NATO ლიბიაში ინსტრუქტორებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გზავნის - კვირის პალიტრა

NATO ლიბიაში ინსტრუქტორებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გზავნის

კადაფის რეჟიმის "მდგრადობა" დასავლეთს იძულებულს ხდის, აჯანყებულებს სამხედრო მრჩევლები მიაშველოს

გაეროს უშიშროების საბჭოს ცნობილი რეზოლუცია, რომლის თანახმადაც დასავლეთმა 19 მარტიდან დაიწყო საჰაერო პატრულირება ლიბიის თავზე, არ ითვალისწინებს სახმელეთო ოპერაციების განხორციელებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, NATO  მზადაა, ლიბიელ აჯანყებულებთან სამხედრო მრჩევლები გაგზავნოს.

მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ბრიტანეთმა, იტალიამ და საფრანგეთმა. სამხედრო მრჩევლებისა და ინსტრუქტორების აუცილებლობა ლიბიაში მიმდინარე, სამხედრო თვალსაზრისით უცნაურმა ომმა დიდი ხანია, აჩვენა.

ლიბიელი აჯანყებულები თავიანთ წარუმატებლობას ძირითადად იმით ხსნიან, რომ მათ მხოლოდ  ავტომატები და ტყვიამფრქვევები აქვთ, მაშინ, როდესაც კადაფის რეჟიმი ტანკებითა და არტილერიითაა შეიარაღებული.

ეს ნაწილობრივ სიმართლეა, თუმცა ისიც ნათელია, რომ გაძარცული სამხედრო ნაწილებიდან წამოღებული ჯავშანტექნიკა და არტილერია  მეამბოხეებმა უცოდინარობის გამო ეფექტურად ვერ გამოიყენეს.

NATO-ს სამხედრო ინსტრუქტორებსა და მრჩევლებს ნამდვილად შეუძლიათ ლიბიელი აჯანყებულების დახმარება. ეს განსაკუთრებით ეხება ალიანსის იმ ახალი წევრი ქვეყნების სამხედროებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ შეხება საბჭოთა წარმოების შეიარაღებასა და აღჭურვილობასთან - ლიბიაში ხომ ომი ძირითადად საბჭოთა სტანდარტის საბრძოლო ტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიმდინარეობს.

ლიბიის მიწაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინსტრუქტორების ჩასვლა, სავარაუდოდ, რუსეთისა და ჩინეთის დიპლომატიურ პროტესტს გამოიწვევს და ისინი  NATO-ს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევას დააბრალებენ.

ჩანს, ეს დასავლეთის მიერ, ერთგვარად, გამოსავლის ძებნაა, რადგან მისმა საჰაერო დაბომბვებმა  რეჟიმის დამხობა ვერ განაპირობა.

ყველაფერი იქით მიდის, რომ NATO-მ შეიძლება მაინც გარისკოს ლიბიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება, რათა ბოლო მოუღოს გაჭიანურებულ ომს და თავისი საერთაშორისო პრესტიჟი შეინარჩუნოს. პენტაგონი ისევ აპირებს, ჩაერთოს კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან უკვე გაგზავნა უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც არა მარტო დასაზვერად, არამედ სარაკეტო დარტყმებისთვისაც გამოიყენებენ, ავღანეთში მიმდინარე სცენარის მიხედვით.

დასავლური სპეცსამსახურები უფრთხიან ლიბიაში "ალ-ქაიდას" მებრძოლების გამოჩენას, რომლებმაც, თუკი ლიბიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდა, შესაძლოა, ყველაფერი ავღანური და ერაყული სცენარით განავითარონ. ლიბიაში პარტიზანული ომის გაჩაღება "ალ-ქაიდასთვის" უფრო მომგებიანი გახდება, თუკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მართლაც გაგზავნის ლიბიაში საექსპედიციო კორპუსს. მანამდე კი "ალ-ქაიდა", სავარაუდოდ, იმ სამხედრო ინსტრუქტორებსა და მრჩევლებზე "ინადირებს", რომელთა ლიბიაში გაგზავნა NATO-ს თითქმის გადაწყვეტილი აქვს.