"გუშინ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევედით...", ანუ რას ნიშნავდა ნატოს გენმდივნის ეს სიტყვები?
"გუშინ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევედით...", ანუ რას ნიშნავდა ნატოს გენმდივნის ეს სიტყვები?
ფოტო:შავ ზღვაში ნატოს სახომალდო დაჯგუფებების სერიოზულ გაძლიერებას მონტროს კონვენცია უშლის ხელს და ხომ არ აჯობებდა, ალიანსს წევრებისა და პარტნიორების, მათ შორის - საქართველოს სანაპიროებზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების განთავსებაზე ეფიქრა?
რას ნიშნავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნატოს გენერალური მდივნის ნათქვამი ეს სიტყვები: "გუშინ ჩვენ შევედით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი სამეზობლო ძალების გაძლიერებას, თანამშრომლობას და მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოში სანაპირო ძალების წვრთნა დაიწყოს","- ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ამ ფრაზამ საქართველოს საზოგადოების ნაწილს გაუჩინა მოსაზრება, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, ბოლოს და ბოლოს, შემოიყვანა თავისი სამხედრო ხომალდები ქართული პორტებისა და სანაპიროს დასაცავად, ანუ მოხდა­ ის, რასაც ჩვენი ქვეყანა, ალბათ,­ ჯერ
კიდევ აგვისტოს ომის დროს ელოდებოდა, მაგრამ მთლად ასე არ არის. მართალია, ახლა ქართულ ტერიტორიულ წყლებში ნატოს წევრი ქვეყნების რამდენიმე სხვადასხვა კლასის ხომალდი დაცურავს, მაგრამ ალიანსის გვერდით დგომის ილუზია მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდება, ანუ 21 დღე-ღამე, რის ნებასაც 1936 წელს მიღებული მონტროს კონვენცია აძლევს შავ ზღვაში
არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნატოს გენერალური მდივნის მიერ ამ სიტყვების წარმოთქმისას შავ ზღვაში იყო ნატოს ორი საზღვაო დაჯგუფება - მეორე მუდმივი საზღვაო ჯგუფი (შვიდი ხომალდი ესპანური ფრეგატის მეთაურობით) და მეორე ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი ხუთი ხომალდის შემადგენლობით.

მონტროს კონვენციის თანახმადვე, შავ ზღვაში 21 დღე-ღამით შემოსული არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდების საერთო წყალწყვა არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას, რაც კიდევ უფრო ზღუდავს შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა ქვეყნების კუთვნილი ხომალდების ხარჯზე ნატოს სამხედრო გაძლიერებას.

წესით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ეს ნაკლები თავის ტკივილის საფუძველი უნდა ყოფილიყო, რადგან შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი­ მისი წევრია, ორი - საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრებას იხვეწება და მხოლოდ ერთი - რუსეთია ალიანსის მთავარი სავარაუდო მოწინააღმდეგე­ შავი ზღვის რეგიონში, მაგრამ რუმინეთისა და ბულგარეთის საბჭოთა დროინდელი ხომალდების საბრძოლო მზადყოფნა სათუოა, ნატოს კი არ აქვს იმდენი ფინანსური შესაძლებლობა (და არც სურვილი), რომ სოფიასა და ბუქარესტს თანამედროვე სამხედრო ფლოტი აუგოს.

თურქეთი, მიუხედავად ალიანსის წევრობისა, საკუთარ თამაშს თამაშობს და ხანდახან კაცი შეიძლება დაეჭვდეს კიდეც, ვის მხარესაა ანკარა - ნატოსი თუ მოსკოვის.

"შავი ზღვის უსაფრთხოება არის ჩვენი და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ გვაწუხებს რუსეთის განგრძობითი სამხედრო წვრთნა რეგიონში.

რუსეთი იყენებს ყირიმს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა;­ ჩვენც ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში","- ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ სიტყვებით თითქოს დააიმედა მასთან ოფიციალურ შეხვედრაზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ ვინ უშლიდა ალიანსის ხელმძღვანელობასა და მისი წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, ნატოს შავ ზღვაში გაძლიერება ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაეწყოთ, ან სულაც - 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც კრემლმა ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ სამხედრო ოკუპაცია და შემდგომ მისი ანექსია მთელი მსოფლიოს თვალწინ ასე უტიფრად შეძლო?!

თუმცა, თითქმის ორი ათეული წელია, ნატოს ყურადღება შორეული ავღანეთისკენ არის მიპყრობილი და დიდძალი რესურსებიც იქ იხარჯება, რაც უდაბნოს მორწყვის ტოლფასია, რადგან შედეგი არ მოჰყვება - ნატოს წევრი ქვეყნების ავღანეთიდან გამოსვლისთანავე იქ ხელისუფლებას თალიბები დაიბრუნებენ. არადა, განვლილ ორ ათეულ წელში ნატოს ავღანეთის ნაცვლად მთელი რესურსები აღმოსავლეთით გაფართოებისკენ (მათ შორის შავ ზღვაში გაძლიერებისა და საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებისკენ) რომ მიემართა, დღეს ალიანსის მდივანს აღარ შეაწუხებდა შავი ზღვაში რუსეთის გაძლიერება, რაც მოსკოვმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სეპარატისტულ აფხაზეთში საზღვაო დესანტის გადმოსხმა ძალზე გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელს არავინ უშლიდა.

სანამ შავ ზღვაში მონტროს კონვენცია იმოქმედებს, აქ ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო ესკადრის საბრძოლო პატრულირება გაჭირდება. ამასთან, ანექსირებულ ყირიმში თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების - "ბასტიონისა" და "ბალის" განთავსების შემდეგ რუსეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აკვატორიის ნებისმიერ მონაკვეთში შემოსულ ალიანსის ხომალდებს.

იქნებ უფრო უპრიანი ყოფილიყო, პირველ ეტაპზე ნატოს დაახლოებით იგივე ტაქტიკა აერჩია და წევრი ქვეყნების, ასევე პარტნიორი საქართველოსა და უკრაინის სანაპიროებზე თავისი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო შეიარაღება განეთავსებინა, რომელზეც ზემოხსენებული მონტროს კონვენცია არ ვრცელდება.
მედეა
24 აპრილი 2021 12:41
აქ რომ ბაზა გააშენოს და რუსეთთან ომი მოიწადინოს---ამერიკისთვის დამიზნებული რაკეტები აქ რა დღეში ჩაგვყრის ჩვენ? ერთის მხრივ---დაგვიცავს,მეორეს მხრივ--დაგვღუპავს.
მწრთვნელი
30 მარტი 2021 20:35
ნატო ამერიკის გარეშე არაფერია და ისევ სჯობია ამერიკასთან გაფორმდეს ხელშეკრულება მისი სამხედრო კონტინგენტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანად! ამ შემთხვევაში არც ნატოა საჭირო და არც ევროკავშირი (მათში მყოფი ქვეყნების თანხმობა მაქვს მხედველობაში). ამერიკას აგერ 28 000-ანი კონტიგენტი სამხრეთ კორეაში ჰყავს თავისი ხომალდებით განლაგებული, იქვე იაპონიის კუნძულ ოკინავაზეც დგანან კარგა ბლომად და არც კორეა და არც იაპონია ჯერ არ დაღუპულან ამით! ბოლო ბოლო ამერიკა დღეში შეიარაღებაზე 2,5 მილიარდს ხარჯავს და ჩვენთან, რომ ჩააყენოს ორი სარაკეტო ხომალდი (ბათუმში და ფოთში) და განალაგოს თავის სამხედრო ბაზები ვაზიანსა და ახალქალაქში (15 000 პირადი შემადგენლობა) რა მოხდება ვითომ! ამით რუსეთიც, თურქეთიც და ირანიც გაკონტროლდება (აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანსა და სომხეთზე)!
არსენა
26 მარტი 2021 16:32
ხოდა დარჩით, ნუღარ წახვალთ. ეგება და გვეშველოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები