"ალაზანმა" "პეპელა" ჩამოაგდო...
"ალაზანმა" "პეპელა" ჩამოაგდო...
ფოტო:3,5 ტ მასის Ми-2У ტიპის შვეულმფრენი ათი ადამიანის გადასაყვანად არის განკუთვნილი და პოპულარული კომედია "მიმინოს" წყალობით ის ფართო საზოგადოებამ გაიცნო
გომბორის უღელტეხილთან დატრიალებული საჰაერო ტრაგედია, რომლის მსგავსი მსოფლიოს ავიაციის ისტორიას არ ახსოვს...

აშკარა-დაუჯერებელი

36 წლის წინ, 1985 წლის 13 აპრილს, ქართულ ცაში კიდევ ერთი საჰაერო ტრაგედია დატრიალდა. კიდევ ერთი იმიტომ, რომ მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ქართულ ცაში ყოველდღიურად ათობით სამოქალაქო და ერთი ამდენი სამხედრო თვითმფრინავი თუ შვეულმფრენი დაფრინავდა და საავიაციო შემთხვევების (როგორც ავარიების, ისე ავიაკატასტროფების) რაოდენობა არცთუ ცოტა გახლდათ, მაგრამ ის, რაც გომბორის უღელტეხილთან იმ დღეს მოხდა, დღემდე უნიკალურ შემთხვევად
რჩება მსოფლიოს ავიაციის ისტორიაში.

...შუადღის შემდეგ ახმეტიდან თბილისისკენ Ми-2У ტიპის შვეულმფრენი გამოფრინდა, ზუსტად ისეთი, როგორითაც ბუბა კიკაბიძის გმირი ვალიკო მიზანდარი ძროხაგამობმული დაფრინავდა და რომელსაც მოფერებით პეპელას ეძახდა.

ეს შვეულმფრენი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ქუთაისის ჯგუფს ეკუთვნოდა და კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო ექსპედიციას ემსახურებოდა.

მდინარე ალაზნის სახელი სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა Алазань-2М-ისთვის შემთხვევით არ დაურქმევიათ - მისი განთავსება და გამოცდა საბჭოთა პერიოდში სწორედ კახეთში, ალაზნის ხეობაში დაიწყო

თბილისისკენ გამოფრენილ შვეულმფრენში მხოლოდ
მფრინავი და ავიატექნიკოსი ისხდნენ. არც ფრენისთვის რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო და არც გომბორის უღელტეხილის თავზე საჰაერო სივრცე - ჩაკეტილი, ანუ არაფერი მოასწავებდა ტრაგედიას, თუმცა შვეულმფრენი განსაზღვრულ დროს თბილისის აეროპორტში არ დაშვებულა, ეკიპაჟთან რადიოკავშირიც გაწყდა და სამტონიანი "პეპელა" თითქოს ცამ თუ მიწამ ჩაყლაპა...

მეორე დღეს სამაშველო სამსახურმა საგარეჯოს რაიონის სოფელ კობაძიდან ორიოდე კმ-ში, 1 800 მ სიმაღლის მთას შეჯახებული და დამწვარი შვეულმფრენის ფრაგმენტები აღმოაჩინა; იპოვეს მფრინავისა და ავიატექნიკოსის ცხედრებიც და თითქოს ყველაფერი გაირკვა - ტექნიკური მიზეზების ან მფრინავის შეცდომის გამო შვეულმფრენი მთის კალთას შეეჯახა, თუმცა...

გამოძიებამ დაადგინა, რომ შვეულმფრენის დეტალები, მათ შორის - აკუმულატორი და კაბინის დამსხვრეული მინები მთასთან შეჯახების ადგილიდან 350-400 მ-ის მოშორებით ეყარა, რაც ადასტურებდა, რომ შვეულმფრენის ჰაერში დაშლა მთასთან შეჯახებამდე დაიწყო.
მეორე ნიუანსმა კი გამომძიებლები მთლად გააოგნა - ეკიპაჟის წევრების ტანსაცმელზე აღმოჩნდა ტყვიის იოდიდისა და დამწვრობის კვალი, მიუხედავად იმისა, რომ ცხედრები შვეულმფრენის მთასთან შეჯახების ადგილიდან მოშორებით იპოვეს და მათ შეჯახების ადგილას გაჩენილი ხანძარი ვერ მისწვდებოდა.

ამ და სხვა დეტალების გაანალიზების შემდეგ გამოძიებამ გამოაქვეყნა სენსაციური დასკვნა - სამოქალაქო შვეულმფრენი, სავარაუდოდ, ჩამოვარდა სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა Алазань-2М -ის მოხვედრის შედეგად და ამიტომაც აღმოჩნდა ეკიპაჟის დაღუპული წევრების ტანსაცმელზე ტყვიის იოდიდის კვალი (ტყვიის იოდიდს "ალაზნის" რაკეტა ღრუბლებში აფრქვევდა სეტყვასაწინააღმდეგო მოქმედების დროს).
გამოძიების დასკვნის თანახმად, მეტრ-ნახევარი სიგრძისა და რვა კგ მასის "ალაზნის" მოხვედრის შედეგად "პეპელას" ცეცხლი გაუჩნდა და ჰაერში დაშლა დაიწყო, რა დროსაც მფრინავი და ავიატექნიკოსი შვეულმფრენიდან გადმოცვივდნენ და 200-250 მ მანძილზე ჰაერში მოძრაობდნენ, ალბათ, გონებაზე მყოფნი...


ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს კომისიამ დაადგინა, კატეგორიულად არ დაეთანხმნენ მოსკოვში. საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო პროკურატურის ვერდიქტი ასეთი იყო: "ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი უარყოფს იმ დღესა და ადგილას სეტყვასაწინააღმდეგო "ალაზნის" გაშვების ფაქტს, ბალისტიკური ექსპერტიზა გამორიცხავს უმართავი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის შვეულმფრენზე მოხვედრის ალბათობასაც კი და იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზამ დაღუპულების ტანსაცმელზე ვერ აღმოაჩინა ტყვიის იოდიდის კვალი."

ანუ მოსკოვმა თბილისის ვერსია გააცამტვერა, რაც თავიდანვე მოსალოდნელი გახლდათ, რადგან სეტყვასაწინააღმდეგო სამსახური გასამხედროებული ტიპისა იყო, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო კი არაფრის დიდებით არ აღიარებდა სამოქალაქო საფრენი აპარატის ჩამოგდებას და არც პასუხისმგებლობას აიღებდა (რაც საბჭოთა პერიოდში არაერთხელ მომხდარა და კრემლმა სსრ კავშირის დაშლის შემდეგაც ბევრჯერ გაიმეორა - თუნდაც უკრაინის თავზე მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება გავიხსენოთ). რაკეტების სპეციალისტები ვერ დაიჯერებდნენ, რომ ერთადერთი სეტყვასაწინააღმდეგო "ალაზანი", რომელსაც ფრენისას მართვის საშუალებები არ გააჩნია, ჰაერში ასე ზუსტად მოხვდებოდა ათიოდე მეტრი სიგრძის შვეულმფრენს, საკავშირო სასამართლო ექსპერტიზამ კი, ზემდგომი ორგანოების ბრძანებით, დაღუპულთა ტანსაცმელზე ტყვიის იოდიდის კვალზე შეგნებულად დახუჭა თვალი.

ერთი წლის შემდეგ გამოძიების მასალები მოსკოვიდან თბილისში დააბრუნეს. აქ ახალი ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც პირველი ექსპერტიზის დასკვნა გაიმეორა - შვეულმფრენი მართლაც სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის პირდაპირი მოხვედრის შედეგად დაზიანდა და ჩამოვარდა!
ეს დასკვნა გაამყარა იმ საგამოძიებო ექსპერიმენტმაც, რომელიც გომბორის უღელტეხილზე, ბაქანას მე-16 სეტყვასაწინააღმდეგო პუნქტზე ჩატარდა. აქედან შვეულმფრენის ჩამოგდების ადგილამდე პირდაპირი ხაზით 7 კმ იყო, ხოლო ორსაფეხურიანი რაკეტა Алазань-2М-ის ფრენის მაქსიმალური მანძილი 10 კმ-ს აღწევს, ანუ რეალური გახლდათ, ჩამოგდებული შვეულმფრენი რაკეტის მოქმედების ზონაში აღმოჩენილიყო.
ამასთან, სეტყვასაწინააღმდეგო პუნქტში დაათვალიერეს "ალაზნის" გასაშვები დანადგარი, რომლის სასტარტო მექანიზმის მოქმედების სექტორს ემთხვეოდა შვეულმფრენის ფრენის მიმართულება.

ერთადერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ ბლოკირების ავტომატური სისტემა გამორიცხავდა "ალაზნის" რაკეტების თვითნებურ სტარტს, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელი იყო, ადამიანს მექანიკურად მოეხსნა ბლოკირება და ერთი რაკეტა გაეშვა...

მართალია, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო იმ დღეს აღმოსავლეთ საქართველოში გასამხედროებული სეტყასაწინააღმდეგო სამსახურის მიერ ერთი "ალაზნის" გაშვებასაც კი კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ქართველმა გამომძიებლებმა მოიპოვეს სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურის ერთ-ერთი პუნქტის თანამშრომლის, გვარად ჯაჭვაძის ჩვენება, რომელმაც აღიარა, 13 აპრილს ჩვენს პუნქტზე სტუმრად რუსები მოვიდნენ, პატივი ვეცით, დავლიეთ, მერე პუნქტის მორიგე გავიდა და მალე რაკეტის გაშვების ხმაც გავიგეო...

P.S. რა მოიტანა დამატებითმა გამოძიებამ და დაისაჯა თუ არა ვინმე ამ ტრაგედიისთვის? არა, არავინ დასჯილა, რადგან საკავშირო ხელისუფლების ბრძანებით, ეს ავიაკატასტროფა აღმოჩნდა შემთხვევათა საქაღალდეში, რომელსაც ეწერა: "მიზეზი დაუდგენელია. ეს არც იყო გასაკვირი - საბჭოთა გენერლები თავს ხომ არ დაისჯიდნენ იმ განუკითხაობისთვის, რაც მათ გასამხედროებულ სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურში სუფევდა?! ეს საბჭოთა უწყებრივი ორთაბრძოლა სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს (რომელსაც ჩამოგდებული შვეულმფრენი ეკუთვნოდა) პირწმინდად მოუგო "ალაზნის" მეპატრონე თავდაცვის სამინისტრომ.
გოგი
16 აპრილი 2021 20:29
მფრინავი იყო გივი სამხარაძე-ღმერთმა აცხონოს.
გიო
10 აპრილი 2021 20:03
კაი დრო იყო, კაი.
სერგო
04 აპრილი 2021 19:37
მფრინავის გვარი იყო სამხარაძე, მეორის გვარი არ ვიცი, ვერტმფრენი მიფრინავდა საწვავის ასაღებად, იგი არიგებდა აკუმულიატორებს მთის პუნქტებზე,მაგ დროს ამინდი კარგი იყო და არავითარ ზე მოქმედების რაკეტის სროლა არ ყოფილა. სადაც ჩამოვარდა იმ ადგილის ბოლოში, მფრინავებმა, მარმარილოს ქვა დაუდგეს სურათი იყო მხოლოდ სამხარაძის და გვერდით იდო ვერტმფრენის ნამსხვრევი. მფრინავები რომლებიც მაგ ზონაში მოხვდებოდნენ საპატიო წრეს შემოუვლიდნენ ხოლმე. აი ეგ არის სიმართლე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები