"დიახ, პუტინი მკვლელია!"
"დიახ, პუტინი მკვლელია!"
ფოტო: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჯერ ერთმანეთს უღიმიან, მაგრამ ეს ფოტო ზუსტად ათი წლის წინ არის გადაღებული, სანამ პირველი მეორეს მკვლელად მოიხსენიებდა
ბაიდენის მიერ პუტინის მკვლელად მოხსენიებამ ისედაც დაძაბული ურთიერთობა შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით კრიტიკულად აქციოს

პირდაპირი ეთერით ჟურნალისტის კითხვას: "როგორ იცნობთ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, თვლით, რომ ის მკვლელია?" აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უპასუხა: "დიახ!"

ამას რუსეთში ატომური ბომბის აფეთქების მსგავსი რეაქცია მოჰყვა. სასწრაფოდ მოსკოვში გამოიწვიეს აშშ-ში რუსეთის ელჩი და უახლოეს დღეებში­ მოსალოდნელია რუსეთ-აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გართულებაც. ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანიაABC News -თან ინტერვიუში ისიც გაამხილა, რომ იანვრის ბოლოს დაურეკა პუტინს და
პირდაპირ უთხრა: "თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახური მართლაც ჩაერია აშშ-ის 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ, მაშინ პუტინი მზად უნდა იყოს, რომ ამის საპასუხოდ "გადაიხადოს".

ჯო ბაიდენის ეს სენსაციური განცხადებები გამოიწვია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორის ოფიციალურმა დასკვნამ, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ
გასული წლის რთულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურები და მათ მიერ მართული პროპაგანდისტული მანქანა ყველაფერს აკეთებდა, რომ არჩევნებში ტრამპს გაემარჯვა და მეორედ დარჩენილიყო პრეზიდენტის სავარძელში, რაც პუტინის ინტერესებს შეესაბამებოდა.

ტრამპს ისედაც აბრალებდნენ, რომ მას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც საიდუმლოდ დაეხმარა რუსეთის სპეცსამსახური, ყოფილ "კაგებეშნიკ" პუტინს კი მასზე არაერთი კომპრომატი ჰქონდა, მათ შორის - მოსკოვის სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარემოცვაში ტრამპის "უცნაური" ქმედებების ვიდეოკადრები, რომლებიც წლების წინ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის რუსეთის დედაქალაქში პირადი ვიზიტის დროს ფარულად გადაიღეს.

ეს უსერიოზულესი ბრალდებებია. ანუ გამოდის, რომ რუსეთმა თავისი უმთავრესი მოწინააღმდეგის, აშშ-ის სათავეში­ ოთხი წლით ტრამპის სახით, ფაქტობრივად, "გავლენის აგენტი" დასვა და აპირებდა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ის მეორე საპრეზიდენტო ვადითაც დაეტოვებინა?

პრეზიდენტ ტრამპის ოთხწ­ლიანი საქმიანობის პერიოდის ან­ალიზი არ იძლევა­ იმის ერთმნიშვნელოვნად მტკიცების საშუალებას, რომ ის პუტინის ფარულ ბრძა­ნებებს ასრულებდა, თუმცა ტრამპის­ ზოგიერთი სერიოზული გადაწყვეტილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს არ მიესადაგებოდა.

ტრამპის საპრეზიდენტო საქმიანობა, უპირველესად, ამერიკული სპეცსამსახურების გასაანალიზებელია, რათა არ აღმოჩნდეს, რომ დემოკრატი ბაიდენი რესპუბლიკელ ტრამპს პოლიტიკურ ანგარიშს უსწორებს. ქართულ პოლიტიკაში ამის უამრავი მაგალითი გვინახავს და ახლაც ვხედავთ, რას არ აბრალებენ ერთმანეთს პოლიტიკური ლიდერები.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სიტყვა ჩიტი არ არის, რომ დაიჭირო. "პუტინი მკვლელია!" - ჟურნალისტთან ამის მთქმელი ბაიდენი შეიძლება პუტინისთვის მოსისხლე მტრად იქცეს, ანუ მოსისხლეებად იქცევიან პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც ათასობით ბირთვულქობინიანი რაკეტის გაშვება შეუძლიათ!

იმედია, მსოფლიო აქამდე არ მივა, მაგრამ რუსეთ-აშშ-ის ისედაც გართულებული სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა შეიძლება უკიდურესად დაიძაბოს, რაც უსათუოდ აისახება მათ პარტნიორ ქვეყნებზე, მათ შორის - საქართველოზეც.

ბაიდენის მიერ მკვლელად გამოცხადებული პუტინი ვაშინგტონისკენ ნადირაძის ბირთვულქობინიან საკონტინენტთაშორისო "ტოპოლს", რა თქმა უნდა, არ გაუშვებს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ალექსანდრე ნადირაძის დაბადების ადგილს - გორს, ისევე როგორც მთელ საქართველოს, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ბაიდენისა და საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ჯინაზე.

საერთაშორისო პოლიტიკაშიც არსებობს ერთგვარი "დედოვშჩინა" და პუტინი, რომელიც, ფაქტობრივად, ორი ათეული წელია, უზარმაზარ რუსეთს მართვს, ერთგვარი ირონიით უყურებდა დიდ პოლიტიკაში მოსულ ახალბედა ტრამპს, მაგრამ მას ეს არ გაუვა 78 წლის ჯო ბაიდენთან, რომელიც სენატორი 1973 წელს გახდა - მაშინ, როცა მასზე ათი წლით უმცროსი პუტინი ჯერ კა-გე-ბეს ლეიტენანტიც არ იყო.

პ.ს. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგის სერიოზულ ბრალდებას უპასუხა­ ანდაზით: "кто так обзывается, тот сам так называется" და ბაიდენს შეუთვალა: "მე მას ვეტყვი: იყავით ჯანმრთელად! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ! ამას ვამბობ ირონიის, ხუმრობის გარეშე!"
პუტინის პასუხში გამეორებულია სიტყვა ჯანმრთელობა, რაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს­ აქვთ საიდუმლო ინფორმაცია აშშ-ის ახალი, მაგრამ 78 წლის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ან იქნებ პუტინი ბაიდენს ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრა?
სოსო
26 მარტი 2021 16:13
რომ მახსენდება,რას "გმირობებს "სჩადიოდნენ ქართველი "პოლიტიკოსები"მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში(გრიალი ხომ მაგათი მოგონილია),აღარ მიკვირს,რატომ ცეკვავენ ნებისმიერი ტვინიანი თუ ტვინნაღრძობი უცხოელის დაკრულზე. და არც ის,რატომ რჩება სახელმწიფო, ყველა ხელშეკრულების დადების შემდეგ,წაგებულ მდგომარეობაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები