ომში წაგების შემდეგ "კუდიანებზე ნადირობა" იწყება... - კვირის პალიტრა

ომში წაგების შემდეგ "კუდიანებზე ნადირობა" იწყება...

სომხები ყარაბაღის ბოლო ომში წაგებას ქართველების შემდეგ ბრიტანელებსა და გაეროს ბავშვთა ფონდსაც კი აბრალებენ?

ყარაბაღის მესამე ომში დამარცხების შემდეგ სომეხი საზოგადოების ნაწილში ზოგჯერ უკმაყოფილება გაისმის - რუსეთიდან სომხეთის დასახმარებლად გამოგზავნილი სამხედრო დახმარება საქართველოს თავის ტერიტორიაზე რომ გაეტარებინა, აზერბაიჯანს ომს მოვუგებდითო...

ყარაბაღის მესამე, 44-დღიანი ომის დროს ოფიციალურმა თბილისმა აირჩია ყველაზე გამართლებული - ნეიტრალიტეტის გზა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის ტრანზიტი შეაჩერა, რათა არც ერთ ჩვენს მეზობელს პრეტენზია არ გასჩენოდა და შეიარაღებული კონფლიქტის უფრო მძაფრი ესკალაცია არ მომხდარიყო.

თუმცა თუ გულზე ხელს დავიდებთ და სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვთქვათ, რომ 44-დღიანი ომის არც ერთ დღეს მეომარ სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთის შეტანა არ შეჩერებულა, უფრო სწორად, შეჩერდა სამხედრო ტვირთის ტრანზიტი საქართველოს სახმელეთო მარშრუტებით - საავტომობილო გზებითა და რკინიგზით, ამასთანავე, აიკრძალა სამხედრო ტვირთის გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, თუკი საჰაერო გადამზიდავები წინასწარ მიუთითებდნენ ტვირთის სამხედრო დანიშნულებას, მაგრამ ვინ შეამოწმებდა ომის დღეებში ასე გახშირებულ საჰაერო რეისებს თურქეთიდან და ისრაელიდან - აზერბაიჯანის, რუსეთიდან კი სომხეთის მიმართულებით, რომლებსაც სამგზავრო ლაინერები ასრულებდნენ და განაცხადში ეწერათ, რომ სამოქალაქო პირები გადაჰყავთ?

ომის დღეებში რუსეთის ქალაქ მინვოდიდან ერევანში ქართული ცის გავლით ერთი-ორი სამგზავრო "ბოინგი" მაინც გადაიფრენდა და იქ მგზავრები ისხდნენ თუ მოხსნილი სავარძლების მაგივრად 122 მმ-იანი "გრადის" რაკეტების სამმეტრიანი ყუთები ეწყო, ამას "საქაერონავიგაცია" თავისი რადარებით ვერ გაარკვევდა.

უკიდურეს შემთხვევაში შეიძლებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთისკენ მიმავალი თვითმფრინავების თბილისის აეროპორტში შესამოწმებლად დასმა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაშინ უფრო რა შარში გავყოფდით თავს!

ასე რომ, არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს საქართველოს მიმართ პრეტენზიის გამოთქმის მორალური უფლება არ აქვთ, თუმცა ამჯერად სომხური მხარის დიდი უკმაყოფილების მიზეზი ცნობილი ბრიტანული საქველმოქმედო არაკომერციული ორგანიზაცია HALO Trust-იც გახდა, რომელსაც, არ მეტი, არც ნაკლები, აზერბაიჯანული და თურქული სპეცსამსახურებისთვის მთიანი ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას ედავებიან, რამაც, სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანულ არმიას ყარაბაღის თავდაცვის ზღუდეების გადალახვა და მესამე ომში გამარჯვება გაუადვილა.

ეს ბრალდება ძალიან სერიოზულია, რადგან HALO Trust-ს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც პროფესიონალურ, გამნაღმველ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის სპეციალისტების მიერ გაუვნებლებულმა მილიონამდე სხვადასხვა ტიპის ნაღმმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

შორს რომ არ წავიდეთ, HALO Trust -ი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ გამოჩნდა და 1997-2011 წლებში გუმისთაზე, გალში, კოდორის ხეობაში, ცხინვალის რეგიონში 336 ნაღმური ველი განაღმა, 9 788 სხვადასხვა ტიპის ნაღმი და 48 998 აუფეთქებელი ჭურვი, რაკეტა და საავიაციო ბომბი გააუვნებლა (მათი დიდი ნაწილი აგვისტოს ომის დროს შემორჩა), გამნაღმველის სპეციალობით კი ორ ასეულზე მეტი საქართველოს მოქალაქე მოამზადა.

ასე რომ, ჩვენ HALO Trust -ისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და წესით, სომხეთსაც ასეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა, რადგან ყარაბაღის პირველი და ნაწილობრივ მეორე ომის დროსაც ამ რეგიონის ტერიტორია მასშტაბურად დაინაღმა, ძირითადად, სომხური მხარის მიერ თავდაცვითი ზღუდეების ინჟინრული უზრუნველყოფის მიზნით.

ისე როგორც სომეხმა, აზერბაიჯანელმა სამხედროებმაც ჯერ კიდევ ყარაბაღის პირველი ომის დროს დანაღმეს წითელი ხიდის მიმდებარე სასაზღვრო რაიონების მონაკვეთები, მათ შორის - საქართველოს ტერიტორიაზეც (სავარაუდოდ, ტაქტიკური ჩანაფიქრით, რომ მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს დარტყმა საქართველოს ტერიტორიის შემოვლით, ზურგში არ განეხორციელებინათ), მაგრამ იმის გამო, რომ ამ ორ მეზობელ ქვეყანასთან სახელმწიფო საზღვარი ჯერ კიდევ არ გვაქვს მთლიანად დელიმიტირებული და დემარკირებული, კვლავ ბევრი პრობლემა რჩება.

სომხებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ წლების განმავლობაში დანაღმულ ყარაბაღის მისადგომებს აზერბაიჯანის არმიის ჯავშანტექნიკა ვერ გადალახავდა

თვითაღიარებული, სეპარატისტული ყარაბაღის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ბრიტანული HALO Trust-ის მიერ ნაღმური ველების რუკების თურქეთისთვის შესაძლო გადაცემის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

გასაგებია, რომ სტეპანაკერტის ხელისუფლებას"არავინ აღიარებს (სხვათა შორის, არც თავად სომხეთის მთავრობა) და არც სერიოზულად მიიჩნევს ვინმე HALO Trust-ის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სომხეთის საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ოპოზიციაში, მონდომებით ცდილობენ, ომში დამარცხება სხვას გადააბრალონ. როგორც ჩანს, განტევების ვაცად მხოლოდ ფაშინიანი არ ჰყოფნით. ამ სურვილის გამოვლენა იყო გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის სომხეთის ბიუროს ხელმძღვანელის, მარინ კლარკ-ჰატინგისთვის ბრიტანეთისა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობის დაბრალება და მისი ლამის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაც. გაეროს მაღალი რანგის დიპლომატს ერევანი რამდენიმე დღის წინ დაატოვებინეს, თუმცა უფრო უმტკივნეულო საბაბით - თითქოს მისი საქმიანობა სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამებოდა.

გაეროს დიპლომატის, ფაქტობრივად, გაძევება და მსოფლიოში ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის ჯაშუშობის დაბრალება საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის - გაეროს ხელმძღვანელობისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის აღფრთოვანებას არ გამოიწვევდა და სომხეთის ადგილზე სხვა ასეთივე მასშტაბის ქვეყანა რომ ყოფილიყო (თუნდაც საქართველო), საერთაშორისო "ყურის აწევის" მრისხანე პროცედურა დაიწყებოდა (ბოლო დროს სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე - ზოგიერთი ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსის "დამრიგებლური ტონი" ძალიან შორს არის ობიექტურობისგან, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს უსამართლობის შეგრძნებას უმძაფრებს და დასავლეთისადმი ნდობას ასუსტებს), მაგრამ ცნობილი და ძალზე გავლენიანი "სომხური ლობის" ფაქტორი, ალბათ, თავის როლს ასრულებს.

ისე კი, ყარაბაღის მესამე ომში სომხეთის დამარცხებას სამი მთავარი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი, მაგრამ არა პირველი სამხედრო მიზეზი გახლავთ - აზერბაიჯანის არმია მესამე ომისთვის უკეთ მოემზადა და შეიარაღდა.

მეორე მიზეზი ისტორიულია - ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვებული და გაამაყებული მამების ზეიმისთვის პასუხი მათმა შვილებმა აგეს, როდესაც აზერბაიჯანმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო.

და მესამე, უმთავრესი მიზეზი - ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვების უფლება სომხებს ელცინის ხელისუფლებამ მისცა, ყარაბაღის მესამე ომის დაწყებისა და არასაბოლოო გამარჯვების უფლებაც აზერბაიჯანს კრემლმავე უბოძა (ყარაბაღში რუსი სამხედროების შეყვანის სანაცვლოდაც), ოღონდ ამჯერად - პუტინის ხელისუფლებამ, ასე რომ, თუ სომეხი საზოგადოება ახლანდელ დამარცხებაში მთავარ დამნაშავეს ეძებს და `კუდიანებზე ნადირობას~ იწყებს, ალბათ, ჯობს, მზერა თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - რუსეთს მიაპყროს.

ვინ განაღმავს ყარაბაღს...

ამჟამად აზერბაიჯანს არანაკლებ 188 სომეხი სამხედრო ჰყავს დაკავებული, თუმცა მათ სამხედრო ტყვეებად არ თვლის, რადგან ისინი გასული წლის 10 ნოემბრის, ყარაბაღის მესამე ომში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. ბაქო ამტკიცებს, რომ ისინი დივერსანტები არიან, სომხური მხარე კი დაჟინებით მოითხოვს თავისი სამხედროების დაბრუნებას, რასაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ ფაშინიანის მთავრობისთვის უდიდესი შიდაპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შეიძლება ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა უფრო აძლევდეს ხელს, ვიდრე სომხეთის სათავეში კოჩარიანის მეთაურობით "ყარაბაღის კლანის" დაბრუნება, მაგრამ ოფიციალური ბაქო მაინც აჭიანურებს დატყვევებული სომეხი სამხედროების გათავისუფლებას, თუმცა ამის გაკეთება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის (რომლის უკან მსოფლიოს სომხური ლობის გავლენა იგრძნობა) გათვალისწინებით, ამიტომაც ბაქო ცდილობს სარგებელი ნახოს და ერევანს ულტიმატუმს უყენებს - თქვენს სამხედროებს გამოვუშვებთ, თუკი ყარაბაღის რეგიონში წლების განმავლობაში სომხეთის განხორციელებული დანაღმვითი სამუშაობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მოგვაწოდებთ და ყველა დანაღმულ ველსაც გვაჩვენებთო.

აზერბაიჯანის ეს მოთხოვნა გასაგებია, რადგან ყარაბაღისა და მის გარშემო გათავისუფლებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონის ტერიტორიაზე სისტემატურად ფეთქდებიან როგორც აზერბაიჯანელი სამხედროები, ისე - სამოქალაქო პირები, არადა პრეზიდენტმა ალიევმა მსოფლიოს ამცნო, რომ იწყებს გათავისუფლებული ტერიტორიის ეკონომიკურ აღორძინებას და მის ტურისტულ მექად გადაქცევას, ამისთვის კი საჭიროა, ამ მიწაზე ფეხის დადგმის აღარავის ეშინოდეს.