ქართულ ცაში გაწყვეტილი რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობა - კვირის პალიტრა

ქართულ ცაში გაწყვეტილი რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობა

თბილისის მიერ გაუქმებული ხელშეკრულება სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო მზადყოფნას სერიოზულ პრობლემებს უქმნის...

4 აპრილს სომხეთის პარლამენტმა კიდევ 33 წლით გაუგრძელა ვადა რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქ. გიუმრისთან ეს ბაზა 2044 წლამდე იარსებებს.

ორი კვირის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტმა გააუქმა 2006 წლის ხელშეკრულება "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ".

ორი მეზობელი ქვეყნის პარლამენტთა ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთთან უშუალოდ არის  დაკავშირებული, რადგან 5 წლის წინანდელი ხელშეკრულებით ოფიციალური თბილისი ნებას რთავდა რუსეთს, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო გზებზე ტრანზიტის ხაზით სომხეთში შეეტანა ან გამოეტანა სამხედრო დანიშნულების ტვირთი. სომხეთში ჩატანილი შეიარაღება და აღჭურვილობა კი ძირითადად სწორედ გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად იყო გამიზნული.

2006 წლის 31 მარტს, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, მოსკოვი, ბოლოს და ბოლოს, დასთანხმდა თავისი ორი სამხედრო ბაზის (ახალქალაქსა და ბათუმში) გაყვანას საქართველოდან, თუმცა 1999 წლის სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, ეს მანამდეც უნდა გაეკეთებინა.

ბუნებრივია, მოსკოვმა ბაზების გაყვანის სანაცვლოდ მოითხოვა სატრანზიტო გზა სომხეთამდე, გიუმრიში საკუთარი სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად. მაშინ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებას სურდა პოლიტიკური ქულების ჩაწერა და ორი რუსული სამხედრო ბაზის საქართველოდან გასაყვანად (რაც წინამორბედმა შევარდნაძემ ვერ შეძლო) ღირდა ამ ხელშეკრულების დადება.

ახალქალაქიდან და ბათუმიდან გასაყვანი სამხედრო ეშელონებისთვის რუსეთის საზღვრამდე რკინიგზა გახსნა აზერბაიჯანმაც. ბაქოს თავისი ინტერესები ჰქონდა და არ სურდა, ამ ბაზებიდან მოსკოვს სომხეთში რამე შეეტანა. თუმცა ბაქოს შიში გამართლდა და გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა გაივსო ბათუმიდან და ახალქალაქიდან გატანილი შეიარაღებითა და ტყვია-წამლით.

მიუხედავად ამისა, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას (სადაც  5 ათასამდე სამხედრო მსახურობს) მუდმივად სჭირდება კავშირი "დიდ მიწასთან" - რუსეთთან, თუნდაც ახალწვეულების მისაღებად და დემობილიზებულთა რუსეთში დასაბრუნებლად.

ქართული მხარის მტკიცებით, ბოლო ნებართვა რუსულ სამხედრო ტრანზიტზე თბილისმა აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე, 2008 წლის ივლისში გასცა.

რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის საქართველოს  საჰაერო სივრცის  სრული ჩაკეტვის შემდეგ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მომარაგებას პრობლემები  გაუჩნდება, რის გადასაწყვეტადაც რუსულ-სომხური მხარე სხვადასხვა გამოსავლის მოძებნას შეეცდება.

ალტერნატიული გზებიდან აზერბაიჯანის გამორიცხვა დაუფიქრებლად შეიძლება. თურქეთი, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს ოფიციალური ბაქოს ინტერესებს და არ დათანხმდება მოსკოვს, თავის ტერიტორიაზე გაატაროს რუსული სამხედრო ტვირთი. ანკარაშიც და ბაქოშიც კარგად იციან, რომ გასულ წელს დადებული რუსულ-სომხური ხელშეკრულების თანახმად, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას ევალება ამ რეგიონში არა მარტო რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვა, არამედ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაც თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ირანის საზღვრების გასწვრივ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ირან-რუსეთის ურთიერთობა გაცივდა, თეირანი შეიძლება დათანხმდეს რუსულ სამხედრო ტრანზიტს, მით უმეტეს, რომ გასულ წლებში ასეთი პრეცედენტი უკვე მოხდა. თუმცა ირანის გავლით ტრანზიტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ბევრად ძვირი სიამოვნება იქნება.

გარდა ამისა, რჩება კიდევ ერთი "შემოვლითი" გზა - სომხეთის კუთვნილი სამოქალაქო ავიაციისა და სამხედრო-საჰაერო ძალების სამგზავრო და სატრანსპორტო თვითმფრინავები რუსეთში ფრენას საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით განაგრძობენ და სამშობლოში სომხური არმიისთვის განკუთვნილი სამხედრო დანიშნულების ტვირთი ჩამოაქვთ. არსებობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული შანსი, რომ ამ ტვირთის ნაწილი შემდგომში გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადანაწილდეს, რასაც ქართული მხარე ნამდვილად ვეღარ შეამოწმებს...