ინდოეთში შერცხვენილი რუსული "მიგი" - კვირის პალიტრა

ინდოეთში შერცხვენილი რუსული "მიგი"

ინდოელმა გენერლებმა კრემლი "განაღდებული" 10,5 მლრდ დოლარის გარეშე დატოვეს, რასაც შეიძლება ფირმა МиГ-ის დასამარება მოჰყვეს...

ლიბიაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო კრემლმა დაახლოებით 4 მლრდ დოლარი დაკარგა -  უახლოეს წლებში სწორედ ამ თანხის რუსული შეიარაღების სხვადასხვა სახეობა უნდა მიეწოდებინა მოსკოვს კადაფის რეჟიმისთვის.

რუსეთის ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ამ დანაკარგის მიუხედავად, იარაღის ბაზარი ინდოეთში შეუფერხებლად იმუშავებდა. ამაზე მეტყველებდა უახლესი ისტორიაც - ინდოეთი ბოლო წლებში რუსული შეიარაღების მთავარი იმპორტიორი გახლდათ.

ამიტომაც კრემლი უკვე დარწმუნებული იყო მორიგი, ინდური საავიაციო ტენდერის მოგებაში, რომელიც ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის 10,5 მლრდ დოლარის ღირებულების 126 მრავალდანიშნულების გამანადგურებელი თვითმფრინავის მიყიდვას გულისხმობდა.

ჯერ კიდევ 2007 წელს გამოცხადებულ ინდურ ტენდერში ცნობილი საავიაციო ფირმები ეპაექრებოდნენ ერთმანეთს - ამერიკული "ბოინგი" FiA-18 Super hornet-ით და "ლოქჰიდ მარტინი" F-16IN-ით, ფრანგული "დასო" Rafael -ით, შვედური "სააბი" Jas-39 Gripen-ით, ევროპული კონსორციუმი "ევროფაიტერი"  EF -2000 Typhoon-ით და რუსული "მიგი" - МиГ-35-ით.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, ინდოელ სამხედროებს 18 თვითმფრინავი მიაწოდოს, დანარჩენი 108 კი ინდოეთში უნდა აიწყოს ამ ფირმის ტექნოლოგიით.

თუკი რუსული "მიგი" ამ ტენდერში გაიმარჯვებდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 72 ცალი МиГ-35-ის შეკვეთას თავისთვისაც აპირებდა ინდოელებისგან მიღებული მოგების ხარჯზე.

საქმე ის არის, რომ ინდურ ტენდერში წარდგენილი რუსული МиГ-35-ის საცალო ფასი დაახლოებით 40 მლნ დოლარი იყო. რუსეთის შიდა ბაზრისთვის ეს უზარმაზარი თანხაა და ამ ფასად "მიგს" რუსი გენერლები არ შეისყიდიან. სამაგიეროდ, თუკი ინდოეთისთვის 126 თვითმფრინავს დაამზადებდნენ, შიდა ბაზრისთვის მისი თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაიკლებდა. მეორე მხრივ, სწორედ ეს ფასი - 40 მლნ დოლარი - აიმედებდა რუსულ მხარეს, რომ ტენდერში გაიმარჯვებდა, რადგან ერთ-ერთი კონკურენტის, ფრანგული ღაფალე-ის ღირებულება 80 მლნ დოლარს აღწევდა...

კრემლის იმედები არ გამართლდა. ტენდერის მეორე ტურში ინდოელებმა მხოლოდ ევროპული "ტაიფუნი" და ფრანგული "რაფალი" გაიყვანეს, ხოლო რუსები, ისევე, როგორც ამერიკელები, კუდამოძუებული გამოუშვეს.

ამერიკელებიც განაწყენდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით, რუსებს უფრო დიდი პრობლემები ელით. ამერიკული FIA-18 და F-16-ების მყიდველი მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც მოიძებნება, რუსული "მიგის" მზე კი შეიძლება საბოლოოდ ჩაესვენოს. ორი წლის წინ ალჟირმა მოსკოვს უამრავი დეფექტის გამო უკან დაუბრუნა შესყიდული МиГ-29-ები, რის შედეგადაც "მიგის" ფირმამ მილიონობით ზარალი ნახა.

თავად რუსი სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო "მიგის" ფირმა საერთოდ გაქრეს და ის კორპორაცია "სუხოის" შეერწყას...