახევარი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას ღარიბაშვილი არაერთხელ
გახდა ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული ტელევიზიების სამიზნე. მას ხშირად ახსენებდნენ ქართული ვაზნების წარმოების დაპირებას.

ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის თავდაცვის მინისტრი, ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა, მაგრამ დაპირება რჩება, მით უმეტეს, რომ ქვეყნის პირველ პირს ახლა მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს პირობა შეასრულოს.

შეიძლება სწორედ ამ დანაპირების შესრულებას
ემსახურება თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ოფიციალური შეხვედრა ისრაელის ცნობილი სამხედრო-სამრეწველო კონცერნის, "ელბიტ სისტემზის" წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს "დელტას" ბაზაზე ვაზნების ადგილობრივი წარმოების დაწყების დეტალებზე ისაუბრეს.

"ელბიტი" მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამხედრო-სამრეწველო კონცერნია, რომელმაც სახელი, ძირითადად, უპილოტო საფრენი აპარატებითა და თანამედროვე რადიო-ოპტიკურ-ელექტრონული აპარატურით გაითქვა და საქართველოსთან მისი თანამშრომლობაც ორი ათეული წლის წინ დაიწყო.

სწორედ "ელბიტის" თანამედროვე აპარატურით მოხდა ქართული მოიერიშე Су-25-ის მოდერნიზება ჯერ "სკორპიონის", შემდეგ კი "მიმინოს" დონეზე, "ელბიტისგან" ქართული არმიისთვის ნაყიდი უპილოტო სადაზვერვო "ჰერმესები" კი 2008 წლის დასაწყისში სამხრეთ კავკასიაში თვით რუსეთისთვისაც ყველაზე თანამედროვე შეიარაღება გახლდათ.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთის ფაქტორის გამო, ფაქტობრივად, გაიყინა, რადგან კრემლთან ერთგვარი საიდუმლო გარიგება დაიდო - რუსეთი ირანს არ აწვდის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, სამაგიეროდ, არც ისრაელი განაგრძობს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას. უშუალოდ "ელბიტთან" კი საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ისე დაეძაბა ურთიერთობა, რომ სააკაშვილის მთავრობას 2012 წლის დასაწყისში აღიარება მოუხდა - სასამართლო დავის შესაწყვეტად თანახმა ვართ "ელბიტს" საქართველოს ბიუჯეტიდან 35 მლნ აშშ დოლარი გადავუხადოთ და დავუბრუნოთ ამ კომპანიისგან 2007-2008 წლებში შეძენილი სამხედრო აღჭურვილობის ნაწილიო, თუმცა "ელბიტისგან" შეძენილი ოთხი "ჰერმეს-450"-დან სამს სააკაშვილი ვეღარ დააბრუნებდა, რადგან ორი რუსებმა აფხაზეთის თავზე ჩამოგვიგდეს აგვისტოს ომის დაწყებამდე, ერთი კი ჩვენ ჩაგვივარდა შავ ზღვაში.

თუკი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახერხებს და თავის დროზე სასამართლოში დაპირისპირებულ "ელბიტთან" ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის აღდგენას იწყებს, ეს, წესით, ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა მაინც ჩნდება კითხვა, ვაზნების წარმოებაშიც გამორჩეულია თუ არა ეს კომპანია, რომელსაც მსოფლიო, ძირითადად, მაინც დრონების ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად იცნობს.

ვაზნების სერიული წარმოების დაწყება ბევრი აუცილებელი კომპონენტის შექმნას ითვალისწინებს, რადგან დენთის, კაფსულა-ამფეთქის, ჰილზისა და ტყვიის მასობრივი დამზადება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება ვინმეს ერთი შეხედვით მოეჩვენოს.

რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელია ვაზნების ასაწყობი ხაზის შეძენა და პირველ ეტაპზე უკვე მზა ჩამოტანილი კომპონენტებისგან ვაზნების ადგილზე აწყობა.

ასეა თუ ისე, ვაზნების წარმოება მომგებიანი თემა იქნება, მით უმეტეს, თუკი მათი ექსპორტი მოხერხდა, რისთვისაც გადამწყვეტი ხარისხი და იაფი მუშახელის გამო დაბალი თვითღირებულება უნდა იყოს.

ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფების თითქმის მთლიანად ნატოს კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღზე გადასვლა მნიშვნელოვნად აადვილებს იმ ვაზნების კონკრეტული სახეობების არჩევას, რომელთა სერიული წარმოებაც შეიძლება.

აგვისტოს ომის შემდეგ ქართული არმიის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ძალიან გართულდა იმის გამო, რომ საბრძოლო დანაყოფები საბჭოთა და ამერიკული წარმოების ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით იყვნენ შეიარაღებული (იმ პერიოდისთვის საჭირო იყო არანაკლებ ცხრა სხვადასხვა კალიბრის პისტოლეტის, ავტომატისა და ტყვიამფრქვევის (მსხვილკალიბრიანის ჩათვლით) ვაზნებით მომარაგება).

დღეს, ფაქტობრივად, ნატოს სტანდარტის კალიბრებზე გადასვლის შემდეგ ქართული არმიისთვის ვაზნების ნომენკლატურა ოთხამდე შემცირდა, ეს არის 9 მმ-იანი პისტოლეტის, 5,56 მმ-იანი ავტომატური კარაბინისა და ხელის ტყვიამფრქვევის, 7,62 მმ-იანი სნაიპერული შაშხანისა და ერთიანი ტყვიამფრქვევის და 12,7 მმ-იანი მსხვილკალიბრიანი დაზგის ტყვიამფრქვევის ვაზნები.

სპეციალური ოპერაციის ძალების სნაიპერებს თავიანთი სხვადასხვაკალიბრიანი ძვირად ღირებული სნაიპერული შაშხანებისთვის, მართალია, სხვა სახის სპეციალური ვაზნებიც სჭირდებათ (მათ შორის "ლაპუა მაგნუმის"), მაგრამ მათი რაოდენობა უმნიშვნელოა.

თუკი საქართველო შეძლებს, ძირითადად, 5,56 და 7,62 მმ კალიბრის ნატოს სტანდარტის ვაზნების სერიულ წარმოებას, ეს მომგებიანი იქნება ქართული არმიის ინტენსიური საბრძოლო მომზადებისთვის, ქვეყანას გაუჩნდება საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი, აღარ იქნება სხვის ხელში შემყურე და აღარ შეეშინდება, რომ ვიღაც ვიღაცის შიშითა თუ მოთხოვნით კრიტიკულ მომენტში ასე საჭირო სახარჯი მასალის - ვაზნების მოწოდებას შეუწყვეტს.
IMHO
22 მარტი 2021 16:49
ვაზნების წარმოება ტექნოლოგიურად გაცილებით და გაცილებით უფრო რთულია ვიდრე იარღის წარმოება.
კ ო მ ბ ლ ე
20 მარტი 2021 23:55
რა იაფი მუშახელი? ვაზნების ხელით აწყობას აპირებთ ხომ? მაშინ ოოოო. .. მაშინ სჯობს მონადირეები დაიქირავოთ და შუშანა ბებო ყუთებში ლამაზად რომ ჩააწყოს. თქვენა ხალხო, მართლა სააკაძის დრო ხომ არა გგონიათ? ან იაფიო რომ ამბობთ, ქართველს უჭირს და სხვა გზა არ ექნება ხომ?
.. ესეტი მიდგომა ერის ღალატია, ერის და ხალხის!!!
maxo
20 მარტი 2021 14:56
რატომ იაფი მუსახელის გამო რატომ უნდა გადაუხადო მუშას იმაზე ნაკლები ვიდრე ევროპაში უხდიან ჩვენ ხომ ევროპელები ვართ თუ არა ვარტთ მაშინ კი,ფასები ყველგან ევროპული დაადეთ,რომ ხალხი ვერ ყიდულობს ბევრი მოგება გინდათ და მუშისთვის ფულის გადახდა არ გინდათ.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?