ქართული არმია - ოცი წელი და უფრო მეტი კითხვები... - კვირის პალიტრა

ქართული არმია - ოცი წელი და უფრო მეტი კითხვები...

საქართველოს შეიარაღებული ძალების შუქჩრდილები

როგორ ჩამოყალიბდება საბრძოლო მეგობრობა, როდესაც სამხედრო ნაწილებში ყვავის დაბეზღების ინსტიტუტი?

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი ბევრი რამის მომსწრეა, მათ შორის - ომების, მებრძოლების გმირულად დაღუპვის, ღალატის, უკან დახევის, გამარჯვების სიხარულის, აუცილებელი თუ უაზრო საკადრო ცვლილებების, სამართლიანად დათხოვნისა და არმიიდან უკანონოდ გაყრის, ყაზარმული გარჩევების, კუთხურობის, "დედოვშჩინის", საერთაშორისო სწავლებებით მიღებული ცოდნის, ერთმანეთის დასმენის, ქურდობის, ამბოხებების (ნამდვილის და მოგონილის), დიდი ამბიციების, უცოდინარობის, მშიშრობის, მლიქვნელობის, გაუბედაობის, ცხრა მთას იქით ქართული სისხლის დაღვრის, საკუთარი მოსახლეობის მტრის პირისპირ მიტოვების და მერე სხვებზე გადაბრალების...

ერთი სიტყვით, ამ ოცი წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ განვლო იგივე გზა, რაც მთლიანად ქვეყანამ.

ქართული არმიის ავტორიტეტიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ იცვლება. არმიის შექმნისას (1991-1992წ.წ.) სამხედროფორმიანი ახალგაზრდა საზოგადოების სიმპათიას იწვევდა, თუმცა აფხაზეთის ომის დროს და განსაკუთრებით - დამარცხების შემდეგ ფორმიანი კაცი ანტიგმირი გახდა, რაც მხოლოდ ქართული არმიის ბრალი არ იყო.

2004 წლამდე ქართული არმიის იმიჯი ძალაუნებურად დაკავშირებული იყო მშიერ და ჯარში ძალით წაყვანილ, ჩამოხეულფორმიან ჯარისკაცთან.

"ვარდების რევოლუციით" მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ მართლაც შეძლო ამ იმიჯის შეცვლა, მაგრამ როგორც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვანახა, ეს ცვლილება მაინც უფრო ზედაპირული ყოფილა.

როგორც აღმოჩნდა, თურმე კარგად ჩაცმული და აღჭურვილი არმია სულაც არ უზრუნველყოფს გამარჯვებას, როგორც ეს ხელისუფლებაშიც ბევრს ეგონა. მთავარი მაინც ცოდნა, სწორი მართვა და საბრძოლო სულისკვეთებაა. სწორედ ეს სამი ნიუანსი მოიკოჭლებდა აგვისტოს ომში, რის გამოც იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი მტერს ჩავაბარეთ...

აგვისტოს ომიდან თითქმის სამი წლის თავზე ქართულმა არმიამ, ფაქტობრივად, ახალი სახე მიიღო და ახლა მისი ერთმნიშვნელოვნად კარგად ან ცუდად შეფასება გაჭირდება.

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სტრუქტურაა ქვეყანაში, ერთი შეხედვით, სამხედრო უწყებას თავისი საიდუმლოებები აქვს, მაგრამ მისი მთლიანი მოწყვეტა საზოგადოებისგან ადრე თუ გვიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას. საზოგადოებამ (და შეიძლება სახელმწიფოს პირველმა პირებმაც) უკვე აღარ უწყიან, რა ხდება სრულიად ჩაკეტილი სამხედრო სტრუქტურის შიგნით. ამას დემოკრატიულ ქვეყნებში არმიაზე სამოქალაქო კონტროლს ეძახიან, რაც საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

სამოქალაქო კონტროლის უქონლობის გამო კი თავდაცვის უწყების შიგნით მომხდარი საწესდებო თუ საკადრო დარღვევები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, თუკი რომელიმე დაზარალებული არ გაბედავს ამაზე ლაპარაკს (ამის ძალზე იშვიათი შემთხვევაა ოფიცერ ბადრი ხითარიშვილის საქმე, რომელსაც ეყო გამბედაობა და საზოგადოებას აუწყა იმ არაკანონიერ მოქმედებებზე, რომელიც მის მიმართ მეოთხე ბრიგადის მეთაურმა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ განახორციელეს).

საზოგადოებაში დღევანდელ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებზე ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. თუნდაც ის, რომ ბევრ კონტრაქტით მომსახურეს აღარ სურს ამ კონტრაქტის  გაგრძელება, მაგრამ საბანკო ვალებით შეწუხებული, იძულებულია, ეს გააკეთოს.

როგორ გგონიათ, ასეთი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იქნება? ან რას იზამს ის კაპრალი, სერჟანტი, ან თუნდაც ოფიცერი, რომელსაც ბრძოლამდე რამდენიმე ხნით ადრე მეთაურმა პლაცზე ასობით და ათასობით ადამიანის თვალწინ აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა? რომელი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზეა ლაპარაკი, თუკი არმიის საქმიანობას  სამხედრო პოლიცია წარმართავს? როგორ ჩამოყალიბდება საბრძოლო მეგობრობა, როდესაც სამხედრო ნაწილებში ყვავის დაბეზღების ინსტიტუტი? რომელ სამხედრო კარიერაზე იფიქროს ახალგაზრდა ოფიცერმა, როდესაც ხედავს, როგორ აწინაურებენ ახლობლებსა და "დაბეზღების ინსტიტუტის წარჩინებულებს"?

ამ სტატიის ავტორი ქართულ არმიაში თითქმის მისი დაარსებიდან მსახურობდა და მისთვის სულერთი ნამდვილად არ არის, რა ხდება დღეს 20 წლის ქართულ შეიარაღებულ ძალებში. ცუდი ის არის, რომ თავდაცვის უწყებაში კრიტიკას აღიქვამენ, როგორც მტრობას, ან უფრო უარესს - როგორც ქვეყნის ღალატს.

ჩვენი ქვეყნის მტრებს, სამწუხაროდ, უკვე ჩვენივე ტერიტორიები აქვთ დაპყრობილი და ალბათ, აჯობებდა, მათგან წამოსული საფრთხის განეიტრალებაზე უფრო გვეფიქრა, რათა 2008 წლის აგვისტო არ განმეორდეს...