შეიარაღებული ჯავშნიანი "ჰამერები" ქართულ არმიაში - კვირის პალიტრა

შეიარაღებული ჯავშნიანი "ჰამერები" ქართულ არმიაში

შარშან, აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სადაზვერვო დანაყოფმა ფოთის ერთ-ერთი ტერმინალიდან რამდენიმე ამერიკული მაღალი გამავლობის ავტომობილი "ჰამერი" გაიტაცა.

მოსკოვმა იმდენი იძახა, - ქართველებს ამერიკა აიარაღებსო, რომ საბრძოლო "ჰამერები", ბოლოს და ბოლოს, საქართველოშიც გამოჩნდნენ

ეს "ჰამერები" მოსკოვში ჩაიყვანეს და სახალხოდ გამოფინეს, როგორც ნაალაფარი, თუმცა ამ მანქანებს ომთან არაფერი აკავშირებდათ. შარშან, ივლისის ბოლოს, ვაზიანში NATO-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო სწავლებაზე პენტაგონმა 80 ერთეულამდე ავტომობილი გამოგზავნა, მათ შორის იყო ეს "ჰამერებიც". სწავლების შემდეგ ფოთის პორტიდან გემით უკანვე წაღებას უპირებდნენ, მაგრამ რუსმა მზვერავებმა დაასწრეს. ამერიკულმა მხარემ მოსკოვს თავისი "ჰამერების" დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

პირველი და ერთადერთი სამხედრო "ჰამერი", უფრო სწორად, HMMW, ქართულ არმიაში 2004 წლის მაისში გამოჩნდა, როდესაც ბათუმიდან გაქცეული ასლან აბაშიძის "ჰამერი" შინაგანმა ჯარმა ჩაიგდო ხელში. ეს "ჰამერი" (იგი შეუიარაღებელ-შეუჯავშნავი იყო) 2004 წლის ცხინვალის ომის დროს კონფლიქტის ზონაში მოძრაობდა.

ნამდვილად კი შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოსაყენებელი შეჯავშნული და შეიარაღებული "ჰამერები" ქართულ არმიაში მხოლოდ ერთი თვის წინ გამოჩნდნენ და მათი "პრეზენტაცია" 30 ივლისს ორფოლოს პოლიგონზე, საველე-ტაქტიკური სწავლების, "ფარი-2009"-ის დროს შედგა.

სწავლებაზე ამ "ჰამერებით" სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მებრძოლებმა სიღრმული სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია ჩაატარეს და პირობით მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ტაქტიკური მარაგის ბაზა. სწავლების სტუმრებისთვის გამოფენილი იყო საბრძოლო ტექნიკა, სადაც ეს "ჰამერი" "კობრასა" და "დრაკონის" გვერდით იდგა. საინფორმაციო დაფაზე ეწერა, რომ ეს არის HMMW-ს M998 მოდელი და, შესაბამისად, აღნიშნული იყო მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. M998 ტიპის მოდელი საბაზისოა HMMW-ებში, ქართული არმიის შეიარაღებაში გამოჩენილი კი M1114 ტიპისაა. იგი HMMW-ების მეორე თაობას განეკუთვნება და გამოირჩევა გაძლიერებული შეჯავშნულობითა და სახურავზე დაყენებული ნახევრად დახურული კოშკურით.

M1114-ის საბრძოლო მასა 4,5 ტონამდეა, 190 ცხ.ძ-ის ტურბოდიზელი და ხუთსაფეხურიანი ავტომატურ გადაცემათა კოლოფი მას მოასფალტებულ გზაზე მაქსიმალური, 125კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

ქართველი სამხედროებისთვის HMMW  M1114 სიახლე ნამდვილად არ არის, რადგან ერაყში სწორედ ასეთი მანქანებით 5 წლის განმავლობაში ქართული არმიის 3 ათასამდე სამხედრომ შეასრულა საბრძოლო დავალება.

M1114-ის კოშკურაზე 7,62 და 12,7მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევების, ავტომატური ყუმბარსატყორცნის ან კიდევ მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის დაყენება შეიძლება, რაც ამ ჯავშანმანქანას უნივერსალურს ხდის.

M1114-ის ალუმინის ჯავშანი ვერ უძლებს ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ HGU-7-ის რეაქტიული ჭურვის კუმულაციურ ქობინს.

ერაყში ქართველი სამხედროების M1114-ების წინააღმდეგ რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა გზის პირას დადებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით. აფეთქებების დროს წარმოქმნილი "დამრტყმელი ბირთვი" ადვილად ხვრეტდა M1114-ის კარის ჯავშანს, რის გამოც დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ჩვენი თანამემამულე.

ამ სტატიის ავტორი შარშან ერაყში სწორედ M1114-ების კოლონით გადაადგილდებოდა, როდესაც ზემოხსენებული მეთოდით პირველი "ჰამერი" აგვიფეთქეს. მაშინ აქტიურად დავსვით საკითხი M1114-ების კარებზე დამატებითი კერამიკული დაცვის ფილების დამონტაჟების თაობაზე, როგორც ეს ამერიკელებს ჰქონდათ. თუმცა მალე აგვისტოს ომი დაიწყო და ერაყიდან ქართული კონტინგენტის სასწრაფოდ ევაკუირება გახდა საჭირო. თუმცა, ჩემი აზრით, უკვე ქართული არმიის შეიარაღებაში გამოჩენილი M1114-ების დამატებით შეჯავშნას აქტუალობა არ დაუკარგავს.