მეორე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში, ამჯერად - აზერბაიჯანის საზღვართან... - კვირის პალიტრა

მეორე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში, ამჯერად - აზერბაიჯანის საზღვართან...

ყარაბაღის მესამე ომიდან ყველაზე მოგებული რუსეთი გამოვიდა, რომელმაც აზერბაიჯანში, ყარაბაღში 30 წლის შემდეგ სამხედრო კონტინგენტი დააბრუნა, ხოლო სომხეთში გიუმრის შემდეგ მეორე სამხედრო ბაზას ხსნის...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ბაზები მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში შერჩა, რადგან ყარაბაღის პირველ ომში მოსკოვის მიერ ერევნის, ფაქტობრივად, აშკარა სამხედრო დახმარებისა და ბაქოს დამარცხების შემდეგ რუს ჯარისკაცებს აზერბაიჯანში აღარ დაედგომებოდათ.

საქართველოდან სამი რუსული სამხედრო ბაზის - ბათუმის, ახალქალაქისა და ვაზიანის გაყვანა მხოლოდ 2007 წლისთვის მოხერხდა (თუმცა რად გინდა - ერთი წლის შემდეგ დაბრუნდნენ და თანაც როგორ!), გიუმრიში კი დღემდე ფუნქციონირებს 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან პირდაპირი ხაზით სულ რაღაც ოთხ ათეულ კმ-შია.

მიუხედავად ასეთი სიახლოვისა და იმის გახსენებისა, რომ ამ რუსული ბაზის ორმოცდაათამდე ჯავშანტექნიკა აგვისტოს ომის დროს სომხეთის მხრიდან ჩვენს საზღვარს მოადგა, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ძირითადი საბრძოლო ამოცანა თურქეთის მიმართულებაა, ისევე როგორც ეს ევალებოდა საბჭოთა პერიოდში გიუმრიში დისლოცირებულ 127-ე მოტომსროლელ დივიზიას.

ყარაბაღის მესამე ომის შემდეგ კრემლმა მთიან ყარაბაღში "მშვიდობისმყოფელების" სტატუსით 2 ათასამდე სამხედრო გადაისროლა, თუმცა ესეც არ იკმარა და ახლა სომხეთში მეორე სამხედრო ბაზას ხსნის, ამჯერად აზერბაიჯანის საზღვრიდან ათიოდე კმ-ში. ახალი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სისიანთან, სინიუკის რაიონში მდებარე აეროდრომზე.

საგულისხმოა, რომ პრორუსულად განწყობილი სომხების დიდი ნაწილი მიესალმება მეორე რუსული სამხედრო ბაზის სწორედ ამ ადგილას გახსნას, რადგან სინიუკის რაიონში აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები ერთმანეთისგან სულ რაღაც ოცდაათიოდე კმ-ით არის დაშორებული და ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას ეშინია (შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ყარაბაღის მესამე ომში გამარჯვებით ფრთაშესხმულმა პრეზიდენტმა ალიევმა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე პირდაპირი სახმელეთო გზის გაჭრა არ სცადოს, მით უფრო - ომში დამარცხებულ სომხეთში დღეს შექმნილ მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ ფონზე...

ისტორიულად ჩამოყალიბდა ისეთი ვითარება, რომ სომხეთი ჯერ - მეფის რუსეთზე, შემდეგ - საბჭოთა კავშირზე, ბოლოს კი ელცინ-პუტინის რუსეთზე მიჯაჭვული აღმოჩნდა და ერთ დროს ყველა სომეხის საამაყო ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვება მათივე უდიდესი დამარცხების მიზეზად იქცა რუსეთისგან დროებით, სულ 44 დღით, შეგნებულად "მიტოვების" შედეგად.

პ.ს. ყარაბაღის მესამე ომის დროს გადაღებულ კოსმოსურ ფოტოსურათებზე ჩანს, როგორ სცადა სომხეთმა, თავისი სამხედრო მიზნებისთვის რუსული სამხედრო ბაზა გამოეყენებინა. კერძოდ, სომხეთის საბრძოლო ავიაცია - 14 ერთეული Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი - წლების განმავლობაში გიუმრის აეროპორტში იდგა, მაგრამ ყარაბაღში მორიგი ომის დაწყებისთანავე სომხეთმა არანაკლებ ხუთი ერთეული Су-25 სასწრაფოდ გადააფრინა ერევნის გარეუბანში, ერებუნის აეროდრომზე, რომელიც გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საავიაციო კომპონენტია და იქ მუდმივად არის დისლოცირებული რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების МиГ-29 ტიპის 18 ავიაგამანადგურებელი.

სომეხი გენერლების ამ სამხედრო ეშმაკობას თავისი მიზეზი ჰქონდა - აზერბაიჯანელებს უკიდურეს შემთხვევაში შეიძლებოდა გიუმრის აეროპორტი დაებომბათ, მაგრამ ერებუნის რუსულ აეროდრომზე სარაკეტო დარტყმას ალიევი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავდა.