ის, რაც უნდათ ამერიკელ რესპუბლიკელებს, არ სურს მათ პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

ის, რაც უნდათ ამერიკელ რესპუბლიკელებს, არ სურს მათ პრეზიდენტს

ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორთა საქართველოში ამასწინანდელი სტუმრობისას კვლავ წამოიჭრა საკითხი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის რომელიმე კომპონენტის ჩვენთან განთავსების შესაძლებლობაზე.

თავდაპირველადაც სწორედ რესპუბლიკელებმა მიმართეს წერილობით პრეზიდენტ ობამას, რომ ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი - მობილური ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი თურქეთის ნაცვლად საქართველოში განეთავსებინა.

თურქეთის ვარიანტის დაწუნება რესპუბლიკელებმა იმითაც ახსნეს, რომ ოფიციალურმა ანკარამ თავისი პირობა წამოაყენა - ირანის საჰაერო სივრცეში არსებული ოპერატიული სიტუაციის შესახებ ამ რადიოლოკატორიდან მოპოვებული ინფორმაცია ისრაელს არ უნდა მიწოდებოდა.

"კვირის პალიტრის" ერთ-ერთ გასულ ნომერში ეს საკითხი დეტალურად გავაანალიზეთ - რა დადებით და უარყოფით შედეგს მოგვიტანდა ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის რადიოლოკატორის საქართველოში განთავსება - ამიტომ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით.

სამაგიეროდ, აუცილებლად აღსანიშნავია ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების დაჟინებული მცდელობა, საქართველო ჩართონ ანტისარაკეტო სისტემის შექმნაში, რასაც აქტიურად ეწინააღმდეგება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

ფაქტია, რომ სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატი პრეზიდენტი ჰყავს, ოპოზიციაში მყოფი რესპუბლიკელების ყველა ეს მცდელობა მარცხით დამთავრდება.

პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავის "შვილობილს" - რუსეთთან "გადატვირთვის" პროგრამის განხორციელებას - საქართველოსხელა ქვეყნის გამო არ გასწირავს. სამაგიეროდ, რესპუბლიკელ სენატორთა ეს ინიციატივა კიდევ უფრო ართულებს საქართველო-რუსეთის ისედაც უკიდურესად რთულ ურთიერთობას და მოსკოვს საშუალებას აძლევს, ახალი ბრალდებები წამოუყენოს საქართველოს.